აფბა: აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტის შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების მიუხედავად დადებითი დასკვნაა გაცემული

18.10.2017 | ნანახია 1362-ჯერ



აფბა: აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ ოზურგეთის მუნიციპალიტის შემოწმებისას გამოვლენილი  დარღვევების მიუხედავად დადებითი დასკვნაა გაცემული

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას“ ვიცე-პრეზიდენტმა გიორგი კაპანაძემ ,,კომპეტენციის ცენტრში“ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ გასულ წლებში, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის მიერ მუნიციპლიტეტების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისას, ხშირ შემთხვევაში, ანგარიშის დასკვნითი შეფასებითი ნაწილი არ შეესაბამება დასკვნის შინაარსის თანახმადვე გამოვლენილ დარღვევებს.

კაპანაძემ განცხადებით, ამის  მაგალითად გამოდგება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, რომელიც 2014 წლის დეკემბრით თარიღდება და სადაც აღწერილი ფაქტები არსებითად არის აცდენილი დასკვნის შინაარს. საგულისხხმოა, რომ ეს პერიოდი ემთხვევა, თვითმმართველობის მიმდინარე არჩევნებში ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, 2012-2013 წლებში მმართველი პარტიის გამგებლის, კონსტანტინე შარაშენიძის გამგებლობის პერიოდსაც. შარაშენიძე თვითმმართველობის მიმდინარე არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად იყრის კენჭს.

,,კერძოდ, ანგარიშის შინაარსის მიხედვით გამოვლენილია საქონლისა და მომსახურების მაღალი ფასით შესყიდვის, თანხების ზედმეტად გადახდის, გარე აუდიტების მიერ ზერელად ჩატარებული აუდიტის, დაკვეთილი სამუშაოების დადგენილი წესით არჩაბარების, მუნიციპალიტეტის შპს-ების კონტროლის მექანიზმების არარსებობის და მათ მიერ მუნიციპალიტეტისთვის გრძელვადიანი ბიზნეს-გეგმების წარუდგენლობის, კონკრეტული მიზნებისა და გეგმების გარეშე მუნიციპალიტეტების ა(ა)იპ-ები დაფინანსების, სოციალური პროგრამების თანადაფინანსების არამიზნობრიობისა და დასაბუთებული აუცილებლობის გარეშე ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენის ფაქტები

ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, შედეგად, მოცემულია ანგარიშის დასკვნა, რომ (ციტატა დოკუმენტიდან) „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და მარეგულირებელ ნორმებს“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

კაპანაძის განცხადებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის შინაარსისა და დასკვნის მსგავსი შეუსაბამობები საკმაოდ ხშირია სხვა მუნიციპალიტეტებში (მაგლითად,ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების ბიუჯეტების შესრულების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, გორის მუნიციპალიტეტის 2012-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, თიანეთის მუნიციპალიტეტის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და ა.შ) საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის განხორციელებისასაც.

ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ  აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული აუდიტის ანგარიშების დასკვნები  გაცილებით ახლოს უნდა იყოს ანგარიშების შინაარსთან და დასკვნის არგაცემის შემთხვევაში უნდა ავტომატურად იწვევდეს შესაბამისი ხარისხის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ადმინისტრაციული თუ სამართალდამცავი სტრუქტურების წინაშე.

აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე იმედს გამოთქვამს, რომ აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ახალი მენეჯმენტის ერთ-ერთი მთავარი და არსებითი გამოწვევა შემდგომი საქმიანობისას სწორედ მსგავსი შეუსაბამობების აღმოფხვრა გახდება.