აფბა: ყოფილი პრემიერ ნოღაიდელის მიერ ენერგო-პრო ჯორჯიასთვის სასათბურე პირობების შექმნამ კომპანიას საშუალება მისცა ბაზრის 70%-ი ხელში ჩაეგდო
9 ივნისს „რეპორტიორი“–ის პრეს კლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია „აფბა“–მ ბრიფინგი გამართა. ორგანიზაციის ანალიტიკოსმა პაატა ბაირახტარმა, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები ბიზნესში უხეშ ჩარევაში დაადანაშაულა.
„სახელმწიფოს ჩარევა ეკონომიკაში და ბიზნესში წინა ხელისუფლების პერიოდში, შეიძლება ითქვას, ყოველგვარ ზღვარს იყო გადასული. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოს შეექმნა ბიზნესის ხელშეწყობისთვის შესაფერისი საკანონდებლო ბაზა და ბაზრის განვითარებისთვის ეზრუნა, ამ პროცესზე პასუხიმგებელი უმაღლესი რანგის ჩინოვნიკები პირადად მონაწილეობდნენ ბიზნეს–გადაწყვეტილებებში.“
ანალიტიკოსის განცხადებით ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია წარმოადგენს ერთ–კონკრეტულ მაგალითს, რომელიც საქართველოში ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საქმიანობის დაწყებას ეხება და რომელშიც, როგორც დაინტერესებული მხარე, პირდაპირ და დაუფარავად იყო ჩართული ყოფილი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი.
„საქმე ის არის, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სახელმწიფომ, მთელი რიგი უკანონო და საზოგადოებრივი ინტერესების შეუსაბამო გადაწყვეტილებებით, ხელოვნურად შეუქმნა ხელსაყრელი სასათბურე პირობები, რის შედეგადაც კომპანიამ მოახერხა ბაზრის 70%-ის ხელში ჩაგდება. ახალგაზრდა ფინასისტები მივიჩნევთ, რომ ნოღაიდელის ამ სუბიექტურმა და დიდი ალბათობით, კორუფციულმა გადაწყვეტილებამ, მოსახლეობას ცხოვრება საგრძნობლად გაუძვირა და ამდენად აუცილებელია ამ საკითხით დაინტერესდნენ საგამოძიებო ორგანოები.
2006 წლის ივნისში საქართველოს მთავრობამ რვა კომპანიის მიერ წარდგენილი საპრივატიზაციო განაცხადებიდან ჩეხური კომპანია შეარჩია (კიდევ სხვა საკითხია, რამდენად სამართლიანად წარიმართა შერჩევის პროცესი), რომელიც მზად იყო ორ სადისტრიბუციო კომპანიასა და ექვს ჰესში საქართველოს ბიუჯეტში 312 მილიონი აშშ დოლარი გადაეხადა.
თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, კერძოდ 5 თებერვალს პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი უკვე საჯაროდ აცხადებდა, რომ ენერგოობიექტების 312 მილიონ აშშ დოლარად გაყიდვა ელექტროენერგიაზე ტარიფების მატებას გამოიწვევდა, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა. სატენდერო პირობები მალევე გადაიხედა და გადაწყდა, რომ 312 მილიონი აშშ დოლარის ნაცვლად „ენერგო-პრო“ 132 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდა.
ტარიფების ზრდა მალევე და მასშტაბურად განხორციელდა. ენერგოპროს, აქტივების გადაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაუწესდა ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფით გაყიდვის შესაძლებლობა. სახელმწიფოს ხარჯზე ნოღაიდელის „ენერგეტიკული თამაშებს“ ადასტურებს ამ გარიგებამდე რამდენიმე თვით ადრე მიღებული სემეკის გადაწყვეტილება, რომელიც ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის და საფეხურიანი ტარიფის შემოღებას ადგენდა (ამან შემდგომში „ენერგოპროს“ საქმე გაუადვილა).
ეს დადგენილება აწესებს არა მარტო თბოგენერაციის, არამედ ჰიდროგენერაციის, რეგიონებში დისტრიბუციის, გადაცემისა და დისპეჩერიზაციის ტარიფებს, სიხშირეების და მოხმარების საფეხურების მიხედვით.
ამდენად, 2007 წლის თებერვალში, სახელმწიფო სახსრებით, ნაწილობრივ აღდგენილი გენერაციის (ლაჯანური), მაღალი, საშუალო და დაბალი ძაბვის ელექტროგდამცემი ხაზები (110, 35- 10, და 6-0.4 კვ.) და საერთო მრიცხველებით აღჭურვილი რეგიონული დისტრიბუციის სისტემა (კახეთის და თბილისის დისტრიბუციის გარდა), დადგენილი საფეხურიანი ტარიფებით (რომლებიც არა „ენერგო-პრო-ჯორჯიას", არამედ სახელმწიფოს მიერ გაწეულ დანახარჯებს ასახავდა) ხელშეკრულებით „ენერგო-პრო-ჯეორჯიას" გადაეცა.
ამრიგად „ენერგო-პრო-ჯორჯია" იყენებს ტარიფს, რომელიც მისი დანახარჯების მიხედვით არ არის გაანგარიშებული და მას ხელშეკრულებით ასევე მინიჭებული აქვს უფლება, მოითხოვოს მთავრობის მხრიდან სემეკის დავალდებულება, რომ ამ უკანასკნელმა მიიღოს გადაწყვეტილება ტარიფის ინდექსაციისა და კომპანიის მიერ რეგიონებში ინდივიდუალური გამრიცხველიანების პერიოდის დადგენის შესახებ.
ამ ყველაფრით საქართველოს პრემირ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, კმაყოფილი აცხადებდა, რომ საბოლოოდ, შეთანხმება ყველა მხარისთვის მისაღები აღმოჩნდა. როგორც მაშინ ნოღაიდელი აცხადებდა, ყველანი ძალიან კმაყოფილი უნდა ყოფილიყვნენ, რადგან უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო მდგრად ენერგეტიკის სექტორს მივიღებდით, 132 მილიონი დოლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩაირიცხებოდა, ხოლო დანარჩენი თანხის ინვესტირებას ჩეხური კომპანია სარეაბილიტაციო პროექტებში განახორციელებდა.
საბოლოოდ კი გამოვიდა ისე, რომ „ენერგოპროს“ შესაძენი ქონების ღირებულება 200 მილიონი დოლარით შეუმცირდა და ელექტროენერგიის გასაყიდი ტარიფიც გაეზარდა.
პრემიერ-მინისტრმა (რომელიც მანამდე, როგორც საკონსულტაციო ჯგუფ „დამენია, ვარშალომიძე, ნოღაიდელი, ქავთარაძის“ დამფუძნებელი აქტიურად ლობირებდა „ენერგოპროს“) მაშინ, რბილად რომ ვთქვათ, იცრუა, რადგან ქონების ღირებულება კი არ მოქმედებს ტარიფზე, არამედ ტარიფზე აისახება საინვესტიციო თანხა, რომელიც არასად ჩანს.
საბოლოდ გამოვიდა რომ "ენერგო-პრო" ქვეყნის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია გახდა, რომლის მომხმარებელთა საერთო რაოდენობა 875 000 აჭარბებს.
ახალგაზრდა ფინასისტები მივიჩნევთ რომ აუცილებელია დაიკითხოს „ნაციონალური მოძრაობის“ მთავრობის მაშინდელი პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და დაიწყოს ამ საქმის სკურპლუოზური შესწავლა.“
განაცხადა ბაირახტარმა „რეპორტიორი“–ს პრეს კლუბში სტუმრობისას და დასძინა რომ სადღეისოდ, "ენერგო-პრო ჯორჯია" საქართველოში აბონენტების რაოდენობით, ელექტროენერგიის გაყიდვების და მომსახურების არეალის (ტერიტორიის) მოცულობით, ელექტროენერგიის წარმოებისა და განაწილების მასშტაბით, მონოპოლისტი ენერგოკომპანიაა. იგი ქვეყანაში 15 საშუალო სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურს ფლობს, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 469,25 მეგავატს აჭარბებს. კომპანიის საკუთრებაში არსებული ჰესები მთელ საქართველოშია განლაგებული. ასევე საყურადღებოა, რომ კომპანიის დისტრიბუციის არეალი საქართველოს ტერიტორიის (90%- ზე მეტს მოიცავს.