„აფბა“: ეროვნული ბანკის ქმედებები ლარზე ნეგატიურად აისახება

22.07.2015 | ნანახია 1764-ჯერ



„აფბა“: ეროვნული ბანკის ქმედებები ლარზე ნეგატიურად აისახება

რეფინანსირების სესხების მოცულობა კვლავ იზრდება, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება - ასე ეხმაურება „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ გასულ კვირაში ეროვნული ბანკის მხრიდან კომერციულ ბანკებზე რეკორდულად მაღალ - 1 მილიარდ 120 მილიონი ლარის სესხის გაცემას.

რეფინანსირების, ასევე მუდმივმოქმედი და ერთდღიანი სესხების მუცულობის მკვეთრმა ზრდამ, 855 მილიონი ლარიდან 1,120 მილიარდ ლარამდე გასულ კვირაში ლარის კურსზე ნეგატიურად იმოქმედა და ლარი რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.

მოკლევადიანი, ერთკვირიანი რეფინანსირების სესხები, პრაქტიკულად, გრძელვადიან სესხად იქცა, რადგან რამდენიმე თვეა მისი მოცულობა პერმანენტულად იზრდება.

2013 წელს რეფინანსირების სესხების ნაშთი 36 მილიონი ლარით გაიზარდა და წლის ბოლოსთვის 400 მილიონი ლარი შეადგინა (წლის განმავლობაში 1 მილიონ ლარსაც კი ჩამოსცდა). 2014 წელს ნაშთი 400-დან 712 მილიონ ლარამდე გაიზარდა, მიმდინარე წელს კი ისტორიული მაქსიმუმი - 1,120 მილიარდი ლარი დაფიქსირდა, ანუ 2014 წლიდან მოყოლებული რეფინანსირების სესხების მოცულობა თითქის გასამმაგდა.

როდესაც პერმანენტულად და მასშტაბურად ხდება რეფინანსირების სესხების ზრდა, როდესაც ეს პროცესი ერთ წელიწადზე მეტია მიმდინარეობს, არგუმენტი იმის შესახებ, რომ ამ სესხებით ხდება ბანკებისთვის მოკლევადიანი ლიკვიდობის მიწოდება, საფუძველს კარგავს.

გარდა ამისა, თუ შევხედავთ კომერციული ბანკების წმინდა დავალიანებას ეროვნული ბანკის მიმართ, იკვეთება კიდევ ერთი ტენდენცია, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ისტორიულად ეროვნულ ბანკს ყოველთვის ქონდა კომერციული ბანკების ვალი, ანუ ამოღებული ქონდა ფულის მასა საბანკო სექტორიდან, თუ 2013 წლის ივნისისთვის ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების მიმართ 690 მილიონი ლარი ჰქონდა ვალი, დღეს კომერციულ ბანკებს აქვთ ეროვნული ბანკის მიმართ დავალიანება 683 მილიონი, ანუ სავალო ინსტრუმენტების გამოყენებით სებ-მა კომერციულ ბანკებს 1,4 მილიარდი ლარი მიაწოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფულის მიწოდების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა სწორედ მაშინ, როდესაც ქვეყანაში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნა ხდებოდა.

 

ეს გარემოება კიდევ ერთხელ ბადებს კითხვის ნიშნებს ეროვნული ბანკის ქმედებებთან დაკავშირებით. ფაქტები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ სებ-ის პოლიტიკა როგორც მინიმუმ ნეგატიურად აისახება ლარზე. მართალია ლარის გაუფასურებაში გადამწყვეტი როლი საგარეო ფაქტორებს მიუძღვის, მაგრამ ქადაგიძის უწყება, მის მიერ გატარებული პოლიტიკით ცეცხლზე ნავთს ასხავს და ლარზე დამატებით წნეხს ქმნის.