სათამაშო ბიზნესის რეკლამირების სრულად აკრძალვა დაუშვებელია

21.03.2013 | ნანახია 2180-ჯერ



სათამაშო ბიზნესის რეკლამირების სრულად აკრძალვა დაუშვებელია„აფბა\" აზარტული და მომგებიანი თამაშობების ორგანიზებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს
 
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა\" არ ეთანხმება ცვლილებების იმ პროექტს, რომელიც პარლამენტარ კობა დავითაშვილის ინიციატივით „ლატარეების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ\", „რეკლამის შესახებ\" და „მაუწყებლის შესახებ\" კანონებში უნდა შევიდეს.
ამ ფაქტთან დაკავშრებით, 20 მარტს „აფბამ\" სპეციალური ბრიფინგი გამართა, რომელსაც „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის\" იურისტი, გიორგი მელიქიშვილიც დაესწრო.
ახალგაზრდა ფინანსისტები მხარს უჭერენ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის\" პოზიციას და მიიჩნევენ, რომ სათამაშო ბიზნესის რეკლამირების სრული აკრძალვა დაუშვებელია. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, სათამაშო ბიზნესის მკაცრი შეზღუდვა მის არალეგალურ ფორმაში გადასვლას გამოიწვევს, რაც არსებულ რეალობას პირიქით უფრო დაამძიმებს.
გარდა ამისა, „აფბა\" თვლის, რომ ქვეყანაში ბევრი სხვა ისეთი პრობლემაა, რომლებსაც ადამიანი უკიდურეს მდგომარეობამდე და თვითმკვლელობამდეც მიჰყავს, ეს უკანასკნელი კი კანონპროექტის მიღების ერთ-ერთ მთავარ მოტივად დასახელდა. 
„ჩვენდა საბედნიეროდ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის თვითმკვლელობის ფაქტების რაოდენობით, ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა და თვითმკვლელობის ყველაზე დაბალი დონის ქვეყნების ათეულშია. საქართველოში ყოველ 100 ათას ადამიანზე საშუალოდ 4.3 თვითმკვლელობა მოდის, მაშინ როდესაც თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ციფრი 11.8-ს შეადგენს, იაპონიაში 23.8-ს, ფინეთში, ესტონეთში, საფრანგეთში, კანადაში და სხვა მაღალგანვითარებულ ქვეყნებში 15-იან ნიშნულს სცდება. გარდა ამისა, აზარტული თამაშები, საერთოდ არ შედის იმ რისკ-ჯგუფების კატეგორიაში, რომლებიც თვითმკვლელობების მიზეზებად სახელდება. ასე რომ, შეფასება სათამაშო ბიზნესის და თვითმკვლელობების ფაქტების კავშირთან დაკავშირებით, ჩვენი აზრით, აშკარად გადაჭარბებულია. რა თქმა უნდა, მსგავსი ფაქტების არსებობას არ გამოვრიცხავთ, მაგრამ ადამიანები თავს იკლავენ ასევე ბანკის კრედიტის ვერ გადახდის მიზეზითაც და ეს არ ნიშნავს, რომ საბანკო საქმიანობის რეკლამირება უნდა აიკრძალოს\", - აღნიშნავენ აფბაში.
ახალგაზრდა ფინანსისტებმა ბიზნესის ამ სახეობისადმი სხვა სახელმწიფოების დამოკიდებულების ფაქტებზეც ისაუბრეს. კანონპროექტში სახელდება რამდენიმე მაგალითი, სადაც აზარტული თამაშები საერთოდ აკრძალულია, მაგრამ საუბარი არ არის მაღალგანვითარებულ ქვეყნებზე, სადაც მკაცრი რეგლამენტაცია არ არსებობს. მაგალითად აშშ-ც კმარა, სადაც 2011 წლის 20 სექტემბერს კანონში შეტანილი ცვლილებებით სათამაშო ბიზნესის მიმართ მიდგომები მკვეთრად შერბილდა.
აღსანიშნავი და ყურადსაღებია ის ტენდენციაც, რომ სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ეკონომიკის განვითარებასთან ერთად თავად მცირდება და ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკის განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც საქართველო იმყოფება, თითოეული სამუშაო ადგილი და ბიუჯეტში გადახდილი თითოეული ლარი ძალიან მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები თვლიან, რომ ეკონომიკის განვითარების ტენდენცია სათამაშო ბიზნესის ადგილს და როლს თავად დაარეგულირებს და მისი ხელოვნური შეზღუდვა, ამ ეტაპზე, მოკლებულია ეკონომიკურ საფუძველს. ეს გამოიწვევს ბიუჯეტში, სოლიდური შენატანების შეწყვეტას და ამ სფეროში დასაქმებული ბევრი ადამიანის უმუშევრობას.
„კანონპროექტის ფინანსურ დასაბუთებაში წერია, რომ მისი მიღება არ იქონიებს გავლენას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რაც, „აფბას\" აზრით, ასევე მცდარი შეფასებაა. სათამაშო ბიზნესიდან ბიუჯეტში ყოველწლიურად მხოლოდ სანებართვო და სალიცენზიო მოსაკრებლის სახით 140 მილიონი ლარი შედის, რაც ხშირ შემთხვევაში მსხვილი სახელმწიფო უწყების ბიუჯეტის დაფინანსებასაც კი უდრის. გარდა ამისა, მიშვნლოვანია სხვა ბიზნესის სათამაშო ბიზნესთან მიმართების ფინანსური მხარეც, მაგალითად სარეკლამო ბიზნესიც კმარა, რომელიც სათამაშო ბიზნესიდან ყოველწლიურად 15–18 მილიონი ლარის შეკვეთას ღებულობს\", - აცხადებენ „აფბაში\".
\"დღეის მდგომარეობით სპორტული შეჯიბრებების სხვადასხვა სახეობის, ვთქვათ, ფეხბურთის მატჩების ტრანსლირების ფინანსირებას სათამაშო ბიზნესი უზრუნველყოფს, ეს საკმაოდ ძვირადღირებული პროცესია და თუ კანონპროექტი დამტკიცდა ამ პროცესსაც საფრთხე დაემუქრება. ასევე, სარეკლამო ბიზნესიდან წელიწადში დაახლოებით 20 მილიონი ლარი ამოვარდება, რაც გამოიწვევს ზიანს, როგორც ტელევიზიისთვის, რადიოსთვის და პრესისთვის, ასევე სპორტული გადაცემებისთვის და საერთოდ სარეკლამო კომპანიებისათვის”, - განაცხადა \"სათამაშო ბიზნესის ასოციაციის” იურისტმა, გიორგი მელიქიშვილმა. 
„აფბა\" მხარს უჭერს „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის\" პოზიციას და პარლამენტს მოუწოდებს დღეს არსებული სახით ცვლილებები დასახელებულ კანონპროექტებში არ შეიტანონ.