რატომ ვერ ახერხებს ლარი გამყარებას

23.12.2016 | ნანახია 1250-ჯერ



რატომ ვერ ახერხებს ლარი გამყარებას

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ანალიტიკოსი, პაატა ბაირახტარი ლარის კურსის ბოლოდროინდელ მერყეობას ეხმაურება და იმ საგარეო თუ საშინაო მიზეზებზე საუბრობს რაც ხელს უწყობს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას.

„ბოლო ერთი თვის მანძილზე ლარი 11%-ით გაუფასურდა, ლარის გაუფასურებაზე სერიოზული ზეგავლენა იქონია, ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების გაუფასურებამ და მსოფლიოში დოლარის ისტორიულმა გამყარებამ, მოგეხსენებათ, დოლარმა ძირითად ვალუტებთან მიმართერბაში გამყარების 14 წლიან მაქსიმუმს მიაღწია,  რასაც ხელი კიდევ უფრო შეუწყო, ამ თვეში ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ რეფინანსირების განაკვეთის გაზრდამ. თუმცა ბოლო კვირაში საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებული სუტუაცია აშკარად უფრო მძიმეა, ვიდრე საგარეო ფაქტორებით გამოწვეული რყევები. ამასვე ცხადყობს ბოლო ერთი თვის სტატისტიკური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც ლარი ყველაზე მეტად არის გაუფასურებული, რეგიონის ვალუტებს შორის. ლარის მსგავსი, ნახტომისებრი გაუფასურების მიზეზი სწორედ საშინაო ფაქტორებია, კერძოდ კი არასწორი მონეტარული პოლიტიკა.

წელს პირველი იანვრის შემდეგ სებ-მა სავალუტო აუქციონებზე 38 მილიონი დოლარით მეტი იყიდა, ვიდრე გაყიდა, შესაბამისად ეკონომიკაში დამატებით გავიდა 38 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარი. პირველი იანვრიდან დღემდე სებ-ის საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა 260 მილიონი დოლარით, როგორც ვახსენე, სავალუტო აუქციონების საშუალებით შეივსო მხოლოდ 38 მილიონი, დანარჩენი, ლოგიკურად, გაიზარდა მთავრობის მიერ მოზიდული სესხების და გრანტების გადახურდავებით, არც საგარეო ვალი აუღია სებ-ს. შესაბამისად ეკონომიკაში დამატებით გავიდა 220 მილიონი დოლარის ექვივალენტი ლარი. ეს ყველაფერი მოხდა ისე, რომ სებ-ს არ გამოუყენებია ფულის (ლარის) ამოღების მექანიზმები. გაიზარდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები დოლარში, ეროვნული ბანკის მიერ კომერციული ბანკების დაკრედიტებამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს. როგორც წესი, ეროვნულ ბანკს წინა წლებში ჰქონდა კომერციული ბანკების ვალი, ანუ გამორთმეული ჰქონდა ფული. და რა მოხდა შემდეგ? სხვადასხვა მიზეზებით გამოწვეული დოლარის მასის შემოდინების შემცირების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა დაიწყო კომერციული ბანკების დაკრედიტება, და თუ წინა წლებში ეროვნულ ბანკს ჰქონდა ასეულობით მილიონი ლარის ვალი, დღეს კომერციულ ბანკებს აქვთ ეროვნული ბანკის ვალი 1 მილიარდ ლარზე მეტი (2020 წლისთვის ამ ციფრის გასამმაგებაა დაგეგმილი). შედეგიც სახეზეა. ლარის გაუფასურების და კომერციული ბანკების დაკრედიტების ტემპი თითმის არითმეტიკული სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს.

ლარს გამყარების საშუალებას არ აძლეევს მონეტარული პოლიტიკა. თუ გადავხედავთ გასულ წლებს, ლარი ყოველთვის მყარი იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკის პირობებში, ხოლო გაუფასურებული - რბილი პოლიტიკის შემთხვევაში. შეიძლება დაისვას ლოგიკური კითხვა, რომ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ზღუდავს ეკონომიკურ ზრდას, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია დოლარიზაციის დონე ქვეყანაში. მაღალი დოლარიზაციის გამო საქართველოში მონეტარული პოლიტიკის გავლენა ეკონომიკაზე შეზღუდულია და საპროცენტო განაკვეთის ზრდა აისახება მხოლოდ ლარის სესხებზე.

რაც შეეხება 20 დეკემბერს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას, რომლის დროსაც სებ-მა 40 მლნ დოლარი გაყიდა. ეს მექანიზმი ერთის მხრივ დაგვიანებული იყო, ხოლო მეორეს მხრივ არსაკმარისი, სავალუტო ბაზარზე არსებული შოკის გათვალისწინებით. გარდა ამისა არცერთ მონეტარულ ინსტრუმენტს, დამოუკიდებლად არ შეუძლია კურსზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა.

 „აფბა“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოხდეს მონეტარული პოლიტიოკის გამკაცრება. სებ-მა და ეკონომიკურმა გუნდმა მჭიდრო კომუნიკაცია უნდა აწარმოონ საზოგადოებასთან, იმ საინფორმაციო ვაკუუმისა და პანიკური ფონის გასანეტირალებლად რომელიც ბოლო კვირებში დაგროვდა. ამის პარალელურად, უნდა მოხდეს რეფინანსირების განაკვეთის აწევა და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მიზნობრივი სავალუტო ინტერვენციები, რათა ეროვნული ვალუტის კურსი დაუბრუნდეს იმ რაციონალურ ნიშნულს რომელიც განპირობებულია ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით. „აფბა“ მიიჩნევს, რომ მხოლოდ კომპლექსურ ქმედებებს ექნება რეალური შედეგი ლარის დასტაბილურების თვალსაზრისით და ერთი კონკრეტული მექანიზმის გამოყენება კურსზე სერიოზულ ზეგავლენას ვერ მოახდენს“ - აღნიშნა ბაირახტარმა.