აფბა: მარტოხელა და შშმ პენსიონერთა ინტერესების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილება, სამართლიანია

30.07.2015 | ნანახია 1536-ჯერ



აფბა: მარტოხელა და შშმ პენსიონერთა ინტერესების დასაცავად მიღებული გადაწყვეტილება, სამართლიანია

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“ მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველთა სიიდან  ამოვარდნილი მარტოხელა და შშმ პენსიონერთა ინტერესების დასაცავად მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სამართლიანი მიდგომის გამოხატულებაა.

მთავრობის გადაწყვეტილების თანახმად, გაიზარდა მარტოხელა და შშმ პენსიონერთა საჭიროების ინდექსი და შედეგად, სოციალური დახმარების პროგრამიდან დროებით ამოვარდნილი კონტიგენტი კვლავ ჩაჯდა პროგრამაში და ასევე მათზე, წინა თვეებში ვერმიღებული სოციალური დახმარება, კომპენსაციის სახით ერთიანად გაიცემა.

ცნობილია, რომ სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის შეფასების ახალმა პროგრამამ, რომელიც მაისიდან ამოქმედდა, შესაძლებელი გახდა, მრავალსულიანი და მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებების უფრო ნათლად წარმოჩენა და შესაბამისად, მათი საჭიროებების უკეთესად გაანალიზების საშუალებაც გაჩნდა.

ახალი მეთოდოლოგიის ამოქმედებას მოჰყვა ხარვეზი, რამაც მარტოხელა და შშმ პენსიონერთა ნაწილის პროგრამის მიღმა დატოვება გამოიწვია. მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ კი ამ კონტიგენტისთვის საჭიროების ინდექსის გაზრდის შესახებ, უზრუნველყო ამ ხარვეზის აღმოფხვრა, მათი პროგრამაში აღდგენა და  განაცდური თვეების ანაზღაურება.

აფბა მიიჩნევს, რომ სოციალურად დაუცველთა მდგომარეობის შეფასებისას მთავარია დაცული იყოს სამართლიანობა და პროცესი გაიმიჯნოს პოლიტიკური კონიუნქტურისგან.

აფბას ნიშანდობლივად მიაჩნია ის ფაქტი, რომ 2012 წლის არჩევნებამდე პერიოდში სოციალური დახმარების მიმღებთა სტატისტიკა ცვალებადი და მზარდი ტენდენციით ხასიათდებოდა და როგორც წესი, ყველაზე მაღალ ნიშნულს არჩევნების წინა თვეებში აღწევდა, რაც ტოვებს გონივრულ ეჭვს, რომ სოციალური დახმარების პროგრამებს ხელისუფლება პოლიტიკური ლოიალობის მოსაპოვებელ ბერკეტად იყენებდა.

აფბას მიღწევად და წარმატებად მიაჩნია, რომ სოციალური პროგრამების მიმდინარეობას აღარ აქვს პოლიტიკური საფანელი და სოციალური მდგომარეობის შეფასებისას განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებები ორიენტირებულია იმ ადამიანების და ოჯახების რეალურ იდენტიფიკაციაზე, ვინც ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას სახელმწიფოსგან.

კონკრეტულ შემთხვევაში კი, აფბა მიესალმება მთავრობის სწრაფ რეაგირებას დაშვებულ  ცდომილებაზე და სამართლიანად მიიჩნევს, რომ მარტოხელა და შშმ პენსიონერების საჭიროების ინდექსის გაზრდით ისევ მოხდება სოციალურ დახმარების პროგრამაში მათი დაბრუნება.