ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

24.07.2015 | ნანახია 1570-ჯერ



ტარიფების სტაბილურობისთვის აუცილებელია დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - „აფბა“ ეხმაურება ტარიფების კორექტირებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს და ხელისუფლებას რეკომენდაციით მიმართავს.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც თბოელექტროსადგურებს გენერაციის ტარიფი გაეზარდათ. ტარიფის ზრდა თავიდან ბოლომდე გამოწვეულია ლარის მიმართ დოლარის გამყარებით, რამაც ბუნებრივია  თბოსადგურებისთვის მთავარი საწარმოო ნედლეულის (თბოსადგურის ძირითადი ხარჯი არის ბუნებრივი აირი დაახლოებით 90%) ბუნებრივი აირის შესასყიდი ღირებულება გააძვირა. ბუნებრივია აღნიშნულმა კორექტირებამ სამომხმარებლო ტარიფზეც  გავლენა იქონია და რეგიონებისთვის ტარიფი 3,95 თეთრით გაიზარდა.

ენერგეტიკის საკითხებში „აფბას“ ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით საქართველოს ჰიდრორესურსების ათვისებით აბსოლუტურად რეალურია მიღწეულ იქნას საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა.

„მომავალში ენერგოუსაფრთხოებისა და ზოგადად ენერგოსექტორის განსავითარებელად მნიშვნელოვანია იმ ჰიდრორესურსების ათვისება, რაც საქართველოს გააჩნია. საბედნიეროდ გვაქვს საკმაოდ დიდი წყლის რესურსები, რომლის რაციონალურად ათვისების საშუალებით სრულიად რეალისტურია საქართველოს ელექტროენერგეტიკული დამოუკიდებლობა. საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პოტენციალი 80 მლრდ/კვტ-საათია საიდანაც 40 მილიარდის რესურსის ათვისება ეკონომიკურად სრულიად გამართლებული და რენტაბელურია. ჩვენი რესურსები დადგმული სიმძლავრეების კუთხით ჰიდროენერგეტიკაში 15,500 მეგავატია საიდანაც სამწუხაროდ მხოლოდ 2800 მგვტ ენერგიის პოტენციალია ათვისებული რაც სრული რესურსის მხოლოდ 18%-ს შეადგენს.“- აცხადებს გვიდიანი

ანალიტიკოს განცხადებით, ასევე, მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიუხედავად გააძლიეროს ახალი ჰიდროელექტროსადგურების მათ შორის დიდი სადგურების მშენებლობისთვის მუშაობა.

„საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დიდი მარეგულირებელი ჰესების მშენებლობა, როგორბიცაა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, ნამახვანი ჰესების კასკადი და ა.შ. როგორც მოგეხსენებათ საქართველო ზამთრის პერიოდში დამოკიდებულია იმპორტზე, ამას ემატება თბოსადგურების გამომუშავებული ენერგია, რომელსაც მთლიან გენერაციაში 20% უჭირავს და გენერაციისთთვის მათი ძირითადი ნედლეული ბუნებრივი აირია, რომელსაც ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან ვყიდულობთ. ამიტომ კარგი იქნება, თუ მიუხედავად ბევრი არაპოპულარული ნაბიჯისა, განსაკუთრებით მხსვილ პროექტებთან დაკავშრებით, ხელისუფლება გააქტიურებს მუშაობას ჰიდროენერგეტიკული რესურსების ასათვისებლად“, - აცხადებს „აფბას“ ანალიტიკოსი ენერგეტიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი.