„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ უერთდება ნათია ჯანაშიას ადვოკატების, ქალბატონ თამთა ჯანიაშვილისა და ბატონ ტარიელ კაკაბაძის მოთხოვნას, ფინანსურ პოლიციაში მიმდინარე გამოძიების დაჩქარების თაობაზე, სისხლის სამართლის საქმეზე #092060925001, რომელიც 4 მილიონი დოლარის მითვისებას ეხება“, – ამის შესახებ აფბას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი.
როგორც არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, წელიწადზე მეტია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე #092060925001, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით, შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის” კუთვნილი თანხის მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე. გამოძიების პერიოდი მოიცავს ნათია ჯანაშიასა და მისი მეუღლის, დავით ცეცხლაძის მენეჯმენტში ყოფნის პერიოდს (2019-2024 წლებს). აფბას შეფასებით, საგამოძიებო სამსახურს გააჩნია ყველანაირი დოკუმენტი იმისათვის, რომ მიმდინარე გამოძიება დაჩქარდეს და გონივრულ ვადებში დასრულდეს.
„საჯაროდ გავრცელებული და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება ავტორიტეტული საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ დადასტურებულ ფაქტებზე დაყრდნობით არის დაწყებული, სადაც დეტალურად არის დამტკიცებული 4 მილიონი დოლარის დატაცების საკითხი. როგორც ცნობილია, ჯანაშიას დირექტორობის პერიოდში, ლისზე აგებული სკოლის ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა თავდაპირველ ბიუჯეტთან შედარებით 2-ჯერ ძვირი დაჯდა, ხოლო იმ პერიოდში, ბაზარზე განხორციელებულ ანალოგიურ სამუშაოებთან შედარებით კი 3-ჯერ ძვირი.
სწორედ ეს გარემოებები, აისახა საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების დიდი ოთხეულიდან ერთ-ერთის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში, “საქართველოს განათლების ჯგუფის“ მიერ სამართალდამცავებთან მიმართვის საფუძველი გახდა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია გამოძიება, სისხლის სამართლის საქმეზე (#092060925001)“, – აცხადებენ აფბაში.
როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში ადასტურებენ, გარდა ზემოაღნიშნული გამოძიებისა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ბრიტანულ-ქართული აკადემიის გარშემო სხვა არანაირი გამოძიება არ მიმდინარეობს და ეს მონიტორინგის ფარგლებშიც ნათლად გამოიკვეთა.
„დაუშვებელია, მსგავსი ტიპის დანაშაული ვინმეს შერჩეს. თაღლითური სქემით 4 მილიონის დატაცება და მითვისება, რომელიც სკოლისთვის და მოსწავლეებისთვის უნდა დახარჯულიყო, დანაშაულებრივად დაილექა ჯიბეებში.
ვეთანხმებით ნათია ჯანაშიას ადვოკატებს, რომ გამოძიების გაჭიანურება გაუგებარია, რადგან დანაშაულის ყველა კომპონენტი დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით, რომელიც „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს წარდგენილი საგამოძიებო ორგანოში ნათია ჯანაშიას და მისი ქმრის წინააღმდეგ,
სავარაუდოდ, ბატონი ტარიელ კაკაბაძე და ქალბატონი თამთა ჯანიაშვილმა ყველაზე კარგად ხვდებიან, რომ მათ საკმარისი არგუმენტები არ აქვთ საქმის მოსაგებად – სტრასბურგის ყბადაღებული თემაც გამოძიების ეტაპზე მყოფ საქმეზე ამის დადასტურებაა და 2 კვირის წინ გავრცელებული ვიდეომიმართვის, ახლადჩატარებულ პრესკონფერენციად წარმოჩენაც. მაგრამ ის, რომ გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს, ამ საკითხში ჩვენ ერთიანი ვართ,“ – აცხადებენ აფბაში.


