აფბა: კრიმინოგენური ვითარება ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს

5.09.2014 | ნანახია 1605-ჯერ



აფბა: კრიმინოგენური ვითარება ეკონომიკურ პროცესებზე ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბას\" განცხახებით, ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება საგანგაშო არ არის და ის ვერც ეკონომიკურ პროცესებზე მოახდენს გავლენას. ამ თემაზე ორგანიზაციის პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ „პირველის პრეს–კლუბში\" ვრცლად ისაუბრა. 

ჭიჭინაძის შეფასებით, კრიმინოგენური ვითარების შესახებ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი პოზიციაა, რაც სავსებით ბუნებრივია, თუმცა ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს რეალობის მიკერძოებულად წარმოჩენას და არსებული სურათის დამახინჯებას.– „ნებისმიერი შეფასების გაკეთების დროს კი ამოსავალი წერტილი უნდა იყოს ის ოფიციალური სტატისტიკა, რომელსაც შესაბამისი სტრუქტურები აქვეყნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით კი ქვეყანაში მიმდინარე წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით სულ რეგისტრირებულია დანაშაულის 12 881 ფაქტი, შეგახსენებთ, რომ გასულ წელს დროის იგივე პერიოდში რეგისტრირებული იქნა დანაშაულის 15 503 შემთხვევა, ხოლო 2011 წელს, წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში, იანვარ-ივნისში დანაშაულის 18 923 შემთხვევა იქნა რეგისტრირებული. აქვე მოვიყვანთ გასული წლების წლიურ სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც 2011 წელს ჯამში დანაშაულის 32 263 შემთხვევა იქნა რეგისტრირებული, 2010 წელს - 34 739, 2009 წელს - 35 949, 2008 წელს - 44 644, 2007 წელს - 54 746, 2006 წელს - 62 283, 2005 წელს - 43 266, 2004 წელს - 24 856, 2003 წელს - 17397 (2003-2011 წლებში სულ რეგისტრირებული იქნა 350 143 დანაშაული, რომლის 40%-ს მძიმე დანაშაული შეადგენდა, – განაცხადა „აფბა\"–ს პრეზიდენტმა.

ამდენად, როგორც სტატისტიკა მეტყველებს, გასულ წლებში კრიმინალის მატების ტენდენცია გაცილებით ძლიერი იყო, თუმცა დღეს არსებული რეალობა, რომელიც ოფიციალურად დანაშაულის ფაქტების კლებაზე მიანიშნებს, საზოგადოების ცალკეული ნაწილისთვის, განსაკუთრებით ოპოზიციური ძალებისთვის მანიპულაციების და პოლიტიკური ქულების დასაწერ საგნად იქცა. „აფბა\" მიუღებლად მიიჩნევს პირადი პოლიტიკური მისწრაფებების სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დაყენებას. მთავარი არის კონკრეტული სტატისტიკა, რომელიც ცხადყოფს, რომ კრიმინოგენური ვითარება საგანგაშო არ არის, არ არის ზრდის ტენდენცია. ბუნებრივია, სამწუხაროა, დანაშაულის ის ფაქტები, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში გვესმის, თუმცა ამ ფაქტებზე პოლიტიკური პიარ-კამპანიის აგორება, პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს დააზარალებს.

ნოდარ ჭიჭინაძე ასევე აფასებს კრიმინოგენური გარემოს ბიზნეს გარემოზე ზემოქმედების საკითხსაც. „ჩვენი პოზიციით, არავითარი საფრთხე ამ მიმართულებით არ არსებობს, ოფიციალური სტატისტიკით თითქმის 4-ჯერ არის შემცირებული დანაშაულის რაოდენობა საკუთრების წინააღმდეგ და ეკონომიკური, სამეწარმეო, ფინანსური და მსგავსი ტიპის დანაშაულები, რომლებიც გავლენას ახდენენ ბიზნეს-საქმიანობაზე. ბიზნეს-გარემოს აზარალებს არა არსებული რეალობა, არამედ არსებული რეალობის მიკერდძოებულად აღქმა, ინტერპრეტირება და ტირაჟირება – აცხადებს ჭიჭინაძე.
 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\"