აფბა - „სინოჰიდრო“ გარემოს ყველა სხვა კომპანიაზე მეტად აბინძურებს

26.02.2018 | ნანახია 1600-ჯერ



აფბა - „სინოჰიდრო“ გარემოს ყველა სხვა კომპანიაზე მეტად აბინძურებს

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ აგრძელებს მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლას. ორგანიზაცია გთავაზობთ მსხვილი ჩინური კომპანია ,,სინოჰიდროს“ საქმიანობასთან დაკავშირებულ შუალედურ ანგარიშს.

აფბამ დეტალურად შეისწავლა გარემოზე ზემოქმედების მონიტორინგის გეგმები, რომელსაც ზედამხედველი კომპანიები გზების დეპარტამენტს აწვდიან, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ წლების განმავლობაში ჩინური „სინოჰიდრო“ მითითებებისა და შენიშვნების მიუხედავად არ ასრულებს ზედამხედველი კომპანიის რეკომენდაციებს.

არსებული დოკუმენტებიდან იკვეთება ფაქტები, რომლის მიხედვითაც ჩინური „სინოჰიდრო“ გზების მშენებლობისას უხეშად არღვევს საქართველოს კანონმდებლობას გარემოს დაცვის კუთხით. კომპანია სისტემატურად ჯარიმდება გარემოს დაცვის სააგენტოს მხრიდან, არ იხდის დაკისრებულ ჯარიმებს და არ ასწორებს დარღვევებს.

აფბას განცხადებით, ჩინური „სინოჰიდრო“ თავს არიდებს კონტრაქტით დაკისრებულ ვალდებულებებს და ინერტული მასალების მოპოვების პოლიგონზე არ ახდენს მოსახლეობის კუთვნილი ყანებისა და საძოვრების რეკულტივაციას. ულუკმაპუროდ ტოვებს გზის გასწვრივ მცხოვრებ ოჯახებს და შიმშილისთვის იმეტებს ადგილობრივ მოსახლეობას.

,,სინოჰიდრო" სისხლის სამართლის საქმეშიც ფიგურირებს, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით რაც ხე-ტყის უკანონოდ გაჩეხვას გულისხმობს. კონკრეტულად,  ქალაქ რუსთავის მიმდებარედ, თბილისი-წითელი ხიდის ავტომაგისტრალის, თბილისი–რუსთავის გზის მე–3 მონაკვეთის მშენებლობის ტერიტორიაზე 2014 წლის 29 აპრილს და 30 მაისს ქვემო ქართლის სამსახურის თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა 841 ძირი სხვადასხვა ხეების ჭრის ფაქტი, რამაც საბოლოო ჯამში 420,608.00 ლარის ზარალი შეადგინა.

ანალოგიური პრობლემა ჰქონდა კომპანიას ქობულეთშიც, სადაც სამთო მინაკუთვნის ფარგლებს გარეთ აწარმოებდა ინერტული მასალების უკანონო გზით მოპოვებას, რამაც 18,480.00 ლარის ზარალი შეადგინა. 

კომპანია ,,სინოჰიდრო“ საერთაშიროსო მასშტაბითაც არაერთ „შავ სიაშია“ მოხვედრილი და მას მრავალ ქვეყანაში საქმიანობა აკრძალული აქვს.

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ შეფასებით საგზაო დეპარტამენტის ადმინისტრაციის მხრიდან დანაშაულებრივი უმოქმედობის და დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო ჩინური კომპანიების საქმიანობა, გარემოს დაბინძურების კუთხით, ვანდალურ ქმედებას დაემსგავსა.  არცერთი ფაქტი არ არის გასაჯაროვებული გზების დეპარტამენტის მხრიდან და არ გამხდარა საზოგადოების საჯარო განხილვის საგანი. ეს ფაქტი ხელ-ფეხს უხსნის გზების მშენებელ ჩინურ კომპანიებს დაუსჯელად ჩეხონ ხეები და ჭაობებად აქციონ საქართველოს მოსახლეობის კუთვნილი სასოფლო-სამეურნეო მიწები და საძოვრები.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ პროექტზე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტებში მკაფიოდ არის განსაზღვრული გზების დეპარტამენტის საზედამხედველო ფუნქციები და რეაგირების მექანიზმები, ზედამხედველი კომპანიების მიერ გამოქვეყნებულ 6 თვიან ანგარიშებში საგანგაშო სტატისტიკა არ იცვლება, ხოლო კორესპოდენცია შეუსაბამო საკითხების შესახებ, რეკომენდაციები ჯანდაცვის საკითხებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით, უპასუხოდ რჩება.

აფბას მიერ მოპოვებული გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის დოკუმენტების შესწავლის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ჩინური კომპანია „სინოჰიდრო“ ურჩად და ვანდალურად არღვევს საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, საქართველოს კანონმდებლობას და გზების მშენებელ კომპანიებს შორის ყველაზე მეტად აზიანებს გარემოს.