აფბა: კონკურენციის სააგენტომ, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს

6.07.2016 | ნანახია 1507-ჯერ



აფბა: კონკურენციის სააგენტომ, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი, ეხმაურება ავტოგაზის ბაზარზე არსებულ არაჯანსაღ კონკურენტულ გარემოსა და აღნიშნულ ბაზარზე აზერბაიჯანული „სოკარის“ სახით, შექმნილი დომინანტური მდგომარეობის საფრთხეებს.

ანალიტიკოსის განცხადებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, ბუნებრივი აირის ბაზარზე, „სოკარის“ სახით, ერთი მონოპოლისტი მომწოდებელი ოპერირებს, რაც ბუნებრივია, აზარალებს ბაზარზე კონკურენტული გარემოს ფორმირებას და რა თქმა უნდა, ქართველ მომხმარებლებს.

 „დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის ბაზარზე, აზერბაიჯანული „სოკარის“ სახით, მხოლოდ ერთი მომწოდებელი არის წარმოდგენილი. რა თქმა უნდა, აღნიშნული ვითარება ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას ხელს უშლის, რითაც ზარალდება ზოგადად, ბუნებრივი აირის ბაზარი და რასაკვირველია, ქართველი მომხმარებელი. „სოკარის“ მონოპოლისტური მდგომარეობის შესახებ, არაერთხელ გაჟღერებულა, თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ჯეროვანი და ქმედითი ნაბიჯები არასოდეს გადადგმულა. რამდენადაც, წლების მანძილზე არ არსებობდა კონკურენციის შესახებ დახვეწილი კანონმდებლობა და არც ანტიმონოპოლიური სამსახური. შესაბამისად, მივედით იქამდე, რომ ჩვენი ბაზრები, მონოპოლისტებისგან და არაკეთილსინდისიერი მოთამაშეებისგან სრულიად დაუცველი აღმოჩნდა“, - აცხადებს ანალიტიკოსი.

„აფბას“ წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია, რომ კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კუთხით, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.

„გაზგასამართი სადგურების მფლობელების განცხადებით, საავტომობილო გაზის ბაზარზე, „სოკარი“ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომპანია საკუთარ ქსელში გაცილებით დაბალ ფასად ანაწილებს ბუნებრივ აირს, ვიდრე სხვა გაზგასამართი სადგურებში. ბუნებრივია, ასეთი ვითარება, ერთმნიშვნელოვნად აზარალებს საავტომობილო გაზის ბაზარს.

როგორც ვიცით, კონკურენციის სააგენტომ ბუნებრივი აირის ბაზარი ერთხელ უკვე შეისწავლა, თუმცა ამ მოკვლევას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, რამდენადაც ბაზრის შესწავლა კარტელური ფასებით ოპერირების კუთხით მიმდინარეობდა. ახლა კი, საუბარია იმაზე, რომ სააგენტომ კონკრეტულად „სოკარის“ საქმიანობა უნდა შეისწავლოს და სანქციები აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ უნდა გატარდეს.

რა თქმა უნდა, გაზგასამართი კომპანიების მიერ, გამოთქმული ეჭვი „სოკარის“ მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ, საფუძვლიანია, რასაც ადეკვატური რეაგირება სჭირდება. ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სახით, არსებობს ორგანო, რომელიც ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს. ამდენად, გარდაუვლად მიმაჩნია  სააგენტოს მხრიდან, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევის დაწყება. კერძოდ, კონკურენციის შესახებ კანონმდებლობის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) გ) ქვეპუნქტის თანახმად, განსაზღვრულია კონკრეტული ვითარება, რომელიც კონკურენციის განვითარებას ხელს უშლის. უფრო კონკრეტულად, აღნიშნული მუხლის შესაბამისად, დასჯადია გარკვეული სავაჭრო პარტნიორებისთვის იდენტურ ტრანზაქციებზე დისკრიმინაციული პირობების დაწესება, რითაც ხდება მათი არაკონკურენტულ მდგომარეობაში ჩაყენება.

შესაბამისად, მოკვლევის საფუძველზე თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ეჭვი სიმართლეს შეესაბამება, „სოკარის“ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს. ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირება ხელს შეუწყობს საავტომობილო გაზის ბაზრის კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას და მოთამაშეებისთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.