რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

21.11.2019 | ნანახია 25-ჯერ



რეიტინგებში დამალული ეკონომიკური პრობლემები

ბოლო პერიოდში ხელისუფლება აქტიურად აპელირებს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებით, ამით ეკონომიკური გუნდის არაერთი მინისტრი იწონებდა თავს. მართლაც თუ მიმდინარე წელს გადავხედავთ, მსოფლიო ბანკის 2020 წლის რეიტინგში საქართველო მოწინავე პოზიციებს იკავებს. კერძოდ კი ბიზნესის კეთების სიმარტივით (Doing Business) საქართველო 190 ქვეყანას შორის 7 ადგილს იკავებს. მართალია ქვეყანა წინა წელს 6 პოზიციას იკავებდა და მისი რეიტინგი ერთი საფეხურით გაუარესდა, თუმცა ეკონომიკის მინისტრმა, მაინც სიამაყით გვამცნო მსოფლიო ბანკის რეიტინგში, საქართველოს პირველ ათეულში დარჩენა.

თავის მხრივ ქვეყანა ბოლო წლებში, მართლაც იუმჯობესებს პოზიციებს სხვადასხვა რეიტინგებში, თუმცა რამდენად ასახავს ეს რეიტინგები ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობას ეს კიდევ ცალკე საკითხია.

ასე მაგალითად, Fraser institute-ის 2018 წლის ანგარიშის თანახმად „მსოფლიო ეკონომიკური თავისუფლება“, საქართველომ მსოფლიოს 162 ქვეყანას შორის 8.02 ქულით მე-7 ადგილი დაიკავა. ასევე საქართველო მოწინავეა Heritage Foundation „ეკონომიკური თავისუფლების ინდექსში“. 2019 წლის კვლევის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 75.9 ქულით მე-16 პოზიციაზე „უმეტესად თავისუფალი“ სტატუსით, ხოლო რეგიონის 44 ქვეყანას შორის მე-8 ადგილზეა. საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია Fitch-ის რეიტინგშიც. კერძოდ Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი ერთი პოზიციით დააწინაურა და მას BB მიანიჭა.

თუმცა ზემოთ მოყვანილი პოზიტიური მონაცემების გარდა, საქართველოს პოზიციები გაუარესდა არაერთი მიმართულებით, სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიების კვლევებშიც, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ ამ მონაცემებზე არავინ საუბრობს.

მაგალითად 2018 წლის მონაცემებით ქვეყანამ 3 პოზიციით უკან დაიხია “ფრაიზერის” ეკონომიკური თავისუფლების რეიტინგში. ეს რეიტინგი ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას მთავრობის ზომის, რეგულაციების, თავისუფალი საერთაშორისო ვაჭრობის, ფასების სტაბილურობის, კანონის უზენაესობისა და საკუთრების დაცვის მიხედვით აფასებს.

2018 წლის მონაცემებით ქვეყანამ პოზიციები დათმო კორუფციის აღქმის ინდექსშიც. კერძოდ აღნიშნულ ინდექსში 2017 წელს საქართველო 44-ე ადგილზე იყო, 2018 წელს კი 46-ე ადგილზე (180 ქვეყანას შორის) გადაინაცვლა.

2018 წელს საქართველომ ერთი პოზიციით წინ წაიწია გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ 2017 წელს, ამავე რეიტინგში ქვეყანამ 8 პოზიციით უკან დაიხია. 2 წლის შედეგებით კი ხსენებულ ინდექსში, რომელსაც მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი აქვეყნებს, საქართველომ 7 პოზიციით უკან დაიხია.

ხსენებული მონაცემების ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველო მხოლოდ პოზიტიურ ძვრებს არ განიცდის საერთაშორისო რეიტინგებში, როგორც ამას ეკონომიკურ გუნდში აცხადებენ. თუმცა რა არის საერთაშორისო რეიტინგები და რეალურად რა გავლენა აქვს მას, ქვეყნის ეკონომიკაზე?!

საერთაშორისო რეიტინგები ეს არის, ერთგვარი გზამკვლევი, ინფორმაცია პოტენციური ინვესტორისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი ან საიმედოა, ესა თუ ის ქვეყანა, ბიზნეს საქმიანობისთვის. საერთაშორისო რეიტინგებს, მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.

მაგალითად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ჯერ კიდევ 2013 წელს დაავალა ეკონომიკურ გუნდს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა 2018 წლისთვის რუსეთი Doing Business-ის ოცეულში მოხვედრილიყო. მართალია აღნიშნული გეგმა ვერ შესრულდა, თუმცა 2018 წლისთვის რუსეთმა რეიტინგში 31-ე პოზიციამდე დაწინაურება შეძლო.

 

საქართველოს საინვესტიციო გარემო გაუმჯობესებული რეიტინგების ფონზე

როგორც ვახსენეთ რეიტინგებს, მნიშვნელოვანი როლი აქვს ქვეყნის საინვესტიციო ცხოვრებაში. შესაბამისად წესით საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესება პოზიტიურად უნდა მოქმედებდეს, ქვეყნის საინვესტიციო კლიმატზე და ახალისებდეს ინვესტიციების შემოდინებას. მაგრამ თუ მონაცემებს ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ეს ასე, სულაც არ არის და გაუმჯობესებული რეიტინგების ფონზე, ქვეყანაში ინვესტიციები წლიდან წლამდე მცირდება.

მაგალითად, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების მიხედვით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ, 2019 წლის მეორე კვარტალში 187.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის მეორე კვარტლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53.7 პროცენტით ნაკლებია.

თუმცა, ეს მხოლოდ მიმდინარე წლის სტატისტიკა არ არის. მაგალითად, თუ 2017 წელს ქვეყანაში 1.9 მლრდ FDI-ი განხორციელდა, 2018 წელს, მისი მოცულობა 1.2 მლრდ-ს არ აღემატებოდა. მეტიც, თუ ბოლო წლების სტატისტიკას ჩავხედავთ დავინახავთ, რომ ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წელია, შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

აღნიშნულ ტენდენციაზე არაფერს ამბობენ ეკონომიკურ გუნდში, თუმცა მიმდინარე წელს მკვეთრად შემცირებულ FDI-ის, ტექნიკური საკითხებით ხსნის, თავად სტატისტიკის სამსახური. კერძოდ, როგორც საქსტატში, ისე ეკონომიკურ გუნდში ინვესტიციების მკვეთრ შემცირებას ისეთი მიზეზებით ხსნიან როგორებიცაა, მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა) და რეინვესტიციის მოცულობის შემცირება.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ აღნიშნული პროექტი მართლაც დასრულდა და რეზიდენტი პირების საკუთრებაში გადასულ აქტივებსაც შეუძლია ტექნიკური ზეგავლენა მოახდინოს მონაცემებზე, თუმცა არა ისეთი მასშტაბური, რომელიც რიცხვებში გვიფიქსირდება. ასეთ შემთხვევაში ისმის კითხვა, მაშინ რა განაპირობებს FDI-ის შეუქცევად კლებას წლების განმავლობაში ?!

 

სახელმწიფოს მიდგომები და საინვესტიციო პოლიტიკა

საქმე ისაა, რომ ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას საერთაშორისო რეიტინგების გარდა განაპირობებს, ისეთი დეტალები, როგორიც არის სახელმწიფოს მიდგომა სხვადასხვა დარგების მიმართ, სახელმწიფოს ურთიერთობები ინვესტორებთან და ა.შ. მოკლედ, რომ ვთქვათ სახელმწიფოს საინვესტიციო პოლიტიკა.

სამწუხაროდ, საქართველოს საერთოდ არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ყოველ შემთვევაში, მას დღის სინათლე, ნამდვილად არ უნახავს. ამის ნათელი მაგალითია ენერგეტიკის სამინისტროს გაუქმება, მარტივად რომ ვთქვათ, ქვეყანა, რომლის მთავარი რესურსიც წყალია და, შესაბამისად, ჰიდრო რესურსების ხარჯზე ცდილობს ინვესტორების მოზიდვას ენერგეტიკაში, აუქმებს ენერგეტიკის სამინისტროს. აღნიშნულ რეალობას უფრო ნათლად აღვიქვამთ, თუ გასულ წელს უშუალოდ ენერგეტიკის სექტორში შემოსულ ინვესტიციებს შევხედავთ, რომელიც თითქმის 100%-ით არის შემცირებული.

კერძოდ, სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2018 წლის IV კვარტალში ენერგეტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, სულ 3.7 მილიონი დოლარი ჩაიდო, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 96%-ით ნაკლებია. დღეს ჩვენი საინვესტიციო პოლიტიკა დახლოებით ასე გამოიყურება, რაც მეტი მით უკეთესი. ეს მიდგომა კი ყოველთვის არ ამართლებს და მრავალი ხარვეზიც აქვს.

 ასე მაგალითად, თუ საინვესტიციო მიმართულებებს ჩავხედავთ, მუდმივად მოწინავე პოზიციების იკავებს, მაგალითად საფინანსო სექტორი და მუდმივად უკანასკნელ ადგილზეა (და ხშირად ინვესტიციების გადინებასთანაც გვაქვს საქმე) სოფლის მეურნეობა. ეს ბუნებრივი პროცესია, რადგანაც ინვესტორი ინტერესდება იმ დარგით, რომელიც უფრო მაღალ ლიკვიდურია, ანუ რომელი დარგიდანაც მეტ მოგებას მიიღებს ნაკლებ დროში. ინვესტორებისთვის ნაკლებად მიმზიდველი დარგები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ეკონომიკას გააჩნია და ეს მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის.

აქედან გამომდინარე, ამის „წამალიც” უკვე არსებობს. ასეთ დარგებს სჭირდებათ დამატებითი მოტივაცია, დამატებითი ბიძგი ინვესტორისთვის, რომ მან თავისი კაპიტალი შედარებით ნაკლებ მომგებიან დარგში დააბანდოს. ინვესტორებისთვის ნაკლებ პოპულარული დარგების წასახალისებლად იყენებენ, ისეთ ბერკეტებს მაგალითად, როგორიც არის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორში, სხვადასხვა რეგულაციების შერბილება ან საერთოდ გაუქმება. ასევე, განვითარებადი ქვეყნები ხშირად მიმართავენ სხვადასხვა საგადასახადო ლიბერალიზაციას ე.წ. საგადასახადო სამოთხეების მოწყობას და ა.შ. სწორედ ასეთი დარგებისთვის არსებობს საინვესტიციო პოლიტიკა, რომელთაც სჭირდებათ სპეციფიკური მიდგომა. სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს საინვესტიციო პოლიტიკა, რომლის ფარგლებშიც მსგავსი სენსიტიური დარგებისთვის, სპეციალური მოქმედების გეგმა იქნება შემუშავებული იმდენად, რამდენადაც ზემოთ ხსენებული ზოგადი ნაბიჯების გადადგმა საკმარისი არ არის, რასაც ციფრებიც გვაჩვენებს.

 

სახელმწიფო ინსტიტუტები და პოლიტიკური გარემო

მართალია ბიზნესის დაწყების სიმარტივით საქართველო პირველ ადგილზეა, თუმცა ბიზნესის დაცულობის კუთხით, არც თუ საამაყოდ აქვს ქვეყანას საქმე. იმის მიუხედავად, რომ ქვეყანამ 2012 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა მდგომარეობა, საკუთრების უფლებების კომპონენტში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2018 წლის „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო 48-ე ადგილს იკავებს.

თავის მხრივ ყველა ინვესტორისთვის უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად დაცულად გრძნობს თავს, ამა თუ იმ ქვეყანაში, ბიზნესის კეთების დროს. ბიზნესის დაცულობას კი სხვა არაფერი განაპირობებს, თუ არა ინსტიტუტების სიძლიერე. ამ მიმართულებით უმთავრესია სასამართლო სისტემა, რომელსაც ჩვენს რეალობაში, არაერთი ხარვეზი აქვს, რასაც, ცხადია, კარგად ხედავენ პოტენციური ინვესტორები.

ამის ნათელი დასტური იყო ამერიკული კომპანიების საქმე, რომლებიც თბილისის საქალაქო სასამართლომ, კოლოსალური თანხით დააჯარიმა. კერძოდ, საქმე ეხებოდა British American Tobacco-სა და Philip Morris-ის ქეისს, რომელიც ქართულმა სასამართლომ, ჯამში 362 მლნ ლარით დააჯარიმა. კოლოსალური ჯარიმის გარდა საქმეში კიდევ მრავალი საეჭვო გარემოება ფიქსირდებოდა. მაგალითად, სასამართლოს გადაწყვეტილებას საეჭვოდ ხდიდა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს 2016 წელს 29 დეკემბრის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, უფილტრო და ფილტრიანი სიგარეტების ბაზარზე კონკურენტული გარემოა და მწარმოებელ/იმპორტიორ კომპანიებს შორის მიმდინარეობს მეტოქეობა და ბაზარზე არ შეინიშნება კონკურენციის შემზღუდველი პირობები და ხელოვნურად შექმნილი ბარიერები. ამ დასკვნიდან ზუსტად სამ თვეში კი სასამართლო სწორედ ამ მუხლების დარღვევაში ცნობს დამნაშავედ ამერიკულ კომპანიას და ქართული კომპანიის სასარგებლოდ უპრეცენდენტოდ დიდ ჯარიმას აკისრებს. თუ დავუშვებთ, რომ ამ სამ თვეში მართლაც შეიცვალა თამბაქოს ბაზარზე სიტუაცია და ამერიკული კომპანიები მართლაც არღვევდნენ ჯანსაღი კონკურენციის პირობებს (რაც სამი თვის ვადაში პრაქტიკულად შეუძლებელია) როგორც ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაში იყო ნათქვამი, ამის მიუხედავადაც ამერიკული კომპანიისთვის განსაზღვრული საჯარიმო თანხა, მაინც უსამართლო გამოდის იმდენად, რამდენადაც, შეუძლებელია ქართულ კომპანიას სამი თვის ვადაში, ზემოთ ხსენებული ზარალი მიეღოთ.

მეორე საკმაოდ საეჭვო გარემოება გახლდათ ის, რომ ორივე დავა ერთსა და იმავე მოსამართლესთან მოხვდა და ორივე დავაზე გადაწყვეტილება, ერთსა და იმავე დღეს გამოიტანა საქალაქო სასამართლომ.

ამ ქეისიდან გამომდინარე, ქვეყანა საერთაშორისო სკანდალს, საპელაციო სასამართლომ გადაარჩინა, რომელმაც გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, თუმცა მხოლოდ მას შემდეგ რაც ამერიკის ელჩმა საჯაროდ დააყენა საქართველოში ინვესტორების დაცულობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ.

კიდევ ერთი გარემოება, რაც საკმაოდ ნეგატიურად აისახა საინვესტიციო გარემოზე, არის ქვეყანაში არსებული არასტაბილური ფონი და რაც მთავარია ეკონომიკური გუნდის ხშირი ცვლა. მაგალითად ბოლო 2 წელიწადში ქვეყანამ 4 ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა. ასეთი რეალობა, ცხადია არცერთ ინვესტორს არ აძლევს სტაბილურობის განცდას, მით უფრო ე.წ. ჰორიზონტალური ინვესტიციის, მარტივად, რომ ვთქვათ, გრძელვადიანი ინვესტიციის განხორციელების შემთხვევაში.

 

დასკვნის მაგიერ

როგორც ზემოთ ვახსენეთ რეიტინგებით თავის მოწონება, უკვე კარგად აპრობირებული პრაქტიკაა და სხვადასხვა ეკონომიკური პრობლემების გადასაფარად კარგად გამოიყენება. თუმცა მოდით სხვადასხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები და ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობა, ცოტა ხნით გვერდით გადავდოთ და წმინდა მონაცემებს შევხედოთ, თუ უშუალოდ სად ვართ რეიტინგების მიხედვით და რას ნიშნავს ჩვენთვის მონიჭებული ქულები.

მაგალითად ჩვენმა ქვეყანამ მიმდინარე წელს Fitch-ის რეიტინგში წინ წაიწია და BB რეიტინგი მიენიჭა. რეიტინგის გაუმჯობესება ცხადია ცუდი არ არის, თუმცა რამდენად კარგი პოზიციები უკავია საქართველოს, არსებულ რეიტინგებში. ამის გასაგებად შევხედოთ ისეთ ქვეყნებს, რომელთაც აღნიშნული სარეიტინგო კომპანიები მსგავს შეფასებას აძლევენ. ასე მაგალითად, ზუსტად ჩვენნაირი შეფასება აქვს, ისეთ ქვეყნებს, როგორებიც არიან, გვატემალა, ვიეტნამი, სერბეთს და ბოლივია. აღსანიშნავია, რომ ამ უკანასკნელში, მიმდინარე წელს, მასობრივი გამოსვლები მიმდინარეობს და რევოლუციური პროცესების ფონზე, ბოლივიისი პრეზიდენტი ქვეყნიდანაც გაიქცა.

ჩვენზე უკეთესი შეფასება BB+ აქვს, აზერბაიჯანს და სამხრეთ აფრიკას. თვალსაჩინოებისთვის მაგალითად  BB რეიტინგის შემდეგ, სარეიტინგო შკალაზე, კიდევ 10 საფეხურია, უმაღლეს მაჩვენებლამდე და ამ შეფასებით ქვეყანა, მხოლოდ ბოლოდან მერვე ადგილს იკავებს.

საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ რეიტინგებს ნამდვილად აქცევენ ყურადღებას საერთაშორისო ინვესტორები თუ ორგანიზაციები, თუმცა მხოლოდ ამით ნამდვილად არ ფასდება ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი და არც ისეთი პოზიტიურია ჩვენი საერთაშორისო რეიტინგები, როგორსაც ერთი შეხედვით გვიხატავს, ეკონომიკური გუნდი თუ სხვადასხვა მედია-საშუალება.