როგორ ჩამოართვეს კანონიერ მესაკუთრეს ორთაჭალაჰესი და ჟინვალჰესი

28.07.2015 | ნანახია 1231-ჯერ



 როგორ ჩამოართვეს კანონიერ მესაკუთრეს ორთაჭალაჰესი და ჟინვალჰესი

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბამ“ შეისწავლა წინა ხელისუფლების პირობებში „ორთაჭალჰესის“ და „ჟინვალჰესის“ კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმევის ქეისები. შპს „ორთაჭალენერჯი“, რომელიც 1994 წლიდან იჯარის და ლიზინგის ხელშეკრულების შესაბამისად მართავდა სახელმწიფო ქონებას, - ორთაჭალაჰესს 2008 წლის ბოლოს, საიჯარო ვადის ამოწურვამდე 11 წლით ადრე, კანონმდებლობის უხეში დარღვევით გააძევეს ობიექტიდან.

კერძოდ, კი მეიჯარე სახელმწიფო კომპანიამ „ორთაჭალჰესი 2007“-მა (მესაკუთრე ბენეფიციარი საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო) „ორთაჭალენერჯის“ ცალმხრივად შეუწყვიტა იჯარა, რისი უფლებაც არ ჰქონდა „იჯარის შესახებ“ კანონის თანახმად, მით უფრო, რომ ამ შემთხვევაში მოქმედებდა ლიზინგი - ფინანსური იჯარა, ანუ იჯარა -გამოსყიდვის ერთგვარი ფორმა და კომპანიას ობიექტზე გაწეული ჰქონდა რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია.

საკითხს დამატებით ამძაფრებს ისიც, რომ იჯარის შეწყვეტის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, იმავე „ორთაჭალაჰესი 2007“-ის მოთხოვნით, შედგა ახალი შეთანხმება (დამატება არსებულ ხელშეკრულებაზე), რომელიც იჯარის ღირებულების გასამმაგებას ითვალისწინებდა და იქვე ითვალისწინებდა პირობასაც, რომ ეს  მომდევნო 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლებოდა.

ძალადობრივი გზით იჯარის შეწყვეტამდე ეკონომიკის სამინისტრომ (მინისტრი - ლაშა ჟვანია) სწრაფადვე გასაყიდად გამოიტანა მისივე შპს - „ორთაჭალჰესი 2007“, კომპანია, რომლის ბალანსზეც ირიცხებოდა ორთაჭალჰესი. აუქციონზე, როგორც მოსალოდნელი იყო, გამოჩნდა ერთადერთი და უალტერნატივო მყიდველი - ჩეხური კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“, რომლის ქართულ ბაზარზე შემოსვლა და საქმიანობაც მჭიდროდ უკავშირდება ექსპრემიერ ზურაბ ნოღაიდელის სახელს. „ენერგო პრომ“ ეს აქტივი – რეალური სიმძლავრით 14 მეგავატიანი ჰესი, საოცრად მაღალ ფასად - 25 000 000 აშშ დოლარად შეიძინა (პირვანდელი ღირებულება მხოლოდ შვიდასი ათასი ლარი იყო) და ამით გენერაციის სექტორში უპირობო მონოპოლისტად იქცა. რა თქმა უნდა, სადავო პროცესში ჩათრეულმა „ორთაჭალენერჯიმ“ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხელმძღვანელობა წერილობით, ოფიციალურად გააფრთხილა, რომ გასაყიდ ობიექტთან დაკავშირებით, სასამართლო დავა მიმდინარეობდა და კეთილსინდისიერ მყიდველად ვერ ჩაითვლებოდა, თუმცა ეს ფაქტორი „ენერგო-პროსთვის“ დამაბრკოლებელი არ აღმოჩნდა.

საბოლოო ჯამში, შეიქმნა ვითარება, როცა დასახული ამოცანის შესასრულებლად სახელმწიფოს რამდენიმე უწყება ორგანიზებულად ჩაება დანაშაულებრივ სქემაში, რის შედეგადაც კანონიერად მომუშავე კომპანია ძალადობრივად ჩამოაშორეს ენერგოობიექტს და იგი ლანგარზე მიართვეს „ენერგო–პროს“.

                იგივე სცენარი გხვდება „ჟინვალჰესთან“ დაკავშირებითაც, ყველაფერი კი 2005 წელს „ჟინვალჰესის“ გენერალური დირექტორის ჩაჩხიანის ფინანსურ პოლიციაში დაბარებით დაიწყო. ბრალდება რომელზედაც ედავებოდნენ ჩაჩხიანს საკმაოდ აბსურდული იყო, თითქოსდა კომპანიას  სახელმწიფო ბიუჯეტში ქონდა მეტი ჩარიცხვა და ამით აზარალა საზოგადოება.

ამის შემდეგ კი მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა, 2005 წლის 13 იანვარს „ჟინვალჰესის“ წილების გადასაფორმებლად მათსავე ოფისში მიდიან ფინანსური პოლიციის წარმომადგენლები, ერთ–ერთი ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსანი ვინმე კვერნაძე, ასევე მათ თან ახლდათ ეკონომიკის სამინისტროს ნოტარიუსი, რომელმაც კომპანიის კუთვნილი 51 %–ნი წილი ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე უკანონოდ გადაიტანა.

 „აფბა“ მიიჩნევს რომ უნდა დაჩქარდეს გამოძიება და ყველა პირი გამოვლენილი იქნას ვინც მონაწილებოდა ქონების უკანონო და ძალისმიერ ჩამორთმევაში, ეს კონკრეტული ქეისები ნათლად ასახავს წინა ხელისუფლების უხეშ და უკანონო ჩარევას ბიზნეს სექტორში.