აფბა: „სითი პარკის“ გაძევებაში ბუნდოვანი დეტალებია, რაც შესაძლოა ძვირი დაგვიჯდეს

28.03.2018 | ნანახია 1420-ჯერ



აფბა: „სითი პარკის“ გაძევებაში ბუნდოვანი დეტალებია, რაც შესაძლოა ძვირი დაგვიჯდეს

ბოლო პერიოდში აქტუალობას არ კარგავს კომპანია „სითი პარკის“ ირგვლივ განვითარებული პროცესები. „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ აქტიურად აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვთვლით, რომ ბევრი მიმართულებით ბუნდოვანი გარემოებები არსებობს. ამასთან, მიგვაჩნია, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მხრიდან საჭიროა კომპანიის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაგავშირებით, გამჭვირვალობის გაზრდა და მეტი სიცხადის შემოტანა. 

დღემდე გაურკვეველია და დიდი რისკის ქვეშ დგას მერიის მხრიდან პირგასამტეხლოს გადახდის საკითხი, რომელიც შესაძლოა ბიუჯეტს 20-25 მილიონი დაუჯდეს. შესაბამისად, ბიჯეტის თანხების რისკის ქვეშ დაყენება რბილად რომ ვთვათ, მიუღებელია. მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა სხვადასხვა ორგანიზაციების, მათ შორის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების გათვლებით, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში აღნიშნული თანხა აუცილებლად გადასახდელი იქნება.

ასევე აღსანიშნავია, რომ „სითი პარკი“ აპირებს საერთაშორისო არბიტრაჟში ჩივილს, რაც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და საგრძნობლად დააზარალებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. აქედან გამომდინარე, კომპანიის გაძევების ღონისძიებების წამოწყებამდე, მერია სამართლებრივი ბრძოლისთვის გაცილებით მომზადებული უნდა ყოფილიყო.

გარდა ზევით მოყვანილი საკითხებისა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის სამომავლოდ პარკირების საფასურის თემა.  თბილისის მერმა ისაუბრა, რომ მსჯელობა დაწყებულია პარკირების ახალი სისტემის შემოღებასთან დაკავშირებით, რაც საათობრივ ანაზღაურებას  გულისხმობს. რა თქმა უნდა, თბილისში პარკირების ასეთი ფორმის დანერგვა, მნიშვნელოვნად გააძვირებს საპარკინგე მომსახურებას. შესაბამისად, ყველა ზომოთ მოყვანილი ფაქტორის გათვალისწინებით და არსებული რისკების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ „სითი პარკის“ ირგვლივ მეტად მოზომილი და საფუძვლიანად გააზრებული ნაბიჯები გადაიდგას.