აფბა: მთავრობამ სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა გაამკაცროს

24.08.2015 | ნანახია 1595-ჯერ



აფბა: მთავრობამ სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობა უნდა გაამკაცროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმიანება კაზინო „აჭარაში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლას.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ საჭიროა დროული და ობიექტური გამოძიება იმისათვის, რომ მომავალში უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და გადასახადებისათვის თავის არიდების მცდელობა, აღარ იქნეს განმეორებული, განსაკუთრებით ისეთ რთულად გასაკონტროლებელ სფეროში, როგორც სათამაშო ბიზნესია.

„აფბა“ გასული წლიდან აქტიურად მოუწოდებთა მთავრობას სათამაშო ბიზნესში არსებული რეგულაციების გამკაცრებისკენ. ფაქტია, რომ აღნიშნულ ბიზნესში დღეს უამრავი პრობლემაა, მაგალითად, არსებული პრაქტიკით, ინტერნეტ–კაზინოებში დარეგისტრირება ინფორმაციის ყოველგვარი გადამოწმების გარეშე ხდება, რაც შესაძლებლობას იძლევა, დარგისტრირება მოხდეს ყალბი და ცრუ მონაცემების საფუძველზე, მაგალითად არასრულწლოვნის მიერ სხვისი პირადომის დამადასტურებელი მოწმობის გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ არ არსებობს შესაბამისი რეგულაციები, რომლებიც არეგულირებენ საიდენტიფიკაციო წესების შექმნას, სადაც კაზინოებს შეუძლიათ არასანდო მეთოდების გამოყენება, და სადაც მათი ვინაობის გადამოწმება პრაქტიკულად არ ხორციელდება. მაგალითად, ზოგი ინტერნეტ კაზინო კლიენტის შესახებ ინფორმაციას იღებს მისი რეგისტრაციის დროს სახელით და პირადი ნომრით. თუმცა, არანაირი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი არ არის მოთხოვნილი იმისათვის, რომ დადგინდეს, შეესაბამება თუ არა ერთმანეთს სახელი და რეგისტრირებული პირადობის ნომერი. უფრო მეტიც, არანაირი კონტროლი არ არსებობს პრევენციისთვის, რომ ვინმემ ფიქტიური სახელი და პირადობის ნომერი გამოიყენოს. ასევე, არანაირი გადამოწმება არ ხორციელდება, როდესაც კლიენტი თანხას რიცხავს კაზინოს საკუთარ ანგარიშზე. უფრო მეტიც, თუ კლიენტი გადაწყვეტს, რომ მის საბანკო ანგარიშზე ან საკრედიტო ბარათზე გადარიცხოს თანხა, ვინაობის გადამოწმება არ ხდება.

აღნიშნული მოცემულობიდან გამომდინარე, სათამაშო ბიზნესში კარგი შესაძლებლობაა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისა და გადასახადებისთვის თავის არიდების კუთხით, კაზინოების ანგარიშები ფულადი გადარიცხვების ალტერნატიულ სისტემად არის გადაქცეული და ამ სისტემაში მოძრავი ფინანსები ყოველგვარი კონტროლის მიღმაა დარჩენილი. მნიშვნელოვანია, რომ სახლემწიფომ სათანადო ყურადღება გამოიჩინოს ამ სექტორის მიმართ. სწორედ ამ პრაქტიკის აღკვეთას ემსახურება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესვლა კაზინო „აჭარაში“.

აუცილებელია, რომ ისევე როგორც განვითარებულ ქვეყნებში, საქართველოშიც მთავრობა ახორციელებდეს სათამაშო ბიზნესის აქტიურ კონტროლს, რომ ონლაინ კაზინოებში პირების რეგისტრაცია მოხდეს სტანდარტების დაცვით, რათა გამოირიცხოს ყალბი ან მისაკუთრებული მონაცემებით პირის დარეგისტრირება.