მარეგულირებელმა აფბას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

14.01.2011 | ნანახია 804-ჯერ



მარეგულირებელმა აფბას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა„ლეიბორისტებს დავასწარით\"

მობილური კავშირის ტარიფის ზედა ზღვარი არ ემყარება რეალურ გათვლებს და კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში

„მარეგულირებელს ამდაგვარი ჩარევა ბაზარზე არ უნდა სჭირდებოდეს\"
 
14 იანვარს ახალგაზრდა ფინანსისტებმა სასტუმრო „ძველი მეტეხის\" საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართეს. მას აფბას პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი უძღვებოდა.
აღინიშნა, რომ მარეგულირებელმა უსაფუძვლოდ თქვა უარი აფბას სარჩელის განხილვაზე, თუმცა ტარიფის კვლევის შედეგებით და ახალი ზედა ზღვრულ ტარიფად 24 თეთრის დადგენით, ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ახალგაზრდა ფინანსისტების სარჩელის ყველა მოთხოვნა სამართლიანი იყო.
„ჩვენ დღეს მოგიწვიეთ ბრიფინგზე, რათა გაგაცნოთ, რომ ჩვენი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებულია და აფბამ მიაღწია მიზანს სამართლიანი ტარიფებისათვის ბრძოლის გზაზე. ჩვენ დღევანდელი ბრიფინგით დავასწარით ლეიბორისტებს, რომლებიც ამ „წარმატებას\" უეჭველად მიიწერენ, როგორც ეს ადრე არაერთგზის მომხდარა. თუმცა, მთავარია შედეგი, რომელიც მიღწეულია\", - აღნიშნა ჯანიაშვილმა.
„ის ფაქტი, რომ სახელმწიფო ორგანო ბაზარზე ფასის დადგენაში ერევა, რა თქმა უნდა, არასასურველი მოვლენაა და პრინციპში მიუღებელიც. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თავისუფალი ბაზრის პრინციპები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ბაზარი მართლაც თავისუფალი და კონკურენტულია. დღევანდელი ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებული სიტუაცია ძნელია შეფასდეს, როგორც ჯანსაღი კონკურენცია. ამას ბევრი კომპონენტი განაპირობებს. კომპანიების საქმიანობის დასაშვები გამჭირვალობის ფარგლებიც, მეპატრონეთა ვინაობის მისაწვდომობის თემაც, მეპატრონეთა ცვლის პროცესის არასაკმარისი ღიაობაც და გარკვეული ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციაც, რომლის თანახმადაც ერთ-ერთ კომპანიას საგადასახადო უწყების მიერ ჯარიმად დარიცხული 100 მილიონზე მეტი ლარი ”ჩამოეწერა”. მარეგულირებელმა მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს, რომ ბაზარზე უხეში ჩარევა მოუხდა, რადგან უკვე წლებია იგი თვალს ხუჭავდა კომპანიების უკონტროლო ქმედებებზე. ამიტომ, ასეთი წინაპირობების არსებობის გამო, აფბა მიესალმება კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებას მობილური ოპერატორებისთვის ტარიფზე ზედა ზღვრის დადგენის შესახებ. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი აფბას „ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევის\" რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტითაც იყო გათვალისწინებული, რომელიც რამდენიმე თვის წინ ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა\", - ხაზი გაუსვეს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა.
მარეგულირებლის დასკვნით, \"მაგთის\" ხარჯი 1 წუთზე გაანგარიშებით 17,1 თეთრს შეადგენს, ხოლო \"ჯეოსელის\" - 18,5 თეთრს. მაშინ, როცა \"ჯეოსელის\" ქსელში 1 წუთის ღირებულება 28,8 თეთრი, ხოლო \"მაგთის\" ტარიფი 32 თეთრია. ამ ხარჯში ყველა გადასახადი და მოგებაა გათვალისწინებული. გამოდის, რომ „მაგთი\" გარე ზარებზე ფაქტობრივად 87%-იან მოგებას ღებულობს, ხოლო „ჯეოსელი\" - 55%-იანს. აღსანიშნავია, რომ კომისიის მიერ დათვლილ ტარიფში ჩადებულია აქციზის 10%-იანი გადასახადიც, რომელიც 2010 წლის სექტემბერში დაუწესდათ მობილურ ოპერატორებს. ე.ი. გასული წლის სექტემბრამდე კომპანიების მოგება გაცილებით დიდი იყო. კომისიას ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად 15 წელი დასჭირდა, ამ დროის მანძილზე კი კომპანიები რომ ძალიან მაღალ, ფაქტობრივად ზემოგებაზე მუშობდნენ და მოსახლეობას არაადეკვატური ტარიფის გადახდა უხდებოდა მობილურით სარგებლობისას, უკვე ოფიციალურად დადასტურდა. 
აფბა ეთანხმება კომისიის მიერ გაკეთებულ დასკვნებს, თუმცა მიიჩნევს, რომ კომისიის ქმედებები ზედმეტად რბილია. „თუ კვლევით დასტურდება, რომ კომპანიები 50-90%-იან მოგების მარჟაზე მუშაობდნენ, დღესაც აგრძელებენ იგივეს და ოპტიმალურ ტარიფთან შედარებით ფაქტობრივად 2-ჯერ მეტს ახდევინებენ მოსახლეობას, მაშინ რატომ დააწესა კომისიამ 24 თეთრიანი ზედა და არა ვთქვათ, 20 თეთრი, რომელიც, ჩვენი აზრით, უფრო სამართლიანი ტარიფი იქნებოდა\", - ამბობს ჯანიაშვილი.
აფბას წევრები შენიშნავენ, რომ ასეთი დასკვის საფუძველზე ევროპაში ან ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში კომპანიები სოლიდურ ჯარიმას ვერ გადაურჩებოდნენ. მაგალითისთვის მათ რამდენიმე ცნობილ ბოლოდროინდელ ფაქტი მოჰყავთ. 
ევროკომისია, ანტიმონიპოლიური კანონის დარღვევის გამო, თხევადკრისტალური პანელების მწარმოებელ კომპანიებს დიდი ფულადი კომპენსაციის გადახდას აკისრებს. LG Display-ის, Chi Mei Optoelectronics-სა და კიდევ სამი კომპანიას სამომხმარებლო მოწყობილობების (რომლებშიც გამოიყენება თხევადკრისტალური პანელი) მაღალი ფასის ხელოვნურად შენარჩუნებაში დასდო ბრალი. წინასწარი ინფორმაციით, მწარმოებლებს, საერთო ჯამში, 600-დან 700 მლნ ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ. ცნობილია, რომ Chi Mei Optoelectronics ყველაზე დიდი თანხის გადახდა დაეკისრა, თუმცა ზუსტი ციფრები ჯერ არ სახელდება.
ამასთან, 2010 წლის აგვისტოში, ნიუ-იორკის მთავრობამ LG Display-ის, Chi Mei Optoelectronics-ს, AU Optronics-ს, CMO Japan-ს, Hitachi-ს, Samsung Electronics-ს, Sharp-სა და Toshiba-ს 1996 წლიდან 2006 წლამდე მაღალი ფასების ხელოვნურად შენარჩუნებაში დასდო ბრალი. ნიუ-იორკის პროკურატურა აპირებს განსასჯელებს ფულადი კომპენსაცია გადაახდევინოს.
აქედან გამომდინარე, ახალგაზრდა ფინანსისტები მოითხოვენ ფიჭური კავშირის კომპანიებისთვის გარკვეული სანქციების დაწესებას.
აფბა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ დასაწყისია იმ პროცესის, რაც საქართველოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზარზე უნდა მოხდეს. მსოფლიო მასშტაბით ყოველწლიურად იკლებს მობილურზე საუბრის ტარიფი და შესაბამისად ეს ტენდენცია ჩვენს ქვეყანაშიც უნდა გაგრძელდეს. აფბა მოუწოდებს მობილურ ოპერატორებს ფეხი აუწყონ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს და ტარიფები თავიანთი ნებით შეამცირონ. ვინც არ უნდა იდგეს ამ კომპანიების უკან და ვინც არ უნდა ლობირებდეს მათ, ელემენტარული ბიზნეს-ეთიკა მოითხოვს, ისინი არ კარნახობდნენ მარეგულირებელს, რომელი მეთოდით უნდა დაითვალონ და დაადგინონ ტარიფი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წევრებმა კიდევ ერთხელ გამოვთქვეს პროტესტი კავშირგაბმულობის მარეგულირებელი კომისიის მისამართით, რომელმაც არ დააკმაყოფილა მათი სარჩელი, თუმცა თავისი ამ გადაწყვეტილებით ფაქტობრივად აღიარა ჩვენს სარჩელში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა, გადაწყვეტილების მიღებისას კი ჩვენ სარჩელის თაობაზე კრინტი არ დაუძრავს. „ჩვენ არც გვინდოდა და არც მომავალში ვიოცნებებთ დიდების ”დაფნაზე”. მთავარია შედეგი, რომელიც სამწუხაროდ არ არის სრული და ადექვატური\",- მიუთითებენ ისინი.
აფბა ჟურნალისტებს და საზოგადოებას, რომ ისინი კვლევას ამ მიმართულებით კვლავ გააგრძელებენ, შესაბამისად, შედეგებსაც წარუდგენენ საზოგადოებას. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ ფიჭური კავშირგაბმულობა და მისი პროდუქტი დღეს არ არის ფუფუნების საგანი ან მომსახურება მდიდართათვის, ის უკვე ჩვენი თანამოქალაქეების საარსებო საშუალებათა რიგშია და მასზე საბაზისო ტარიფი არ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი მსოფლიოში\",- აღნიშნა აფბას პრეზიდენტმა.