"აფბა" და თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი 2016 წლის ეკონომიკას აფასებენ

28.12.2016 | ნანახია 1922-ჯერ



28 დეკემბერს, საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრეს-კლუბში, თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელემა ვახტანგ ჭარაიამ და „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ პრეზიდენტმა შოთა გულბანმა 2016 წლის მნიშვნელოვანი ეკონომიკური მოვლენები შეაფასეს, ასევე 2017 წელს არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში მთავარ ნეგატიურ ეკონომიკურ მოვლენად ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა დასახელდა და ითქვა, რომ მოცემული მიმართულებით თანმიმდევრულ პოლიტიკას არც საქართველოს ეროვნული ბანკი და არც საქართველოს მთავრობა არ ახორციელებდნენ, სიტუაციის გამწვავებისკენ იყვნენ მიდრეკილნი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების უდიდესი ნაწილი. ხშირი იყო დამაბნეველი განცხადებები და მოწოდებები, რაც არასწორ მოლოდინებს ქმნიდა და შესაძლებლობას აძლევდა ცალკეულ მოთამაშეებს მიერმათათ სპეკულაციისადმი სავალუტო ბაზარზე.

ვახტანგ ჭარაიას შეფასებით ნაადრევი იყო ლარიზაციის გეგმა, რომელიც მეტ-ნაკლები წარმატებულად მხოლოდ იმ ქვეყნებში განხორციელდა, სადაც ეროვნული წარმოება იდგა მოწოდების მაღალ სიმაღლეზე, ხოლო საქართველო კი სამწუხაროდ ამ ეტაპზე მსგავსი ნაბიჯისადმი მზად არ არის. არააქვს მნიშვნელობა საბანკო აქტიურობები ლარში უფრო მეტად განხორციელდება თუ არა, მთავარია ეკონომიკას რომელი ვალუტა რა დოზით სჭირდება გამართული ფუნქციონირებისთვის, ამ მხრივ კი ქართული ეკონომიკის ლარიზაცია საკმაოდ რთული პერსპექტივაა ახლო მომავალში. ამასთან ერთად ლარიზაცია (იგივე დე-დოლარიზაცია), ლარის გაუფასურებასაც უწყობს ხელს, რაც ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის მეტად მტკივნეული საკითხია.

კრიტიკა დაიმსახურა ნავთობპროდუქტებზე აქციზური განაკვეთების ზრდამ, რაზეც ითქვა, რომ ხელფასების გაუზრდელობის და სასურსათო პროდუქციაზე ფასების ზრდის მაღალი მაჩვენებლის პირობებში ნავთობპროდუქტების გაძვირება საკმაოდ მტკივნეულად აისახება საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

პოზიტიურ გამოწვევებად შეფასდა გადასახადის ესტონური მოდელის შემოღება, თუმცა ითქვა რომ ეს მოდელი მრავალ კითხვას აჩენს და ამავდროულად, ეს არ არის საკმარისი და სასურველია ამ მოდელში მომდევნო წლებში არ მოხვდნენ საბანკო სექტორის წარმომადგენლები, რადგანაც მათ ასეთი ტიპის დახმარება ყველაზე ნაკლებად ესაჭიროებათ.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ჭრილში პოზიტიურად შეფასდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების მოვლენა (საუბარია არა გაცვლითი კურსის რყევებზე, არამედ მის ეტაპობრივ გაუფასურებაზე პარტნიორი ქვეყნების ეროვნული ვალუტების პარალელურად), რაც საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნებისგან გაიაფებული პროდუქციის იმპორტის ზრდისგან და შესაბამისად ეროვნული წარმოების არგანადგურებისგან დაიცავს. თუმცა, აღინიშნა, რომ ამ მოვლენას მთლიანი ეკონომიკისაგან განსხვავებით, ინდივიდუალური პირებისთვის მტკივნეული შედეგებიც მოჰყვა, რასაც მთავრობამ გაზრდილი დასაქმებით და კიდევ უკეთესი ბიზნეს გარემოთი უნდა უპასუხოს.

ვახტანგ ჭარაიას განცხადებით, რთული 2016 წელი დიდწილად იყო განპირობებული საგარეო ფაქტორებით, რაც 2017 წელსაც გაგრძელდება, თუმცა მან წარმატება და მეტი ახალი პროექტი უსურვა ქვეყნის ახალ მთავრობას.

შოთა გულბანის თქმით, ერთ-ერთი მტკივნეული და საყოველთაო მნიშვნელობის თემა ლარის კურსი იყო - „როდესაც ვსაუბრობთ 2016 წლის ეკონომიკაში არსებულ ჩავარდნებზე, ბუნებრივია გვერდს ვერ ავუვლით ლარის კურსის თემას, რომლის ვარდნამაც დოლართან მიმართებაში, მოსახლეობის დიდი ნაწილი დააზარალა. ძირითადად ეს გამოწვეული იყო დოლარის უპრეცედენტო გამყარებით მსოფლიოს თითქმის ყველა ვალუტასთან მიმართებაში, თუმცა ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისა და ეროვნული ბანკის როლი, თუ რამდენად ეფექტურ და განოვრულ შიდა პოლიტიკას დაუპირისპირებენ ისინი საგარეო ფაქტორებს. მინდა ღვნიშნო, რომ დიდად ვერ გამოიჩინეს მათ თავი, ვინაიდან დაანონსებული ლარიზაციის გეგმის მიუხედავად ჩვენ კურსი გაგვექცა 2,80-ზე მეტად, რამაც მნიშვნელოვნად აზარალა, როგორც იმპორტიორი კომპანიები, ისე ადგილობრივი რიგითი მოქალაქეები, რომლებსაც დოლარში ქონდათ ვალდებულებები. ძალიან მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნულ ბანკს შეეძლო ამ პერიოდში ხისტი ნაბიჯების გადადგმა, პირველ რიგში უნდა მომხდარიყო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება და მიმოქცევიდან თავის დროზე ლარის მასის შემცირება, რომელიც წლის დასაწყისიდან დღემდე გაზრდილია 21%-ით.  ხოლო მთავრობას შეეძლო ბიუჯეტის ხარჯებისა და დეფიციტის შემცირებით ნაკლები სტიმულირება მოეხდინა ლარის კიდევ უფრო გაუფასურებაზე.

უარყოფითი ფაქტორებიდან მინდა გამოვყო საქართველოს ფინანსურ ბაზარზე განვითარებული მოვლენები, კერძოდ, მსხვილი ბანკების მიერ შედარებით წვრილი ბანკების შეძენა. ერთი შეხედვით, ეს არის ჩვეულებრივი კომერციული გარიგება ბაზარზე, ახალი არაფერი მომხდარა, რასაც განვითარებული ფინანსური სამყარო არ იცნობს, თუმცა რეალურად მოხდა ის, რომ ამ გარიგებებით კიდევ უფრო მეტად შეეწყო ხელი საბანკო ოლიგიპოლიის გაღრმავებას საქართველოში, რაც ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის კარგს არაფერს მოასწავებს, ვინაიდან, ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბანკების მოგება ყოველწლიურად სტაბილურად მზარდია და ბოლო მონაცემებით ბანკების აქტივებზე მშპ-ს 89% მოდის, ხოლო ეკონომიკა 3 პროცენტითაც ვერ იზრდება, აღარაფერს ვამბობ დაკრედიტების პოლიტიკაზე, რომელიც ორიენტირებულია სამომხმარებლო სესხების გაცემაზე, რაც ეკონომიკისთვის არაფერს ქმნის, პირიქით კაპიტალის გადინებას უწყობს ხელს და აღარაფერს ვამბობ ბანკების არაპროფილურ აქტივებზე. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში მსხვილ ბიზნესში კონკურენცია არ არსებობს, რაც ბუნებრივია ძალიან დიდი და მოუგვარებელი პრობლემა არის ჩვენს ქვეყანაში. ასეთი ტრენდის შენარჩუნებით, ჩვენ ვერ მივიღებთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, ანუ ისეთ ზრდას, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახება“- განაცხადა შოთა გულბანმა.

მისივე თქმით, დადებითი მოვლენები იყო ის, რომ გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ჩინეთთან, დაიწყო სტარტაპების დაფინანსების სახელმწიფო პროგრამა და ასევე დაინერგა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელმაც უნდა უზრუველყოს მცირე და საშუალო ბიზნესის გაფართოვების სტიმულირება.

რაც შეეხება 2017 წელს არსებულ გამოწვევებს, შოთა გულბანის თქმით, ისევე, როგორც მომდევნო წლების განმავლობაში, მთავარი გამოწვევა იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება, რასაც თავის მხრივ უკავშირდება ყველა რეფორმა, რომელსაც მთავრობა განახორციელებს - „პირველ რიგში მე ვფიქრობ, ეს უნდა იყოს ძირეული ცვლილებები კაპიტალის ბაზრის რეალური ამოქმედებისთვის ქვეყანაში, რაც გულისხმობს, ბანკებისაგან ალტერნატიული ფინანსური რესურსების მოძიების წყაროების გაჩენას, რაც განაპირობებს დივერსიფიცირებული ფინანსური ბაზრის ფორმირებას საქართველოში და პლუს მთავრობის ქმედებები და პოლიტიკა, თუ რას გააკეთებს ის, მსხვილი ინდუსტრიული საწარმოების შესაქმნელად, რამაც ქვეყანაში დასაქმების, პროდუქციის გამოშვების ზრდა უნდა განაპირობოს“ აცხადებს „აფბა“-ს პრეზიდენტი შოთა გულბანი.