აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

1.07.2016 | ნანახია 1410-ჯერ



აფბა: წყალარინების (საკანალიზაციო) გადასახადის გადახდა გოგირდის აბანოებს არ გააკოტრებს

ამის თაობაზე, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა „ახალგაზრდა ფინანსისტთა ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე–პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.

 

მისი თქმით, საკითხის რეზონანსულობიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“, შეისწავლა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული სადავო საკითხი. ჯანიშვილი აცხადებს, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და სწრაფ გადაჭრას საჭიროებს. ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.

 

გთავაზობთ „აფბას“ კვლევის შედეგებს, რომელიც ორგანიზაციამ ბრიფინგის შემდგომ გაავრცელა:

 

თბილისში მდებარე გოგირდის 5 აბანოსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ შორის დავა თითქმის ერთი წელია გრძელდება. გოგირდის აბანოები სადავოს ხდიან მათთვის დარიცხული წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურების გადასახადის მოცულობას და ზოგადად, ამ მომსახურებისთვის სემეკის (საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისია) მიერ დაწესებულ ტარიფს. აბანოების მფლობელები უარს აცხადებენ ტარიფის შესაბამისად საკანალიზაციო მომსახურების გადახდას. დღეის მდგომარეობით აბანოების დავალიანება GWP-ის მიმართ შეადგენს:

  • შპს „ნარიყალა“ – 103,244 ლარი;
  • შპს „ჭრელი აბანო“ – 54,631 ლარი;
  • შპს „ბახმარო“ – 62,684 ლარი;
  • შპს „ჯეორჯიან სპა“ – 68,083 ლარი;
  • შპს „შაკო“ – 54,801 ლარი;

 

გოგირდის აბანოები უარს აცხადებენ დავალიანების გადახდაზე იმ მიზეზით, რომ GWP-ის მომსახურების ტარიფი უსამართლოა. შედეგად, დავამ უკვე, ერთის მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივით, სასამართლოში, ხოლო მეორეს მხრივ, – აბანოების წარმომადგენელთა ინიციატივით –  ქუჩაში, აქციების სახით გადაინაცვლა.

 

საინტერესოა, რომ 2008-2015 წლებში, როცა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ტექნიკურად ვერ უზრუნველყოფდა გაწეული მომსახურებიოს აღრიცხვას, მას გოგირდის აბანოებისთვის ფიქსირებული ტარიფი ჰქონდა დაწესებული, თითოეული კომპანია თვეში 700 ლარს იხდიდა საკანალიზაციო მომსახურებისათვის. „ჯივიპის“ ინფორმაციით, რომელიც ორგანიზაციის ბოლოდროინდელ საჯარო განცხადებებშია დაფიქსირებული, მათ აბანოებს 1კუბურ მეტრ ჩაღვრილ წყალზე არსებული ტარიფი – (საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ დადგენილი ტარიფი – ერთ კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალზე 0,845 ლარი) აბანოებს დააკისრეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც  ჩაღვრილი წყლის მოცულობის ტექნიკურად აღრიცხვა მოხერხდა, ანუ 2015 წლის თებერვლის თვიდან. ანუ, აწარმოა იგივე ტარიფით დარიცხვა, რასაც  სხვა ბიზნესსუბიექტების მიმართ ახორციელებს.

 

პრაქტიკულად, ამ ხნის მანძილზე (2008–15 წლები), GWP, ფაქტობრივად ახდენდა აბანოების ბიზნეს–საქმიანობის ერთგვარ სუბსიდირებას.

 

წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებაში ერთ კუბურ მეტრ ჩამდინარე წყალზე 0,845 ლარის გადასახადის გადახდაზე გოგირდის აბანოებმა უარი განაცხადეს და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ კვლავ ფიქსირებული ტარიფის დატოვება მოითხოვეს. GWP-ი უარს აცხადებს კონკრეტული სფეროსთვის პრეფერენციის მინიჭებაზე და გოგირდის აბანოებისგან იმავე საფასურის გადახდას ითხოვს, რასაც სხვა ბიზნეს სუბიექტებისგან.

 

გოგირდის აბანოების პოზიცია, რომ ისინი არ გადაიხდიან არსებულ ტარიფს, სამწუხაროდ, ჩამოჰგავს წლების წინანდელ მდგომარეობას, როცა კომუნალური გადასახადების არგადახდის კულტურა (ელექტროენერგიის დატაცება, დასუფთავების, გაზის, წყლის გადასახადის არგადახდა) ფართოდ იყო დამკვიდრებული საზოგადოებაში და ითვლებოდა ჩვეულებრივ ამბად.

 

არცერთი მხარე დღემდე პოზიციებს არ თმობს. GWP-ი ითხოვს დაგროვილი დავალიანების დაფარვას და ჩამდინარე წყლის საკანალიზაციო მომსახურებაზე თანხის გადახდას კუბური მეტრობით. გოგირდის აბანოების მფლობელების განცხადებით ისინი ვერ შეძლებენ GWP-ის მომსახურების შესყიდვას, გახარჯული წყლის აღრიცხვის გათვალისწინებით, რადგან ამ ტარიფის პირობებში მუშაობით გაკოტრდებიან. ისინი უარს აცხადებენ როგორც არსებული დავალიანების დაფარვაზე, ისე მომავალში მსგავსი პრინციპით გადასახადის გადახდაზე და კვლავ ფიქსირებული ტარიფის დაბრუნებას ითხოვენ. შედეგად, უკვე თვეების განმავლობაში მიმდინარე დავას თან ახლავს პერიოდული აქციები გოგირდის აბანოების მხრიდან. მათ შორის, პროტესტის ნიშნად, სხვადასხვა უწყებების (GWP, სემეკი, თბილისის მერია, სახელმწიფო კანცელარია) ოფისებთან წყლის დაღვრის პერფორმანსი. ასევე, პროტესტის ნიშნად, მათ რამდენჯერმე გამოაცხადეს აბანოების გამაფრთხილებელი გაფიცვა და საკითხის გადაუწყვეტლობის შემთხვევაში, საერთოდ აბანოების მუშაობის გაჩერებას და თბილისის გოგირდის აბანოების გარეშე დატოვებას აანონსებენ.

 

აქ უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული გამოცხადებული გაფიცვების პეროდში, აფბამ დააფიქსირა, რომ აბანოების უმრავლესობა ჩვეულებრივ რეჟიმში იღებდა სატელეფონო შეკვეთებს და ემსახურებოდა მომხმარებელს.

 

საკანონმდებლო ბაზა

 

თბილისს როგორც ძველ ისე ახალ საზღვრებში წყალს მხოლოდ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აწვდის, ისვე ახდენს საქართველოს დედაქალაქში წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურებასაც. გამომდინარე მომსახურების სპეციფიკიდან GWP–ი ბუნებრივი მონოპოლისტია. ისეთივე ბუნებრივი მონოპოლისტი, როგორიც არის მაგალითად „თელასი“, „გაერთიანებული წყლის კომპანია“, „ენერგოპრო“ და სხვა კომუნალური მომსახურების კომპანიები.

 

რადგან ბაზარზე სხვა მომწოდებლების ყოფნა ფიზიკურად ვერ ხერხდება და ერთადერთი კომპანია ახორციელებს ზემოთ მოყვანილ მომსახურებებს, სწორედ ამიტომ GWP–ის საქმიანობა მკაცრად რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. რეგულატორი უწესებს კომპანიას, თუ რა ტარიფი უნდა იყოს როგორც წყლის მიწოდებაზე, ისე წყალარინების მომსახურებაზე. კომისია ადგეს ტარიფს როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირებისათვის. „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ საკუთარი სურვილისამებრ რაიმე მომსახურებაზე ტარიფის გაზრდის უფლება არ აქვს მარეგულირებლის ნებართვის გარეშე.

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ დაუდგინა წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები (ზედა ზღვარი). არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის წყალმომარაგების ზღვრული ტარიფია – 3.729 ლარი/მ3, მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 3.013 ლარი/მ3-ით. წყალარინების ზღვრული ტარიფი განისაზღვრა 0,716 ლარი/მ3-ით. (ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე). ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%-ს შეადგენს და საერთო ჯამში ტარიფი 0,845 ლარამდე ადის.

 

კომისია ტარიფებს არ უდგენს კონკრეტულად რომელიმე აბონენტს/მომხმარებელს. ტარიფების დადგენა ხდება წყალმომარაგების მიმწოდებელი კომპანიებისათვის. ამ შემთხვევაში, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ უფლებამოსილია, რომ მომხმარებელს სასმელი წყალი მიაწოდოს კომისიის მიერ დადგენილი ზღვრული ტარიფების ფარგლებში, რასაც აკეთებს კიდეც. ანუ, ცალსახად იკვეთება, რომ  GWP–ის ქმედებები კანონიერია და კომპანიას არ დაურღვევია რაიმე ნორმატიული აქტი ან/და მარეგულირებელი კომისიის ბრძანება. შესაბამისად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სრული უფლება ჰქონდა გოგირდის აბანოებისთვის 0,845 ლარის ტარიფი დაედგინა წყალარინების ყოველ მოხმარებულ კუბურ მეტრზე.

 

 

რამდენად „უსამართლოა“ არსებული ტარიფი?

 

„აფბამ“ გადაწყვიტა გაერკვია, სარგებლობენ თუ არა სხვა იურიდიული პირები რაიმე პრეფერენციით წყალარინების მომსახურებაზე GWP–ის მხრიდან. აღმოჩნდა, რომ ყველა იურიდიულ პირს, აქვს ერთი და იგივე ტარიფი, რომელიც დადგენილია ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მიერ და შეადგენს იურიდიული პირებისთვის წყალარინების მომსახურებაზე 0,845 ლარს კუბურ მეტრზე. ამ ტარიფით იხდის წყალარინების (საკანალიზაციო) მოსახურებას როგორც ყველა სახელმწიფო დაწესებულება, ისე საჯარო სკოლები, ბაღები, სხვა აბანოები, სპა თუ ნებისმიერ კერძო კომპანია და ა.შ. სხვათა შორის ერთი და იგივე ტარიფი აქვთ ფიზიკურ პირებსაც, მიუხედავად მათი სოციალური მდგომარეობისა. პრეფერენციები არც ფიზიკურ პირებთან მიმართებაშია აღმოჩენილი.

 

როგორც აღმოჩნდა ერთადერთი სფერო, რომელიც 2008-2015 წლების მანძილზე განსხვავებულ ტარიფით სარგებლობდა, იყო გოგირდის აბანოები. აბანოები თვიურად ფიქსირებულ 700 ლარს იხდიდნენ, მიუხედავად მიღებული სერვისის მოცულობისა.

 

გოგირდის აბანოების წარმომადგენელთა განცხადებით, გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში მოედინება, მისი დაკეტვა შეუძლებელია და მაშინაც კი, როცა ისინი დატვირთვით არ მუშაობენ, უწევთ საკანალიზაციო მომსახურებით სარგებლობა. ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ცუდია, რომ კომპანიას, რომელიც დღ–ღამის გარკვეულ პერიოდში, შესაძლოა, სრული დატვირთვით არ მუშაობს, მაინც უწევს მოსახურების შესყიდვა, თუმცა, მეორეს მხრივ, მეორე მხარესაც კერძო კომპანიაა, რომელიც ამ მომსახურებას აბანოებს უწევს ასევე 24 საათიან რეჟიმში.

 

გოგირდის წყალი 24 საათის განმავლობაში ჩაედინება თბილისის კოლექტორში, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ ის გადააქვს გარდაბნის გამწმენდ ნაგებობამდე, სადაც ხდება მისი ფილტრაცია. ანუ, თუ ერთის მხრივ გოგირდის აბანოები არ იყენებენ 24 საათის მაძილზე გოგირდის წყალს, მეორეს მხრივ GWP-ის მაინც უწევს წყალარინების მომსახურების გაწევა მთელი დღე-ღამის მაძილზე.

 

აქვთ თუ არა გოგირდის აბანოებს შესაძლებლობა, არსებული ტარიფის მომსახურების შემთხვევაშიც შეინარჩუნონ რენტაბელობა

 

გოგირდის აბანოების წარმომადგენლების განცხადებით, წყალარინების ტარიფის  მეტრ/კუბებით დათვლის შედეგად, მათ შემოსავლების 40-50%-ის გადახდა მხოლოდ საკანალიზაციო მოსახურებაში მოუწევთ.

 

ამა თუ იმ კომპანიის ფინანსური შემოსავლები თუ მისი საოპერაციო საქმიანობა,  „აფბასთვის“ ხელმისაწვდომი, ბუნებრივია, ვერ გახდებოდა, თუმცა „აფბა“ შორს არის იმ აზრისგან, რომ წყალარინების გადასახადი გოგირდის აბანოების შემოსავლების ნახევარს წაიღებს.

 

ამასთან, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ აბანოს საშუალოდ, სულ მცირე 5 VIP ნომერი გააჩნია და სამუშაო საათები, პრაქტიკულად შეუზღუდავია, ეს აბანოს სრული დატვირთვის პირობებში 120 საათს, ხოლო 50%-იანი დატვირთვის პირობებში 60 საათს გულისხმობს. თუ კვლავ ნომერზე საშუალო ფასს 100 ლარს ავიღებთ, გამოდის, რომ კონკრეტულ გოგირდის აბანოს 6 000 ლარის შემოსავალი უნდა ჰქონდეს დღიურად მარტო VIP ნომრების გაქირავებით და აქ არ არის გათვალისწინებული საერთო სივრცეში შესული მომხმარებლებიდან მიღებული შემოსავალი, რაც თავის მხრივ, არ უნდა წარმოადგენდეს სოლიდურ მოცულობას, თუმცა, მთლიან შემოსავლებში, ცხადია უნდა იქნას გათვალისწინებული.

 

უხეში დათვლებით თუ კომპანიას წყალარინების მომსახურებაში თვეში საშუალოდ

4 000 ლარის გადახდა უწევს, ეს დღეში, საშუალოდ, 130–135 ლარი გამოდის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ გოგირდის აბანოებში ნომრის ერთი საათით დაქირავება 50-დან 150 ლარამდე მერყეობს, გამოდის, რომ წყალარინების გადასახადი დღეში საშუალოდ 1- 1,5 კლიენტის მოსახურების ფასს უდრის.

 

„აფბა“ აცხადებს, რომ ზემოაღნიშნული გათვლა გაკეთებულია ლოგიკური დათვლის პრინციპით. აღნიშნული პრინციპით გაკეთებული მიახლოებითი გათვლებითაც ნათელია, რომ თვეში თუნდაც 4 000  (ოთხი ათასი) ლარი, გოგირდის აბანოს თვიური შემოსავლის 40-50%-ს ბევრად ჩამოუვარდება.

 

დასკვნა:

 

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“-მ, შეისწავლა რა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურსა“ და თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებს შორის არსებული დაპირისპირების საკითხი, ასკვნის, რომ დავა, რომელიც კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარეობს, კრიტიკულ ფაზაშია და ის სწრაფ გადაჭრას საჭიროებს.

 

ერთის მხრივ, აბანოებს უგროვდებათ დავალიანება, მეორეს მხრივ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ ვერ ღებულობს გაწეული სერვისის ღირებულებას.

 

რამდენადაც არცერთი მხარე საკუთარი პოზიციებიდან უკან დახევას არ აპირებს, ზემოთ აღნიშნული ვითარება, სავარაუდოდ, გაგრძელდება დავის სამივე ინსტანციის სასამართლოში დასრულებამდე. რა პერიოდი დასჭირდება ამ პროცესს, ამის განსაზღვრა შეუძლებელია. შედეგად, გაურკვეველი პერიოდით კვლავ ყოველთვიურად გაიზრდება აბანოებზე რიცხული დავალიანება, რაც მათ ბიზნეს–პროცესს უდავოდ დაამძიმებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ გოგირდის აბანოები თბილისის ისტორიის ნაწილია და უდავოდ წარმოადგენს კულტურულ–ისტორიულ და ეთნოგრაფიულ საგანძურს, ისინი, დღეისათვის, კერძო ფირმების მფლობელობაშია და სახელმწიფოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებულ სტატუსსა თუ შეღავათებით არ სარგებლობენ. მათზე ვრცელდება იგივე საკანონმდებლო და ნორმატიული ბაზა, რაც სხვა კერძო კომპანიებზე.

 

 

„აფბას“ რეკომენდაციები:

 

  • მხარეების მორიგებისათვის შეიქმნას უწყებათშორისი კომისია, რომელშიც წარმომადგენელი ეყოლება კულტურის სამინისტროს, ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას, ტურიზმის დეპარტამენტს, თბილისის მერიას, ბიზნესომბუდსმენის აპარატს და მხარეებს. კომისიამ უზრუნველყოს მხარეების მოლაპარაკების დაწყება.

 

  • „აფბა“ მიმართავს მხარეებს, დაუკვეთონ ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს გოგირდის აბანოების წყალარინების მოცულობის განსაზღვრისთვის საჭირო ექსპერტიზა და შემდგომი ურთიერთობისას დაეყრდნონ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას. ამ შემთხვევაში, აღარ დარჩება ადგილი სპეკულაციებისათვის, თუ რა მოცულობის მოხმარებული წყალი ჩაედინება „ჯივიპის“ წყალარინების სისტემაში. ამასთან, „აფბა“ GWP-ის მიმართავს რეკომენდაციით,  მოახდინოს გოგირდის აბანოების მიერ დღემდე დაგროვილი დავალიანების რესტრუქტურიზაცია და მისი მაქსიმალურ პერიოდზე გაწერა.

 

  • აფბა რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, რომ უარი თქვან პროტესტის გამოხატვის ისეთ ფორმებზე, როგორიცაა აქციები, აბანოების დახურვა და სხვა. ეს აზარალებს, როგორც მათ ბიზნესს, ისე აბანოების სერვისის მიმღებ მომხმარებლებს. ამ მიდგომით ისინი კიდევ უფრო იუარესებენ მდგომარეობას, რადგან აბანოების მოკლე ხნით, თუ სრულად დახურვის მიუხედავად, GWP-ი მაინც სწევს მათთვის წყალარინების მომსახურებას, რაც მათ დავალიანებას კიდევ უფრო ზრდის.

 

გარდა ამ ფაქტორისა, მაშინ, როცა დავა მიმდინარეობს სასამართლოში, ერთ–ერთი მოდავე მხარის მხრიდან ინიცირებული ქუჩის აქციები, რომელიც ხშირ შემთხვევაში გადის დასაშვებ ზღვარს მიღმა, აღიქმება, როგორც სასამართლოზე და ზოგადად პროცესის მიმდინარეობაზე უკანონო ზეწოლა.

 

  • აფბა რეკომენდაციით მიმართავს გოგირდის აბანოების მფლობელებს, გამონახონ მოლაპარაკების რესურსი GWP–სთან,  მოხსნან დღის წესრიგიდან მათთვის ტარიფის შემცირების მოთხოვნა და თავისი მხრიდან, ხელი შეუწყონ სასამართლოში მიმდინარე დავის მორიგებით დასრულებას.

 

  • იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ კონსენსუსამდე მისვლას, „აფბა“ მათ მოუწოდებს დარჩნენ სამართლებრივ სივრცეში და დაელოდონ სასამართლო გადაწყვეტილებას საკითხთან დაკავშირებით.