„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ კომერციული ბანკების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის არსებობას უარყოფს
რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა განცხადება, სადაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია კომერციული ბანკების წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანიის დაწყებას აანონსებს. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ბიზნესის რომელიმე სექტორის, ამ შემთხვევაში კი, კომერციული ბანკების წინააღმდეგ, რაიმე სახის ორგანიზებულ კამპანიაში, მონაწილეობას „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ არ გეგმავს.
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, ასოციაციის ზოგადი პროფილიდან გამომდინარე, დაინტერესდა ამ ორგანიზაციების ინიციატივებით და გარკვეულ კონსულტაციებშიც მიიღო მონაწილეობა. თუმცა, გამართულ კონსულტაციებზე საუბარი შეეხებოდა საბანკო სექტორში არსებულ ძალიან კონკრეტულ პრობლემატიკას, იყო განხილვები ამ პრობლემების აღმოფხვრისთვის გადასადგმელ ნაბიჯებსა და ამ კუთხით გასატარებელი სამუშაოების მეთოდებზე. ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ამ კონსულტაციების პათოსი არ ყოფილა ბიზნესის რომელიმე სეგმენტის წინააღმდეგ კამპანიის აგორება, შეიძლება ითქვას, პირიქით, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც და, ზოგადად, აფბა-ს მისია იყო, არის და იქნება ბიზნესის მხარდაჭერა, - ჩვენი კრიტიკული პოზიციების დაფიქსირებით, სიტუაციის რეალური ანალიზით და ობიექტური ინფორმაციის გავრცელებით, ჩვენ ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ ბიზნესის გაჯანსაღებას და კომერციული სექტორის საქმიანობის შედეგების პოზიტიურად ადაპტირებას საზოგადოებაში.
გარდა კონსულტაციებისა, აფბა–ს მონაწილეობა არ მიუღია ხსენებული კამპანიის შესახებ განცხადების მომზადებასა და გავრცელებაში, შესაბამისად, ჩვენ ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას ამ განცხადების შინაარსსა და ფორმაზე. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ორგანიზაცია არ აპირებს კომერციული ბანკების საწინააღმდეგო რაიმე კამპანიაში მონაწილეობას.
ჩვენ, ასევე ვფიქრობთ, რომ მსგავსი კონფრონტაციის და კომერციული სექტორის დამაზიანებელი კამპანიის გამართვა არც იმ ორგანიზაციების მიზანია, რომლებმაც ხსენებული განცხადება გაავრცელეს. ვფიქრობთ, მათი პოზიციები მედიის მხრიდან არასწორად იქნა აღქმული, ინტერპრეტირებული და შეგნებულად გამძაფრებული. აფბა მოუწოდებს მედიასაშუალებებს, რომ თავი შეიკაონ სკანდალზე ორიენტირებული მასალების მომზადების მცდელობისას ბიზნესსა და სამოქალაქო სექტორს შორის დაძაბულობის ინიცირებისგან.