როგორ აისახება საგადასახადო კოდექსის ცვლილებები ბიზნესზე

18.08.2014 | ნანახია 1701-ჯერ



როგორ აისახება საგადასახადო კოდექსის ცვლილებები ბიზნესზე

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით მთავრობის მიერ რეორგანიზაციის შემდეგ გადადგმული პირველი რეალური ნაბიჯი


ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია\" საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებათა მორიგი პაკეტის შესახებ პოზიციას ავრცელებს, რის შესახებაც 18 აგვისტოს \"რეპორტიორის\" პრეს-კლუბში ბრიფინგი გამართა.  ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ცვლილებები, რომლებიც ფინანსთა სამინისტრომ რამდენიმე დღის წინ წარმოადგინა, წინგადადგმული ნაბიჯია საგადასახადო გარემოს გაუმჯობესების და ბიზნესისთვის უფრო კომფორტული პირობების შექმნის მიმართულებით.


საგადასახადო კოდექსი ყოველთვის იყო ექსპერტების და სპეციალისტების კრიტიკის ობიექტი, მისი ორაზროვნების და ბიზნესისთვის ხშირად გაუგებარი მუხლების გამო. მისასალმებელია, რომ მთავრობა მუშაობს კოდექსის სრულყოფაზე და შარშანდელი ცვლილებების შემდგომ, წელსაც შემოგვთავაზა ცვლილებების პაკეტი, რომელიც, რაც მთავარია ბიზნესის მიერ იქნა მოწონებული. მოგეხსენებათ, 2013 წლის ზაფხულშიც შევიდა კოდექსში ცვლილებები, რომლებიც ითვალისწინებდა ფინანსთა მინისტრის მიერ კოდექსის ცალკეული ნორმების განმარტების უფლების შეკვეცას, დაუბეგრავი მინიმუმის ამოქმედებას, ერთიანი სახაზინო კოდის შემოღებას, ხანდაზმულობის ვადის შემცირებას 6 წლიდან 3 წლამდე და .. აღნიშნული ცვლილებები მაშინ მოწონებული იქნა საექსპერტო საზოგადოების და ბიზნეს-სექტორის მიერ.

აფბა\" მიესალმება იმ ფაქტს, რომ კოდექსზე დახვეწაზე მუშაობა მიმდინარეობს ბიზნეს-სექტორთან აქტიური კომუნიკაციით და როგორც თავად ბიზნესმენები აცხადებენ, ხდება თითქმის ყველა იმ წინადადების გათვალისწინება, რომელსაც ბიზნესი სახელმწიფოს სთავაზობს. ბიზნესის ინტერესების გათვალისწინების გარეშე რთულია ეფექტური კოდექსის შექმნა და ამდენად, ბიზნესის ჩართულობა საგადასახადო კოდექსის დამუშავებაში უდავოდ დადებითი ფაქტია.


სწორედ ამ კოორდინაციის და თანამშრომლობის შედეგია ლილებათა ახალი პაკეტიც. მოგეხსენებათ, აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს:

- შიდა გადამუშავებაში მოქცეული საქონლის გადამუშავებისთვის გაწეული მომსახურების დღგ-სგან გათავისუფლებას;

- ტურისტული საწარმოს საგადასახადო ვალდებულებების შესრულების მექანიზმების გამარტივებას;

- მცირე მეწარმეთათვის ისეთ მნიშვნელოვან შეღავათებზე, როგორიც საკონტროლო სალარო-აპარატის გამოყენების წესების დარღვევისთვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული, დარიცხული და გადაუხდელი ჯარიმის ჩამოწერას და 5000 ლარამდე დავალიანების უზრუნველყოფის გარეშე ერთი წლით გადავადებას;

 

- 2005 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და დღემდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხისა (თუ მას შემდგომ პერიოდში აქტივობები არ უფიქსირდება) და 2009 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული ჯარიმა-საურავის ჩამოწერას (აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით).


„აფბა\" მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები გააუმჯობესებს ბიზნესის საქმიანობის გარემოს და გააჩენს სტიმულებს ბიზნესის განვითარებისთვის. მაგალითად, თუ ინვესტორი აშენებს სასტუმროს, შემდგომ ყიდის ნომრებს და უკან იღებს მართვის ან იჯარის უფლებით, გაყიდვის მომენტში თავისუფლდება დღგ-ს გადასახადისგან, რაც ნიშნავს, რომ გაყიდვის პროცესში მიღებული თანხა მთლიანად რჩება კომპანიას და მას აქვს მეტი შემოსავალი და სტიმული, რომ განახორციელოს სხვა მსგავსი პროექტები და განავითაროს ტურისტული პოტენციალი.


ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ სახელმწიფოს და ბიზნეს-სექტორის თითქმის 2 წლიანი თანამშრომლობა საგადასახადო კოდექსის დახვეწის მიმართულებით შედეგიანად და წარმატებულად მიმდინარეობს და ამ ტენდენციის შენარჩუნების და გაძლიერების შედეგი აუცილებლად გახდება ისეთი კოდექსი, რომელიც ბიზნეს-საქმიანობის შეფერხების და განვითარების შეზღუდვის რისკს მინიმუმადე დაიყვანს და რომლის პირობებშიც ბიზნესი კომფორტულად იფუნქციონირებს.

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\"