აფბა: მოვუწოდებთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გამოაქვეყნონ საქმიანობის დეტალური ანგარიშები

26.09.2017 | ნანახია 1487-ჯერ



აფბა: მოვუწოდებთ საქველმოქმედო ორგანიზაციებს გამოაქვეყნონ საქმიანობის დეტალური ანგარიშები

ბოლო პერიოდში საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ირგვლივ წარმოქმნილმა სკანდალმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა დეტალურ შესწავლას და საზოგადოების მხრიდან აქტიურ დაკვირვებას საჭიროებს, რათა არ მოხდეს ქველმოქმედების იდეის დისკრედიტაცია.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ გეგმავს შეისწავლოს საქართველოში მოქმედი  საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობა და, შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდოს რეალური სურათი, თუ რამდენად გამჭვირვალედ და მიზნობრივად იხარჯება სახსრები, რომელსაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქე შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად გაიღებს.

აღსანიშნავია, რომ საგადასახადო კოდექსის 32-ე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ყველა საქველმოქმედო ორგანიზაცია ვალდებულია გამოაქვეყნოს წინა წლის საქმიანობის პროგრამული ანგარიში და ფინანსური დოკუმენტაცია (ბალანსი და მოგება-ზარალის ანგარიში). შესაბამისად, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის დეტალური ანგარიშები მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. თუმცა, სამწუხაროდ, მიუხედავად კანონმდებლობაში დაფიქსირებული ვალდებულებისა, ფინანსური ანგარიშგებები და აუდიტის დასკვნები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ქვეყნდება.  საქველმოქმედო ფონდების მხრიდან, ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია, რაც ერთი მხრივ, კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებას უზღუდავს უფლებას იცოდეს, თუ სად და როგორ დაიხარჯა მათ მიერ გაცემული ფინანსები.

უნდა აღინიშნოს, რომ ფონდ „იავნანას“ შემთხვევაში მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობის გამო, გამოაშკარავდა ისეთი ფაქტები, რაც ერთმნიშვნელოვნად ხაზს უსვამს ფონდის და მისი დამფუძნებლის და ხელმძღვანელობის შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედებებს. თუმცა, ჩვენ, საზოგადოებას, რეალურად, წარმოდგენა არ გვაქვს რამდენად გამჭვირვალედ მუშაობენ საქართველოში მოქმედი სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციები. აქედან გამომდინარე, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ იღებს გადაწყვეტილებას, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში, აწარმოოს მონიტორინგი საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის გამჭვირვალობის თვალსაზრისით და საზოგადოებას გააცნოს მიღებული შედეგები.

 „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბა კატეგორიულად მოუწოდებს საქართველოში რეგისტრირებულ ყველა საქველმოქმედო ორგანიზაციას, უმოკლეს ვადებში გაასააჯაროვონ მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და, ზოგადად, საქმიანობის ანგარიშები.

ასევე, ვაცხადებთ ტექნიკური ხასიათის მიზეზების გასაქარწყლებლად, რომ გარდა საჯაროდ გაკეთებული განცხადებისა, აფბა შემოსავლების სამსახურის საქველმოქმედო ფონდების რეესტრში არსებულ თითოეულ ფონდს საკუთარ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე მიმართავს შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის მოთხოვნით.

ასევე, აფბა საკუთარი რესურსების მაქსიმალური მობილიზების ხარჯზე უზრუნველყოფს საქველმოქმედო ორგანიზაციების საქმიანობის ანგარიშების გასაჯაროვებას. იმედს ვიტოვებთ, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები გააცნობიერებენ საზოგადოების მაღალ ინტერესს აღნიშნული საკითხის ირგვლივ და, შესაბამისად, ინტერაქტიულ რეჟიმში ითანამშრომლებენ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციასთან“.