ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის აუცილებლობა

11.02.2011 | ნანახია 831-ჯერ



ინფლაციის გამომწვევი მიზეზები და მათი აღმოფხვრის აუცილებლობანოდარ ჯავახიშვილი: \"ხელისუფლება ინფლაციას განგებ არ ებრძვის, რათა სოციალური აფეთქება გამოიწვიოს და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს\" 

მერაბ ჯანიაშვილი: \"ხელისუფლებამ ინფლაციის ეგზოგენური ფაქტორებისთვის გადაბრალებას თავი დაანებოს და პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა აიღოს”  

 
\"ეროვნული ფორუმი\" და \"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა   ასოციაცია\" ხელისუფლებას ინფლაციის ეგზოგენური ფაქტორებისთვის გადაბრალების შეწყვეტისა და პრობლემის მოსაგვარებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.
\"ეროვნული ფორუმის\" ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელის ნოდარ ჯავახიშვილის მტკიცებით, საქართველს ხელისუფლება ინფლაციის შეჩერებას ხელოვნურად არ უწყობს ხელს, რითაც სოციალური აფეთქების პროვოცირება სურს. 
\"პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მთავრობას უნარი არ შესწევს, ასეთი დონის ინფლაციას ებრძოლოს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ფაქტია, რომ ხელისუფლებას ამ პროცესის რეგულაცია შეუძლია და შესაბამისი ბერკეტები გააჩნია. კერძოდ, ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვი დღეისათვის 2,2 მრდ ლარს შეადგენს. ასევე არსებობს სადეპოზიტო სერთიფიკატები და სახაზინო ვალდებულებები, თუმცა ხელისუფლება ამ ინსტრუმენტებს არ იყენებს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მიხეილ სააკაშვილი აღნიშნული პროცესის რეგულაციას ხელოვნურად არ ახდენს\" - განაცხადა ჯავახიშვილმა ახალგაზრდა ფინანსისტებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე. 
მისივე თქმით, \"სააკაშვილი საზოგადოებრივი დაძაბულობის ესკალაციის გამოწვევას ცდილობს, რათა სამართლიანო საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბების ხელშემწყობი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე ქვეყანაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს\".
\"მას სურს, არჩევნების ჩატარება ამ ცვლილებების განხორციელებამდე მოასწროს, შედეგად კი არჩევნებს სახელისუფლებო გუნდის რომელიმე სხვა წარმომადგენელი, ბოკერია ან სხვა ვინმე მოიგებს\" - განმარტა მან.
როგორც ახალგაზრდა ფინანსისტების პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა ინფლაციასთან დაკავშირებით \"ეროვნულ ფორუმთან\" ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, \"აუცილებელია პრობლემის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ აიღოს\".
”საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და მთელი მთავრობა ჯიუტად ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ საქართველოში ორნიშნა  ინფლაციის გამოწვევის მთავარი მიზეზი მსოფლიოში კვების პროდუქტების გაძვირებაა. მაგრამ იმაზე არ საუბრობენ, რომ ეს გაძვირება მარტო საქართველოზე რატომ აისახება ასე საგრძნობლად და სერიოზულად. მაგალითად, 2010 წელს უკრაინაში ბოლო 8 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა, რომელმაც 9,1% შეადგინა. ანალოგიური მდგომარეობაა ჩვენ მეზობელ სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც, როგორც წესი, მაღალი, ორნიშნა ინფლაციით ხასიათდებიან ხოლმე, მაგრამ წელს რატომღაც იქ ბოლო 10 წლეულში ინფლაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებლები დაფიქსირდა - რუსეთი - 8,8%; სომხეთი - 8,1%; აზერბაიჯანი - 5,7%; ევროზონა - 2,2%; გერმანია - 1,1%; ამერიკა - 1,6%; იაპონია - 0,2%. თუ ეროვნულ ბანკს ვენდობით, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ საქართველოში პურს, საწვავს და შაქარს გაცხოველებით მოვიხმართ, ხოლო ზემოაღნიშნულ ქვეყნებში ამ პროდუქტებს არ მოიხმარენ. 
გაუგებარია, თუ მსოფლიოში ხორბლის გაძვირებამ საქართველოში 11,2%-იანი ინფლაცია გამოიწვია, იმავე ხორბლის გაძვირებამ სომხეთში რატომ არ წარმოშვა ორნიშნა ინფლაცია, რომელიც იმპორტზე ჩვენზე მეტადაა დამოკიდებული?
ამასთან აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აგვისტოში 9,5%-იანი ინფლაცია იყო. ამ დროისთვის ჩვენს ქვეყანაში არც შაქარი, არც ხობალი და არც საწვავი ჯერ გაძვირებული არ იყო. ანუ, საქართველოში უკვე იყო მაღალი ინფლაცია, სანამ მსოფლიოში გარკვეულ პროდუქტებზე ფასები გაიზრდებოდა. 
ინფლაცია არის ბაზარზე არსებული ფულის მასისა და ქვეყანაში ბაზარზე არსებული პროდუქტებს შორის თანაფარდობის დარღვევა, ფულის მასის ზრდის, ან პროდუქტების რაოდენობის შემცირების შედეგად. 2010 წელს პროდუქტების რაოდენობა არ შემცირებულა, ეს ფაქტია, რადგან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა 6,5%-ით გაიზარდა. ე.ი. ორნიშნა ინფლაციის გამოწვევის მიზეზი ძირითადი მიმოქცევაში არსებული ფულის მასის ზრდა იყო. თუ გადავხედავთ 2010 წლის ფულის აგრეგატების მაჩვენებლების ცვლილებას (ოფიციალური მონაცემები) დავინახავთ, რომ ყველა აგრეგატის ოდენობა გაზრდილია. მაგალითისთვის.: M0 (ნაღდი ფული მიმოქცევაში) გაზრდილია 11,6%-ით; M1 (სარეზერვო ფული) გაზრდილია 25%-ით; M2 (ფართო ფული უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების გარეშე) გაზრდილია 28%-ით; M3 (მიმოქცევაში არსებული ეროვნულ ვალუტა და კომერციულ ბანკებში ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში განთავსებული დეპოზიტების საერთო თანხა) გაზრდილია 4,6 მლრდ.–დან 6,2 მლრდ. ლარამდე, 35,4%-ით.
აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის ბოლოს და განსაკუთრებით 2010 წლის პირველ ნახევარში მკვეთრად შეარბილა მონეტარული პოლიტიკა და გაზარდა ბანკების დაკრედიტება. მონეტარული პოლიტიკის საპროცენტო განაკვეთი 2009 წლის ბოლოდან, 2010 წლის ივნისამდე 5%-ის ნიშნულამდე იყო შემცირებული, ივნისში კი ერთბაშად 6,25%-მდე გაიზარდა. ანუ ინფლაციური ზრდის რისკები უკვე ზაფხულის დასაწყისში იყო სახეზე. დღეისათვის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7,5%-მდეა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირების პარალელურად ეროვნულმა ბანკმა 2010 წელს გაზადა რეფინანსირების სესხით გაცემული კრედიტების ოდენობაც. ეს მექანიზმი 2008 წელს დაინერგა, როცა წლის მანძილზე საშუალოდ 25 მილიონამდე ოდენობის სესხები გაიცემოდა. 2009 წელს უკვე საშუალოდ 50-70 მლნ. ლარის კრედიტები გაიცა, 2010 წელს კი ამ მექანიზმით გაცემული სესხების ოდენობამ 200 მლნ.-ს მიაღწია და გამონაკლის შემთხვევებში გადააჭარბა კიდეც, როც ერთ დღეს 220 და 230 მლნ. ლარის ოდენობის კრედიტები გაიცა.
2010 წელს, ერთის მხრივ, ეროვნული ბანკი თუ აქტიურად აკრედიტებდა ბანკებს და საკმაოდ დაბალი პროცენტებით, ამის პარალელურად მთავრობა, ფინანსთა სამინისტრო აქტიურად იღებდა ამავე ბანკებიდან კრედიტებს სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით.
გასული წლის მანძილზე ფინანსთა სამინისტრომ სახაზინო ვალდებულებების ემისიის გეგმას თითქმის 100 მილიონი ლარით გადააჭარბა დაგეგმილი 370 მილიონი ლარის ნაცვლად, გამოშვებულია 463 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდი. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად გაზრდილი საპროცენტო განაკვეთით. ანუ, ეროვნულმა ბანკი ახალი ფულის მასას კომერციულ ბანკებს იაფად აძლევდა, რომლითაც შემდეგ ეს  ბანკები სახელმწიფოსგან სახაზინო ვალდებულებების ყიდულობდნენ და უნდა აღინიშნოს, რომ საკმაოდ სარფიანადაც. მოკლედ რომ ვთქვათ, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა ფულის ემისია, რომელიც ირიბად ბიუჯეტში დეფიციტის დასაფინანსებლად გადაირიცხა. იმ ფულის მიმოქცევაში გასვლა, რომელიც ბაზრიდან არაა ამოღებული, რომ ინფლაციას გამოიწვევს, ეს პირველკურსელმა ეკონომისტებმაც კარგად იციან.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაცია იწვევს დოვლათის არასწორ გადანაწილებას. ინფლაცია მდიდრებს ამდიდრებს, ღარიბებს კი კიდევ უფრო აღატაკებს. უხეშად, რომ ვთქვათ, ღარიბები ახდენენ მდიდრების შემოსავლების ზრდას, საკუთარი ჯიბით, ხდება მოსახლეობის ოფიციალური ძარცვა,” - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა
”ეროვნული ფორუმი” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მიმართავენ ხელისუფლებას, მთავრობასა და ეროვნულ ბანკს თავი დაანებონ ქვეყანაში არსებული პრობლემების ეგზოგენურ ფაქტორებზე გადაბრალებას, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა საქართველოში არსებულ ორნიშნა ინფლაციაზე და მას გადასაჭრელად ქმედითი ნაბიჯები გადადგან. 
\"მივიჩნევთ, რომ აუცილებელია ბიუჯეტის დეფიციტის შემცირება. ამასთან ეროვნულ ბანკს უნდა ახსოვდეს, რომ მისი მთავრი ფუნქცია ქვეყნის ეკონომიკის შესაბამისი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განხორციელებაა და არა კომერციული ბანკების მოგების ზრდაზე ზრუნვა, რასაც ის ბოლო წლებში აკეთებს\", - აცხადებენ \"აფბაში\" და \"ეროვნულ ფორუმში\".