ვინ აუფასურებს ლარს - ანუ ეკონომიკური მკვლელის აღსარება ქართულად

17.10.2019 | ნანახია 57-ჯერ



ვინ აუფასურებს ლარს - ანუ ეკონომიკური მკვლელის აღსარება ქართულად

უკვე ბოლო 4 თვეა ეროვნული ვალუტა მუდმივად უფასურდება და ერთი დოლარის ღირებულება, თითქმის 3 ლარს აღწევს. თუ მაისის დასაწყისში ერთი დოლარის შეძენა 2.70 ლარად იყო შესაძლებელი, დღეს ერთი დოლარის ღირებულება 2.93 ლარს აჭარბებს. არაერთი მოსაზრება გამოითქვა, იმის თაობაზე, თუ რამდენად იყო შესაძლებელი, თითქმის 25 პუნქტიანი დევალვაციის თავიდან აცილება და რა უნდა გაკეთებულიყო ამისთვის, თუმცა მთავარი კითხვა, მაინც ის არის, თუ რამ გამოიწვია, დროის მოკლე მონაკვეთში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება. ამის გასაგებად ქრონოლოგიურად გადავავლოთ თვალი, იმ მაკროეკონომიკურ ფაქტორებსა თუ მონეტარულ პოლიტიკას, რომელიც ბოლო პერიოდში მოქმედებდნენ სავალუტო ბაზარზე.

 

ეგზოგენური ფაქტორები და შოკები

როგორც დასაწყისში ვახსენეთ, ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მაისის პირველ ნახევარში დაიწყო და ამ პერიოდში ლარზე, მცირედი გავლენა თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებამ მოახდინა. მართლაც თუ დინამიკაში დავაკვირდებით, არითმეტიკული სიზუსტით მიჰყვა ლარი, თურქული ვალუტის გაუფასურების ტრენდს. თუმცა ტექნიკურად ეს შუძლებელია და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას, გარკვეული გადაცემის დრო ჭირდება, ადგილობრივ ვალუტაზე ზეგავლენის მოსახდენად.

ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გაუფასურდა ლარი, ლირის პარალელურად. საქმე ის გახლავთ, რომ ეკონომიკაში არსებობს ტერმინი, რომელსაც მოლოდინების ეფექტი ეწოდება და რომელსაც მყისიერი ზეგავლენის მოხდენა შუძლია სავალუტო ბაზარზე და არამხოლოდ მასზე. თუმცა ამ მოლოდინების შექმნაცა და გაფანტვაც, სწორი კომუნიკაციით ხელეწიფება ცენტრალურ ბანკსა, თუ ეკონომიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენს რეალობაში, რასაც სებ-ის მხრიდან ვისმენდით იყო ის, რომ ლარის გაუფასურება სებ-ს არ ეხება. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, ცენტრალურმა ბანკმა საზოგადოებას, ისევ არაფერი განუმარტა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაბამისად სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა რომლებიც, მუდმივად ადევნებენ ტრენდს თვალს, დაიწყეს ჰეჯირება, ანუ ეროვნული ვალუტის სწრაფი მოშორება, პოტენციური რისკების გადასაზღვევად. რამაც ცხადია უკვე ტექნიკური წნეხი გამოიწვია ლარზე.

პანიკის გადავლის შემდეგ, ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა აქ უკვე ერევა ეროვნული ბანკი და ლარის გამყარებას ხელოვნურად აჩერებს, კერძოდ კი ივნისის დასაწყისში, სებ-ი სავალუტო ბაზრიდან ინტერვენციების გზით, 10 მლნ დოლარს იღებს, ეს პირველი კრიტიკული „შეცდომაა“ რომელსაც ცენტრალური ბანკი უშვებს.

ეროვნული ვალუტისთვის, მომდევნო საგარეო დარტყმა რუსული სანქციები აღმოჩნდა, რომელიც ივნისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით შემოიღო რუსეთმა. კერძოდ კი რუსეთის პრეზიდენტმა 21 ივნისს, ოფიციალურად აუკრძალა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები. ამას დაემატა, შეზღუდვა ტუროპერატორებისთვის და მოსალოდნელი სავაჭრო ემბარგო, რომელმაც სრული ისტერია გამოიწვია სავალუტო ბაზარზე, მაგრამ არც ამ დროს ყოფილა, რაიმე ტიპის ჩარევა ან კომუნიკაცია ეროვნული ბანკის მხრიდან, პანიკის თავიდან ასაცილებლად.

 

მონეტარული პოლიტიკა და საშინაო ფაქტორები

არაერთი მოსაზრება გამოითქვა, იმის თაობაზე უნდა ჩარეულიყო, თუ არა ეროვნული ბანკი, ზემოთ ხსენებული პროცესების განეიტრალებაში და რამდენად ექნებოდა ამ ყველაფერს შედეგი.

პირველ რიგში განვიხილოთ ზოგადად ცენტრალური ბანკების ქცევა, ასეთ დროს და მათ ხელთ არსებული ბერკეტების გამოყენების აუცილებლობები. ეროვნულ ბანკს რამდენიმე ბერკეტი გააჩნია, კურსის წონასწორობის ნიშნულზე ზეგავლენის მოსახდენად, მათ შორის არის სავალუტო ინტერვენციებიც. (რომელიც მოგვიანებით გამოიყენა სებ-მა) რა დროს მიმართავენ ცენტრალური ბანკები ინტრვენციებს?! ზოგადად ცენტრალურ ბანკს საკუთარი რეზერვები, სწორედ  ადგილობრივი და მოკლევადიანი შოკების გასანეიტრალებლად აქვს, მეტიც, რიგი ქვეყნების ცენტრალური ბანკები, სავალუტო ინტერვენციებს მაშინაც მიმართავენ, როდესაც სავალუტო ბაზარზე, ეგზოგენური ფაქტორები ზემოქმედებენ და წინასწარ იციან, რომ ინტერვენციით, ამ გაუფასურებას ვერ შეაჩერებენ, თუმცა ინტერვენციის გზით, ისინი თავიდან იცილებენ ნახტომისებურ და ბიზნესისთვის მტკივნეულ გაუფასურებებს.

ჩვენს შემთვევაში სებ-ის მხრიდან ამ პერიოდში, არანაირ ჩარევას არ ქონია ადგილი კურსის დასასტაბილურებლად, იმ მოტივით, რომ ბაზარზე საგარეო შოკები ზემოქმედებდნენ. სწორედ საგარეო შოკებით და მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებით ხსნიდა, სებ-ი  ლარის ისტორიულ დევალვაციას. თუმცა სებ-ი ლარის მდგომარეობას, არამხოლოდ არ ამსუბუქებდა, არამედ პირიქით, თავისი პოლიტიკით კიდევ უფრო ამძიმებდა.

უფრო კონკრეტულად კი როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეროვნულ ბანკს აქვს სავალუტო რეზერვები, რომელიც მიზნობრივზე დაბალ მაჩვენებელზეა და სსფ-ს რეკომენდაციაცაა, რომ მისი შევსება მოხდეს, მაგრამ ხელსაყრელ დროს, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის საშუალებას იძლევა. სწორედ ამ მიზნით, სებ-მა ბოლო 3 წელიწადში 460 მლნ დოლარი შეისყიდა, რითაც მნიშვნელოვნად შეარყია ეროვნული ვალუტა. თუმცა ესეც არაფერი, ამის პარალელურად ცენტრალურმა ბანკმა ბოლო სამ წელიწადში თითქმის 5 მლრდ-ით გაზარდა M2 აგრეგატი, (ლარის მასა) რითიც ცხადია კიდევ უფრო დაამძიმა, მის მიერ დოლარის შესყიდვით შექმნილი, ისედაც მძიმე მდგომარეობა.

იმის მიუხედავად, რომ წლის განმავლობაში ლარზე ეგზოგენური ფაქტორებიც ზემოქმედებდნენ სებ-მა მხოლოდ, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე,  M2 აგრეგატი 1.7 მლრდ-ით გაზარდა, რაც ცხადია ძალიან დიდი წნეხია ეროვნული ვალუტისთვის. თუმცა სებ-ი და მისი პრეზიდენტი ლარის მდგომარეობას, არა მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკით, არამედ, როგორც ზევით ვახსენეთ, მაკროეკონომიკური ფაქტორებითა და საგარეო შოკებით ხსნიდნენ.

მაგრამ მეორე კვარტლის მონაცემების გამოქვეყნებამ, ეს არგუმენტებიც გამოაცალა ეროვნულ ბანკს. კერძოდ გამოქვეყნდა რიგი იმ მაკრო ეკონომიკური პარამეტრებისა, რომელსაც ზეგავლენა უნდა მოეხდინა ეროვნულ ვალუტაზე, თუმცაღა თითქმის ყველა პარამეტრი, მათ შორის ტურიზმის სტატისტიკაც გაუმჯობესებული იყო. კონკრეტულად მეორე კვარტალში 13,4 %-ით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით, 7%-ით გაიზარდა ივლისში ფულადი გზავნილები, ზრდა დაფიქსირდა ექსპორტის მიმართულებითაც 12 %-ი.

 

ეროვნული ბანკის არასახელმწიფოებრივი პოლიტიკა

ლარის გაუფასურება მეორე კვარტლის შემდეგაც გაგრძელდა, ზემოთ მოყვანილმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმა საზოგადოებისთვის ნათელი გახადა, რომ ლარს არა ეკონომიკური ფაქტორები, როგორც ამას სებ-ი განმარტავდა, არამედ რაღაც სხვა აუფასურებდა. ეს რაღაც სხვა კი, იყო უკვე ნახსენები მონეტარული პოლიტიკა, რომელიც ცენტრალურ ბანკს აქვს არჩეული.

სწორედ ამ პოლიტიკის გამო კურსი ივლისის ბოლოს 2.96 ნიშნულს გადასცდა, ეკონომისტები, ეკონომიკური გუნდი, ყველა ერთხმად ამბობდა, რომ ვალუტა იმაზე მეტადაა გაუფასურებული, ვიდრე ამას მაკროეკონომიკური პარამეტრები განაპირობებენ და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ ცენტრალური ბანკისგან. ეროვნულ ბანკზე არსებული ზეწოლიდან გამომდინარე, 1 აგვისტოს სებ-ი იძულებულია 40მლნ დოლარის ინტერვენცია გააკეთოს სავალუტო ბაზარზე, საიდანაც ბაზარი 38 მლნ ითვისებს. არსებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში პირობებშიც კი ერთი ინტერვენცია საკმარისი აღმოჩნდა ლარისთვის, რათა პოზიციები 7 თეთრით გაემყარებინა. თუმცა ამის პარალელურად სებ-ი ყოვლად გაუგონარ და ამოუხსნელ ნაბიჯს დგამს, ინტერვენციიდან მეორე დღესვე, ცენტრალური ბანკი რეფინანსირების სესხების სახით, ლარის მასის ზრდას იწყებს.

უფრო კონკრეტულად კი ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე დოლარის გამოტანიდან ერთი კვირის განმავლობაში, ინტერვენციასთან შედარებით, 15-ჯერ მეტი ლარი გაუშვა მიმოქცევაში. კერძოდ კი სებ-მა 1 აგვისტოდან 8 აგვისტომდე, რეფინანსირების სესხები 1.2 მლრდ- დან, 1.8 მლრდ-მდე გაზარდა, რითიც სრულიად დაუკარგა აზრი, თავისივე განხორციელებულ ინტერვენციას და კიდევ უფრო წაახალისა გაუფასურების ტრენდი. ეროვნული ბანკის ქმედების პროპორციულად დაიწყო ლარმაც გაუფასურება, თუ ინტერვენციის შემდეგ ლარი 7 თეთრით გამყარდა, მომდევნო ერთ კვირაში (ანუ როდესაც რეფინასირების სესხები გაზრდა სებ-მა) ლარი 5 პუნქტით გაუფასურდა.

 

დასკვნის მაგიერ

გაუგებარია თუ რას ემსახურება ეროვნული ბანკის, ასეთი არასახელმწიფოებრივი პოლიტიკა მაგრამ თუ ჯონ პერკინსს დავესესხებით, როგორც ის თავის გენიალურ ნაწარმოებში, „ეკონომიკური მკვლელის აღსარება“-ში განმარტავს, საერთაშორისო სფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის სსფ-ც, ხშირად მიზანმიმართულად, ამა თუ იმ მიზეზის გამო, ასუსტებენ სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ ვალუტებს. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ჩვენი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, სსფ-ს სტაჟიანი თანამშრომელი იყო, სებ-ის პრეზიდენტობამდე, ბევრ რამეს ნათელი ეფინება. ახლა ისღა დაგვრჩენია, თავად საზოგადოებამ განსაჯოს, თუ რა მიზანს ემსახურება, ლარის მიზანმიმართული დასუსტება.