”მარშრუტკით” მგზავრობის გაძვირების ნამდვილი მიზეზები

29.03.2011 | ნანახია 701-ჯერ



”მარშრუტკით” მგზავრობის გაძვირების ნამდვილი მიზეზებიდღეს, 29 მარტს, სასტუმრო ”ძველ მეტეხში” არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბამ” ბრიფინგი გამართა.
\"არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გაიმარჯვეს, მძღოლებს იძულებულს ხდიან რომ მგზავრობის გადასახადი გაზარდონ, რათა ფასის ზრდით გამოწვეული საზოგადოების მოსალოდნელი პროტესტი არა მათ, არამედ ”მარშრუტკის” მძღოლების ბრალი აღმოჩნდეს. ამ ქმედებაში მათ დახმარებას მეორე ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზესსექტორი, - ნავთობპროდუქტების იმპორტიორი კომპანიები, აქტიურ დახმარებას უწევენ. 
აფბა სამარშრუტო ტენდერის პირობების გამოქვეყნებისთავანე აცხადებდა, რომ ტენდერის მსგავი პირობებით ჩატარება ამ ბაზარზე კონკურენცია ძალიან შეამცირებდა, შექმნიდა მონოპოლისტს რაც აუცილებლად მგზავრობის ფასის ზრდას გამოიწვევდა. აფბა ჯერ კიდევ ტენდერის ჩატარებამდე მოუწოდებდა მერიას სატენდერო პირობების შეცვლისკენ, სამწუხაროდ, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყურად არ იღო არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევები, ჩაატარა ტენდერი, რომლითაც ეს სექტორი ფაქტობრივად ერთ კომპანიას გადააბარა (იმედია არავის აქვს იმის ილუზია, რომ ერთი და იგივე ნოტარიუსთან და ადგილზე, 5 წუთიანი ინტერვალით დარეგისტრირებულ კომპანიებს რომ ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ).
სამარშრუტო ტენდერში გამარჯვებულ ფირმას ერთხელ უკვე ქონდა მცდელობა გაეძვირებინა მგზავრობის გადასახადი, რამაც ”მარშრუტკის” მძღოლების გაფიცვა და საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. ამიტომ თბილისის ”სამარშრუტო ტაქსების მამებმა” მგზავრობის გაძვირების ორიგინალურ ხერხს მიმართეს და მძღოლებს იძულებულს ხდიან გადაადგილების ტარიფი გაზარდონ, რაზეც პასუხისმგებლობის მძღოლებზე გადაბრალებას ცდილობენ. 
საქართველოს ნავთობრპოდუქტების ბაბარზე, რომ ჯანსაღი კონკურენცია არაა და ამ სფეროში ფასები ყოველგვარი ეკონომიკური ფაქტორების საპირისპიროდ დგინდება, ეს ყველასათვის ცხადია. არც ისაა საზოგადოებისთვის საიდუმლო, რომ როგორც სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გამარჯვებული კომპანია, ისე ნავთობიმპორტიორი ფირმები ხელისუფლებასთან დაახლოებული და ფაქტობრივად სახელმწიფოსთან არიან შეზრდილნი. შესაბამისად ამ ორი სფეროს მოქმედება თუ ერთმანეთის წისქვილზე დაასხამს წყალს, არავის უნდა გაუკვირდეს, რომ დამთხვევას ამ შემთხვევაში ადგილი არ ექნება.
აფბა მიიჩნევს, რომ დღეისათვის დიზელის ბაზარზე არსებული სიტუაცია სწორედ გამოძახილია იმისა, რაც სამარშრუტო ბიზნენესში ხდება. საქართველოში დიზელის ბაზარზე წარომუდგენელ ფაქტთან გვაქვს საქმე, როდესაც დიზელის საწვავი ბენზინზე ძვირი ღირს. ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში 1 ლიტრი ”ევრო დიზელის” ფასი 2,35 ლარია, ხოლო ”დიზელ ენერჯი” - 2,20, მაშინ როდესაც 1 ლიტრი ”რეგულარის” ტიპის ბენზინის ფასი 2,15 ლ, ’’პრემიუმი” - 2,25, ხოლო ”სუპერი” - 2,30 ღირს. ანუ ”დიზელ ენერჯი” ”რეგულარზე” ძვირია, ხოლო ”ევრო დიზელი” ”სუპერზე” ძვირი, რაც მსოფლიო მასშტაბით უნიკალური შემთხვევაა, ქვეყნების აბსულუტურ უმრავლესობაში, სადაც ნორმალური კონკურენციაა და ქართული კანონმდებლობის შესაბამისი ფასწარმოქნა ხდება დიზელი ბენზინზე იაფია. 
მაგ.: აზერბაიჯანი - დიზელი 0.74 ლარი, ბენზინი - 0.98 ლარი;
ბელორუსი - დიზელი 1.48 ლარი, ბენზინი - 1.70ლ;
ფინეთში - დიზელი 2.85 ლარი, ბენზინი - 3.55ლ;
საბერძნეთში - დიზელი 3.12ლ; ბენზინი - 3.55ლ; 
იტალია - დიზელი 3.26ლ; ბენზინი - 3.64ლ; 
იაპონიაში - დიზელი 1.63ლ; ბენზინი - 3.02ლ; 
ლიტვაში - დიზელი 2.76ლ, ბენზინი - 2.92ლ;
მოლდოვა - დიზელი 1.70ლ; ბენზინი - 1.84ლ;
პოლონეთი - დიზელი 2.85ლ; ბენზინი - 3.02ლ; 
რუმინეთი - დიზელი 2.52ლ; ბენზინი - 2.80ლ; 
რუსეთი - დიზელი 1.24ლ; ბენზინი - 1.41ლ; 
უკრაინა - დიზელი 2.06ლ; ბენზინი - 2.35ლ;
რამდენად ლოგიკურია აზერაბიჯანიდან, სადაც 1 ლიტრი დიზელის ფასი 75 თეთრს არ აჭარბებს, იმპორტირებული დიზელის ფასი საქართველოში 2,20 და 2,35 ლარი ღირდეს, ეს საზოგადოებამ თავად განსაჯოს. მითუმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ დღეისათვის ქართულ ბაზარზე არსებული დიზელის 75%-ის იმპორტი სწორედ აზერბაიჯანიდან ხდება.
აფბა მიიჩნევს, რომ ნავთობიმპორტიორი კომპანიები ”მარშრუტკების” მძღოლებს აიძულებენ მგზავრობის ფასი გაზარდონ. 1 სექტემბრიდან კი როცა თბილისში ახალი სამარშრუტო ტაქსები შემოვა და ბაზარიც რეალურად ახალი მონოპოლისტის ხელში გადავა ახალ მფლობელს გაძვირებული ტარიფით შეეძლება ოპერირება, ხოლო დიზელის იმპორტს ან თვითონვე განახორციელებს - ბევრად იაფად, ან კიდევ იმ სქემით იმუშავებს, როგორიც დღეს ყვითელი ავტობუსების შემთხვევაში ხდება (საბაზროზე ბევრად დაბალ ფასად იღებენ დიზელს), რაც შეეხება ფასს, ის, რომ აღარ შემცირდება, ალბათ, ამის ვარაუდი არცთუ ისე ძნელია.
საბოლოო ჯამში, დიზელის არაბუნებრივი და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული ფასის გამო ”მარშრუტკების” მძღოლებს აიძულებენ გააძვირონ მგზავრობა. აქვე აღსანიშნავია, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე დიზელის ფასი 20%-ით გაიზარდა, ხოლო მგზავრობის ღირებულება 40%-ით ძვირდება. აქ, როგორც იტყვიან, კომენტარიც ზედმეტია. ჩანს მომავალმა მონოპოლისტმა ”მარშრუტკების” ბაზარზე არა მარტო გაზრდილი ფასით უნდა იმუშაოს, არამედ მანვე უნდა უზრუნველყოს ოპერატიულად მოსახლეობისგან ახალი ყვითელი ”მარშრუტკების” შემოსაყვანი ფულის ამოღება.
ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიანიშნებს საქართველოს ზოგიერთ სფეროში არსებულ მონოპოლიებზე. რაც შეეხება ეკონომიკის მინისტრის, მშვენიერი ვერა ქობალიას პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში მონოპოლიები არ არსებობს. იქნებ მისი მრჩევლები მანიც ფხიზლად იყონ - გაათვითცნობიერონ ქ-ნ ვერა, რომ საქართველოში არსებობს, ბუნებრივი მონოპოლიები, როგორიცაა ”საქართველოს რკინიგზა”, ”თელასი” და ა.შ. ხოლო ხელოვნურ მონოპოლიებზე სასაუბროდ ქ-ნ ვერა ქობალიას და მის მრჩევლებს, თუ ასეთები ჰყავს, ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” საჯარო დისკუსიაში ვიწვევთ,\" - აღინიშნა პრესკომფერენციაზე.