აფბა მოქალაქეებისთვის დაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

23.02.2018 | ნანახია 2053-ჯერ



აფბა მოქალაქეებისთვის დაგზავნილ ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-ს სახელით თბილისის მოსახლეობის ნაწილს მობილურ ტელეფონზე შეტყობინება მიუვიდა, სადაც „აფბა“ მოუწოდებს აბონენტებს გადაამოწმონ მათი საკუთრების უფლებრივი სტატუსი არქიტექტურის სამსახურის საიტზე www.tas.ge. მსგავსი შეტყობინების დაგზავნის აუცილებლობა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ თბილისის მიწათსარგებლობის ახალი გენერალური გეგმის მიხედვით დედაქალაქში დაახლოებით  ასეულ ათასობით  კვადრატულ მეტრზე განთავსებულ მიწის ნაკვეთებს ეცვლება იურიდიული სტატუსი,  რაც დაახლოებით 25-30.000  ადამიანის კერძო საკუთრებას ეხება.

ორგანიზაციამ ახლახანს დაიწყო კვლევა, რომლის მიზანი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის(მგგ) ფინანსური და ეკონომიკური ნაწილის შესწავლაა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოქალაქეებისთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ერთის მხრივ გამოწვეულია მგგ-ს არსებული ვერსიის დამტკიცების შემთხვევაში მათი საკუთრების უფლების ხელყოფასთან, ხოლო მეორე მხრივ იმ ტექნიკურ საკითხებთან, რასაც გულისხმობს მაგალითად მიწიების ფუნქციურ ზონებად დაყოფა და ასევე სხვა უამრავი ნიუანსი, რის შესახებაც მიწის მფლობელები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, რამდენიმე განმარტების გაკეთება.

ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა  აისახება  მიწათსარგებლობის  გენერალური  გეგმის შესაბამის ზოგად უფლებრივი ზონირების რუკაში. ხოლო ფუნქციური ზონირება ეს არის, მიწათსარგებლობის ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს დასახლების ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების ერთგვაროვანი ან შერეული სახეობის მიხედვით. ფუნქციური ზონირების ცვლილება კანონმდებლობის მიხედვით, საკამოდ დასაბუთებულ არგუმენტირებას და შესაბამისი კვლევების ჩატარებას მოითხოვს: მიწათსარგებლობის თითოეული ზონა გამოყოფილი უნდა იქნეს საზღვრებით;  ფუნქციური ზონების საზღვრების გამოკვეთა უნდა მოხდეს გეგმარების შემზღუდავი ზონების საზღვრების დადგენის შემდეგ; უნდა იყოს გააზრებული შესაბამისი ზონირების ფუნქციონირებისთვის საჭირო საინჟინრო ინფრასტრუქტურის იმპლემენტაციის შესაძლებლობა და ა.შ.

გარდა წმინდა ქალაქთმშენებლობითი ამოცანების და მიზნების შესაბამისობისა, ზონალობის ცვლილება აუცილებლად უნდა იყოს საჯარო პროცესი და კანონის მოთხოვნის შეასაბამისად ეს უნდა იყოს „თანხმობის დოკუმენტი“.

სამწუხაროდ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ავტორებმა ძირითადში უგულებელყვეს კანონის ეს მოთხოვნები და ყოველგვარი მტკიცებულობის გარეშე, მხოლოდ პირადი შეხედულების მიხედვით მოახდინეს თბილისში არსებული ზონალობის მასშტაბური ცვლილება. მარტივად რომ ვთქვათ, მათ მიწის ზონებისთვის შესაბამისი ფერების მინიჭებით ახალი  უფლებრივი რეალობის წინაშე დააყენეს დედაქალაქის მოსახლეობა.

არქიტექტურის საქალაქო სამსახურის განცხადებით, გენგეგმის საბოლოო მიღება ვერ ხდება, რადგან დოკუმენტი სრულყოფილი არ არის და ეს პირველ რიგში, იმით არის გამოწვეული, რომ  ავტორებს არ მოყავთ  ზონირების ცვლილების მკაფიო დასაბუთება, რაზეც დამოკიდებულია კონკრეტული მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება. ასევე არის საკითხები დაკავშირებული ტრანსპორტთან, რკინიგზის გამჭოლ ხაზთან, გზათა ქსელთან.

ანუ დღეს დასამტკიცებლად წარმოდგენილია დოკუმენტი, რომლის შინაარსი წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის, „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის და მთელი რიგი საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმებთან და მოთხოვნებთან. გენგემის ავტორები ნებსით თუ უნებლიეთ, საკუთარი შეხედულებების მიხედვით, პროვოცირებას უკეთებენ კერძო საკუთრების ხელყოფის პროცესის დაწყებას. ყოველგვარი წინასწარი ინფორმირებულობის და კონსულტაციების გარეშე ხდება მოქალაქეთა კერძო საკუთრებაში არსებული ქონებისთვის დღეს მოქმედი ზონალობის შეცვლა და გენგეგმის ამ ფორმით მიღების შემთხვევაში თბილისში უამრავი კერძო საკუთრება შეიზღუდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით 30.000-ი კერძო მესაკუთრის ინტერესს შეეხება მაშინ ცხადი გახდება მოსალოდნელი, ხელოვნურად შექმნილი პრობლემის მასშტაბი. 

ამავდროულად დარღვეულია საჯაროობის პრინციპი და  ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა, რომ აღნიშული პროექტი უნდა ყოფილიყო საერთო თანხმობის დოკუმენტი. პროექტის ავტორებს და ქალაქ თბილისის მერიას უნდა უზრუნველეყოთ, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო წინადადების რეალური და არა ფასადური საჯარო  განხილვების მოწყობა, საერთო საქალაქო კონსენსუსის საფუძველზე ამ წინადადების თანხმობის დოკუმენტად ქცევა და ასევე, კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის დაცვა პროექტის განხორციელების ფარგლებში.

ის ფაქტი, რომ მოსახლეობა არ არის სათანადოდ ინფორმირებული, დაადასტურა ორგანიზაციის „ფეისბუქ“ გვერდზე შემოსულმა უამრავმა შეტყობინებამ და ასევე მრავალმა სატელეფონო ზარებმა, სადაც მოქალაქეები ერთის მხრივ ადასტურებენ მათი მიწის ზონის სტატუსის შეცვლას, რის გამოც ვერ ახორციელებენ რაიმე სამშენებლო მოქმედებებს საკუთარ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო მეორე მხრივ გამოიკვეთა აბსოლუტური ინფორმაციული ვაკუუმი, როცა მიწის მფლობელმა მოქალაქეებმა არ იციან რა გზას მიმართონ, როგორ გადაამოწმონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის სტატუსი, ვის უნდა მიმართონ და ა.შ. სწორედ ამიტომ იყო მნიშნელოვანი მათთვის ტექსტური შეტყობინებების დაგზავნა, რათა დროულად მოხდეს შესაძლო ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება.

„აფბა“ მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს, რომლის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს შეეცვალა სტატუსი, მოგვაწოდეთ ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, რაც უკავშირდება საკუთრების უფლების ხელყოფას. ყველა ინფორმაცია კვლევის პროცესის სრულყოფილად დასასრულებლად მნიშვნელოვანია.

ამასთან, დედაქალაქის მერიისა და დოკუმენტზე მომუშავე ორგანიზაციის მხრიდან, საჭიროა პროცესებისთვის მეტი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რათა მოქალაქეები სრულყოფილ ინფორმაციას ფლობდნენ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ელის მათ საკუთრებას ხვალ.