აფბა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს

15.09.2014 | ნანახია 1601-ჯერ



აფბა: ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს

„წინა ხელისუფლების დროს პროკურატურის კადრებით დაკომპლექტებული სამსახური ეფექტურად ვერ მუშაობს\"


   არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\" მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმა უნდა დაჩქარდეს და მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაწყებული მოვლენები, რომელიც სამსახურის რეორგანიზაციას გულისხმობდა, დროულად უნდა მივიდეს ბოლომდე. ამის შესახებ ორგანიზაციის წევრებმა სააგენტო „პირველის პრეს–კლუბში\" გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.


   მათი განცხადებით, 2014 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდა ცვლილებები „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ\" საქართველოს კანონში. აღნიშნული კანონის მეორე მუხლის მიხედვით ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაცია კანონის ამოქმედებიდან 2 თვეში უნდა მომხდარიყო, კერძოდ საქართველოს ეროვნულ ბანკს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უნდა განეხორციელებინათ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის დასაფინანსებლად საჭირო ღონისძიებები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უნდა უზრუნველეყო ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ქონების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა, ხოლო საქართველოს მთავრობას და საქართველოს ფინანსთა მინისტრს უნდა უზრუნველეყოთ სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა.


   \"აფბას\" პრეზიდენტის, ნოდარ ჭიჭინაძის თქმით, აღნიშნული 2 თვის ვადა უკვე გასულია და კონკრეტული შედეგი ჯერ-ჯერობით არ ჩანს. ამიტომ, „აფბა\" მიმართავს მთავრობას დააჩქაროს ის ნაბიჯები, რომლებიც ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეორგანიზაციისთვისაა საჭირო, ვინაიდან დღეს აღნიშნულ სამსახურში ისევ ის კადრები მუშაობენ, რომელთა „დამსახურებითაც\" ფინანსური მონიტორინგის სამსახური იყო პოლიტიზირებული და არაეფექტიანი უწყება, რომლის მთავარ მიზანს და ფუნქციას არა ფულის გათეთრებასთან და ტერორიზმის დაფინანსებასთან ბრძოლა, არამედ ოპონენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა წარმოადგენდა.


   „აფბა\" თავიდანვე მხარს უჭერდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის რეფორმირების იდეას და დღემდე იგივე პოზიციაზე რჩება, ვინაიდან წინა ხელისუფლების პირობებში ფინანსური მონიტორინგის სამსახური პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყო გადაქცეული და პროკურატორის ფაქტობრივ ქვედანაყოფს წარმოადგენდა. შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტები „აფბამ\" არაერთხელ გააჟღერა მედიის საშუალებით.


   შეგახსენებთ, რომ 2012 წელს, წინასაარჩევნო პერიოდში ფინანსური მონიტორინგის სამსახური აქტიურად იყო ჩაბმული ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური სუბიექტების კონტროლში და მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე პროკურატურა ცალკეული პირების საბანკო ანგარიშებს აყადაღებდა.


   „გარდა ამისა, ასევე გვინდა შეგახსენოთ 2010 წელს თურქეთში ქართველი სამართალდამცავების მიერ ებრაელი ბიზნესმენების დაკავების ფაქტი, პროკურატურის ამ ოპერაციაში მონაწილეობას იღებდა ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გონგლიაშვილიც, რომელიც პროკურატურამ ოპერატიულ სამძებრო ოპერაციაში ჩართო, როგორც საბანკო-საფინანსო სისტემების კონსულტანტ-სპეციალისტი და როგორც თარჯიმანი. ფაქტობრივად, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილე გახლდათ პროკურატურის აგენტი\" – აცხადებს ნოდარ ჭიჭნაძე.


   გარდა ამისა, „აფბა\" მიიჩნევს, რომ ფინანსური მონიტორინგის სამსახური რეალურად დამოუკიდებელი და აპოლიტიკური არასდროს ყოფილა. უფრო მეტიც, არც მისი საქმიანობა ყოფილა ეფექტიანი და შედეგიანი. ამას მოწმობს საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2012 წლის 3 ივლისის ანგარიში. გავლენიანი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან დაკავშირებით ქვეყანაში არასათანადო უწყებათაშორისი თანამშრომლობისა და კოორდინაციის შესახებ მიუთითებს (1357-ე და 1371-ე პუნქტები), აგრეთვე ყურადღერბას ამახვილებს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ანალიტიკური ფუნქციების სისუსტეზე (327-ე და 328-ე პუნქტები).


   „ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტები საკმარისი წინაპირობა იყო და არის სამსახურის რეფორმირებისთვის და სწორედ ამიტომ ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს ვუჭერთ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ\" კანონში შესულ ცვლილებებს და მივიჩნევთ, რომ მათი დროული იმპლემენტაცია ხელს შეუწყობს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ეფექტიანობის ამაღლებას, დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდას და პოლიტიკური მიზნებისგან მაქსიმალურ დისტანცირებას\"–დასძენს ჭიჭნაძე.

 

 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\"