თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია

23.07.2015 | ნანახია 1565-ჯერ



თბოსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება ადეკვატურია

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“ ეხმაურება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებას თბოელექტროსადგურებისთვის ტარიფის გაზრდის თაობაზე.

ენერგეტიკის საკითხებში „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, სემეკის გადაწყვეტილება თბოსადგურებისთვის ტარიფის კორექტირების თაობაზე ადეკვატური და გარდაუვალი იყო, რაც გამოწვეულია ბოლო დროს დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებით.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო დროს დოლარის გამყარების ფონზე თბოელექტროსადგურებს ბუნებრივი აირის შესასყიდი ფასი გაეზარდათ, რამაც გარდაუვალი გახადა მათი მოთხოვნა ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით.

სემეკმა მიიღო დადგენილება, რომლითაც მათი მოთხოვნა  დაკმაყოფილდა და ტარიფი ნაწილობრივ დაკორექტირდა, ვფიქრობ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სემეკის მხრიდან სრულიად ადეკვატურია, გამომდინარე იქედან, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში თბოსადგურებს მუშაობის შეწყვეტა მოუწევდათ, რაც თავის მხრივ ენერგეტიკული სისტემების მდგრადობას და საიმედოობას ეჭვქვეშ დააყენებდა. ასევე ეჭვქვეშ დადგებოდა თბოსადგურების მფლობელი კომპანიების არსებობის საკითხი გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიები პრაქტიკულად ვეღარ განახორციელებდნენ ელ.ენერგიის გენერაციას და სისტემაში მიწოდებას“,  - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ანალიტიკომა ხაზი გაუსვა საქართველოს ენერგოსისტემის სამომავლო განვითარების ხედვებს და აღნიშნა, რომ ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და გარდაუვალია საქართველოში არსებული ჰიდრორესურსების და ახალი ჰიდროენერგეტიკული, მათ შორის დიდი პროექტების განხორციელება.

„საქართველოს ენერგოსისტემის განსავითარებლად ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი ტემპებით დავიწყოთ იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძალიან მდიდარი ქვეყანაა თავისი წყლის რესურსებით, რაც დაახლოებით 40 მლრდ. კვტ/სტ-ის ეკონომიკურად სრულიად რენტაბელური რესურსია. რა თქმა უნდა, ჰესების მშენებლობის საკითხი საზოგადოებაში პოპულარული არ არის, თუმცა აუცილებელია პრაგმატული და მიზანშეწონილი ენერგოსექტორის განვითარების სტრატეგიის არსებობა, ასევე ვფიქრობ, რომ სახელმწიფო ინტერესი არის ყველაზე და ყველაფერზე მნიშვნელოვანი“, - აცხადებს გვიდიანი.