აფბა: სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების წილი იზრდება

9.08.2016 | ნანახია 1552-ჯერ



აფბა: სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების წილი იზრდება

9 აგვისტოს „პირველი“–ის პრეს–კლუბში „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ –ს ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა ბრიფინგი გამართა. ანალიტიკოსმა  ქართული სამშენებლო სექტორის ბოლო 4 წლიანი პერიოდის განვითარება შეაფასა.

„2016 წლის მონაცემებით, მხოლოდ იანვარ–ივნისში გაიცა 5195 ნებართვა მშენებლობაზე და დასრულდა 1334 შენობა–ნაგებობა. ეს, დასრულებული მშენებლობების კუთხით, 19 %–ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. სამშენებლო სექტორის მსგავსი გააქტიურება განაპირობა, ერთი მხრივ სამშენებლო მასალებზე ფასების მკვეთრად, ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 3–ჯერ შემცირებამ,  ხოლო მეორე მრივ, მთავრობის 2015 წლის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც, 2008 წლამდე დაწყებული და სხვადასხვა მიზეზთა გამო შეჩერებული მშენებლობები განთავისუფლდა დამატებითი ღირებულების (დღგ) გადასახადისგან და K2 მოსაკრებლისგან. ამ ინიციატივის საფუძველზე სახელმწიფომ 20 კომპანიას ჩამოაწერა 200 მლნ ლარზე მეტი საგადასახადო ვალდებულება, რამაც მიმდინარე წელს სამშენებლო სექტორის წახალისება მოახდინა, რაც შესაბამის  მონაცემებშიც აისახა.

2015 წელს, სულ გაიცა 10 186 მშენებლობის ნებართვა. რაც 6.94 % აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. რაც შეეხება 4 წლიან მონაკვეთს, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება დასრულებული მშენებლობების კუთხით, – თუ 2012 წელს 1922 მშენებლობა დასრულდა, 2015 წელს ამ მაჩვენებელმა 2469 მიაღწია, რაც 22.15 % –ით აღემატება 2012 წლის მონაცემებს.

დადებითი ფაქტორია ასევე სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციების ზრდა. აღსანიშნავია, რომ თუ წინა წლებში სექტორი მეტწილად უცხოური ინვესტიციების ხარჯზე ვითარდებოდა, 2014 წლის მონაცემებით, იმატა ადგილობრივმა ინვესტიციებმა. რასაც ადასტურებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები. კერძოდ, – კაპიტალის ოპერირების ანგარიში 2014 წელს, გაზრდილია 20.87 %–ით, 2013 წელთან შედარებით. ხოლო ამ სექტორში კი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია. რაც ცხადჰყობს, რომ სამშენებლო სექტორში ადგილობრივი ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი.“