აფბა საწვავის ბაზრის სამთვიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

19.07.2018 | ნანახია 1066-ჯერ



აფბა საწვავის ბაზრის სამთვიანი მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია -აფბა“, რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდა და სწავლობდა საწვავის ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს, გლობალურ ტენდენციებსა და ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. რის საფუძველზეც საზოგადოებას სთავაზობს საწვავის ბაზრის კვლევას და ამ ბაზარზე მიმდინარე პროცესების ქრონოლოგიურ განვითარებას. ამის შესახებ აფბას ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა „კვირას“ პრეს - კლუბში სტუმრობისას განაცხადა. 

„საწვავზე ფასების ზრდა საქართველოში მაისის თვეში დაიწყო, ამის მიზეზად კი მსოფლიო ბაზრებზე ნედლი ნავთობის გაძვირება დასახელდა, ამ მომენტისათვის მართლაც ფიქსირდებოდა ნავთობზე ფასების მცირედი მატება. უფრო კონკრეტულად კი, ამ პერიოდში ნედლი WTI ტიპის ნავთობზე ფასი 3 დოლარით გაიზარდა, კომპანიებისთვის ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ფასები საცალო ქსელში დაუყოვნებლივ დაკორექტირებულიყო და საცალო ქსელში ფასები, მყისიერად გაიზარდა 3-5 თეთრით. მაგრამ ადგილობრივ ბაზარსა და მსოფლიო ტენდენციებს შორის კიდევ მრავალი და უფრო მასშტაბური შეუსაბამობებიც ფიქსირდება, თუ უფრო სიღრმისეულად ჩავშლით მონაცემებს დავინახავთ, რომ თებერვლის თვეში ბარელის ფასი 59-61 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამ პერიოდში საქართველოში ერთი ლიტრი პრემიუმის (95ოქტ) შეძენა 2.29 ლარად იყო შესაძლებელი, ანუ იმაზე ძვირი ღირდა, ვიდრე მაისის თვეში, როდესაც ბარელი 70 დოლარზე იყო ასული. ამის შემდეგ, ანუ მაისიდან ივნისამდე, ნავთობზე და შესაბამისად პლაცსზე ფასების მატება გაგრძელდა, რაც კიდევ რამდენჯერმე გახდა საქართველოში საწვავის გაძვირების მიზეზი. მაგრამ როდესაც მაისის მეორე ნახევრიდან, ივნისის მეორე ნახევრამდე, ანუ ზუსტად ერთი თვის განმავლობაში ნავთობზე ჩვენ გვქონდა ფასზე მკვეთრად დაღმავალი ტრენდი და ბარელის ფასი 64 დოლარამდეც კი დაეცა ეს ცვლილება, უკვე დადებითად არ ასახულა ადგილობრივ ბაზარზე, მეტიც მსოფლიო ბაზარზე დაღმავალი ტრენდის პარალელურად, ჩვენთან საწვავზე ფასები გაიზარდა კიდეც 3-5 თეთრით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ აღნიშნულ 3 თვიან მონაკვეთში, სტაბილურობით ხასიათდებოდა ეროვნული ვალუტის კურსიც და ერთი დოლარის შეძენა საშუალოდ 2.44-2.45 ფარგლებში იყო შესაძლებელი“, - აღნიშნა ბაირახტარმა.

ბაირახტარმა ასევე სახელმწიფოს როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს როლი ამ მიმართულებით კონტროლის გამკაცრებაა.

„საზოგადოების ნაწილი მათ შორის, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საწვავზე ფასების მსგავსი გაძვირების მიზეზს, სახელმწიფოს პოლიტიკა წარმოადგენს, რომელიც გასულ წელს აქციზის განაკვეთის გაზრდაში გამოიხატა და სიტუაციის გამოსწორების გზად სახლმწიფოს მხრიდან აქციზის განაკვეთის შემცირებას მოიაზრებენ. რაც იმთავითვე მცდარი მიდგომაა, იმდენად რამდენადაც, აღნიშნულ ცვლილებას სრულფასოვანი შედეგი მხოლოდ შესაძლებელია ჯანსაღ ბაზარზე ქონდეს, სადაც ჯანსაღი კონკურენციაა და არა ოლიგოპოლიური ბაზარი, სადაც ისევ სერიოზული ეჭვები არსებობს კარტელის არსებობასთან დაკავშირებით. ცხადია რაც უფრო მეტი თანხა დარჩება კერძო სექტორს ეს ბიზნესისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის პოზიტიურია, თუმცა აღნიშნული გზით ფასების სტაბილიზაციის იდეა აზრს მოკლებულია და უშედეგო აღმოჩნდება, იმდენად რამდენადაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ბაზარი არის ოლიგოპოლიური. ასევე აფბა მოუწოდებს კონკურენციის სააგენტოს, გამოვიდეს პასიური პოზიციიდან და შეასრულოს მისთვის კანონით მინიჭებული უფლება მოვალეობა, როგორც საწვავის ბაზრის მიმართულებით, ისე სხვა სენსიტიური და მაღალ რისკიანი ბაზრების მიმართულებით“,-აღნიშნა ბაირახტარმა.