აფბა – თუ ,,სილქნეტი“ ,,ჯეოსელს“ შეიძენს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნება დუოპოლია და გაჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხე

29.01.2018 | ნანახია 1509-ჯერ



აფბა – თუ ,,სილქნეტი“ ,,ჯეოსელს“ შეიძენს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შექმნება დუოპოლია და გაჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხე

თუკი აღნიშნული გარიგება შედგა, მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს  ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ გააკონტოლებენ

,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ეხმაურება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოსალოდნელ გარიგებას, რომლის შედეგადაც კომპანია ,,სილქნეტი“ ,,ჯეოსელის“ მფლობელი ხდება. ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად დააზარალებს, როგორც სატელეკომუნიკაციო ბაზარს, ასევე საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს, ვინაიდან ბაზარზე ფაქტობრივად ისპობა კონკურენცია და რჩება მხოლოდ ორი კომპანია ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“.

აფბას ვიცე-პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცხადებით, ,,სილქნეტისა“ და ,,ჯეოსელის“ გაერთიანების შედეგად სატელეკომუნიკაციო ბაზარს (მობილური ოპერატორები, ინტერნეტპროვაიდერები, მაუწყებლობის ტრანზიტი) სრულად გააკონტროლებს ორი კომპანია ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“, მათ კონკურენციას ბაზარზე არსებული კომპანიები ვერასდროს ვეღარ გაუწევენ და ამავდროულად ჩნდება კარტელური გარიგებების საფრთხე.

,,თუკი აღნიშნული გარიგება შედგა მობილური აბონონტების 74%-ს, ინტერნეტბაზრის 77%-ს და სატელევიოზიო მომსახურების 83%-ს სწორედ ,,მაგთიკომი“ და ,,სილქნეტი“ გააკონტოლებენ. შედეგად, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე შეიქმნება დუოპოლია და  კონკურენცია ფაქტობრივად გაქრება. ბაზარზე ერთადერთი მათი კონკურენტი კომპანია ,,ბილაინი“ იქნება, რომელიც მხოლოდ მობილური ოპერატორების ბაზარზე ოპერირებს და იქაც 25%-იან წილს ფლობს. ძნელად სავარაუდოა, რომ ,,ბილაინი“ ორ დუოპოლისტ კომპანიას რაიმე კონკურენციას გაუწევს და მოსალოდნელია, რომ საქართველოს ბაზარი  დატოვოს კიდეც. ბაზრიდან კონკურენციის სრული გაქრობა კი პირველ რიგში დააზარალებს მომხმარებლებს და ბაზარზე გააჩენს კარტელური გარიგებების საფრთხეს“, – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

ახალგაზრდა ფინანსისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ კარგად შეისწავლოს აღნიშნული საკითხი და ვინაიდან გარიგების შედეგად ბაზარზე არსებულ კონკურენტულ გარემოს საფრთხე ემუქრება გამოიყენოს მისი ვალდებულება და არ დაუშვას აღნიშნული გარიგება.

,,კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის პირდაპირი ვალდებულებაა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს უზრუნველყოფა, მან უნდა იმოქმედოს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ არსებული საქართველოს კანონის 27-ე მუხლის, მე-5 ქვეპუნქტის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც კომისია უფლებამოსილია დასაბუთებული გადაწყვეტილებით მოითხოვოს შერწყმის ან შეძენის პირობების კორექტირება, ან საერთოდ აკრძალოს შერწყმა ან ავტორიზებული პირის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენა, თუ მიიჩნევს, რომ შერწყმა ან შეძენა გამოიწვევს მომსახურების ბაზრის შესაბამის სეგმენტებზე კონკურენციის მნიშვნელოვნად დარღვევას.

ჩვენ ვხედავთ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად ბაზარზე კონკურენცია მნიშვნელოვნად ირღვევა, ამიტომ კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ არ უნდა დაუშვას ,,სილქნეტის“ მიერ ,,ჯეოსელის“ შეძენა“, – აცხადებს აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე.

გარდა ამისა, ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ მოუწოდებს კომუნიკაციების  ეროვნულ კომისიას მოახდინოს ბაზარზე ფინანსების გამჭვირვალობა და გამოაქვეყნოს ბაზარზე არსებული კომპანიების დეტალური ფინანსური მაჩვენებლები, რათა საზოგადოებამ და სფეროს სპეციალისტებმა კარგად დაინახონ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე რეალურად არსებული სიტუაცია.