„აფბა“ ეკონომიკაში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებს

21.08.2013 | ნანახია 2369-ჯერ



„აფბა“ ეკონომიკაში შექმნილ არასახარბიელო მდგომარეობას ეროვნული ბანკის პოლიტიკას უკავშირებს

ეკონომიკური ზრდის შემცირების მთავარი მიზეზი დეფლაციაა, რომლის მოთოკვასაც ეროვნული ბანკი ვერ ახერხებს

 ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ – აფბამ for.ge-ს პრეს–კლუბში გამართა ბრიფინგი, სადაც ასოციაციის პრეზიდენტმა და წევრებმა ისაუბრეს ეკონომიკაში შექმნილ არასახრბიელო ვითარებასა და დეფლაციურ პროცესებზე, ეროვნული ბანკის არასათანადო საქმიანობაზე ვითარების გამოსწორების მიზნით.

ნოდარ ჭიჭინაძის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური სიტუაცია ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეკონომიკური ზრდის ტემპი უარყოფითი გახდა, აქტიური განხილვის თემად იქცა. თუმცა საუბარი ეკონომიკურ ზრდაზე და მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე უფრო მეტად პოლიტიკურადაა მოტივირებული და ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური ანალიზისგან შორს დგას. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ზრდის ტემპი 2013 წლის პირველ კვარტალში 2,4%-ით განისაზღვრა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 4,3%-ით ჩამოუვარდება. ის, რომ ქვეყანაში მსგავსი პროცესები განვითარდა, უდაოდ, ნეგატიური მოვლენაა, მაგრამ ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ამ საკითხის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა შედეგს არ მოიტანს და კიდევ უფრო დააზარალებს ეკონომიკას – აცხადებს ჭიჭინაძე.

მისივე თქმით პოლიტიკურ დებატებში ძირითადად ხდება ძველი და ახალი მთავრობის მიერ ეკონომიკური ზრდის შენელების პასუხისმგებლობის ერთმანეთზე გადაკისრება, და ამ პროცესებში მივიწყებულია ეროვნული ბანკის როლი და მისი პასუხისმგებლობა ქვეყანაში მიმდინარე დეფლაციური პროცესების მიმართ. „ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია და ამოცანა, რომელიც „ეროვნული ბანკის შესახებ კანონითაა\" განსაზღვრული, არის ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, თუმცა ამ ფუნქციას ეროვნული ბანკი, ფაქტობრივად, ვერ ასრულებს და ბოლო 2 წელიწადია ქვეყანაში ფასების დონე ორნიშნა ინფლაციასა და დეფლაციას შორის მერყეობს. ანუ ეროვნულ ბანკს ფასების დონე პერიოდულად ორ უკიდურესობას შორის „გაურბის\" და მიზნობრივი ინფლაციის მიღწევა ვერ ხერხდება. ამით სწორედ ეკონომიკა ზარალდება და ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება სწორედ იმ დეფლაციის შედეგია, რომელიც ქვეყანაში 18 თვეა გრძელდება და რომლის მოთოკვას ეროვნული ბანკი ვერა და ვერ ახერხებს. გვინდა შეგახსენოთ 2011 წლის მაისი, როდესაც ინფლაციის დონე 14.3%-მდე გაიზარდა, ეროვნულმა ბანკმა ამ პროცესის ზომიერი მოთოკვა ვერ შეძლო და მეორე უკიდურესობა - დეფლაცია მიიღო. იმისათვის, რომ პროცესი კიდევ უფრო არ გაღრმავდეს, აუცილებელია სასწრაფო ზომების მიღება დეფლაციის დასაძლევად და ინფლაციის დადებითი მაჩვენებლის მისაღწევად. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი პერიოდულად ამცირებს რეფინანსირების განაკვეთს, ეს პროცესი არ იძლევა სასურველ შედეგს. სხვა მის ხელთ არსებილ ბერკეტებს ეროვნული ბანკი ჯერჯერობით ან არ ან ვერ იყენებს – განმარტავს ასოციაციის პრეზიდენტი.

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ დღეს, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფო ებრძვის დეფლაციის პრობლემას და ეკონომიკის სტიმულირების მიზნით ფასების დონის აწევას ცდილობს. ფულის მასის ზრდის პოლიტიკას ატარებს აშშ-ც, იაპონია და სხვა მაღაგანვითარებული სახელმწიფოებიც, რომელთა გამოცდილების შესწავლა და გაზიარება დადებით ეფექტს მოუტანს საქართველოს.

„აფბა\" მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების შემაფერხებელი მთავარი ფაქტორი ქვეყანაში არსებული მცირე მონეტარული ბაზა, ეკონომიკაში ფულის დეფიციტი, ანუ მონეტარიზაციის დაბალი დონეა. მონეტარიზაციის კოეფეციენტი (M2 ფულადი აგრეგატის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან) საქართველოში 14,6%-ს შეადგენს, როდესაც მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელი 129.9%-ია (მსოფლიო ბანკის სტატისტიკით).

აფბას შეფასებით, ეკონომიკის ზრდის შედარებით მაღალი ტემპები, რომელიც გასულ წლებში ფიქსირდებოდა განპირობებული იყო ადმინისტრირების და ეკონომიკური აქტივობის აღრიცხვის სრულყოფით და სახელმწიფოს ეკონომიკაში მონაწილეობის მაღალი დოზით. დღეს კი, როდესაც ამ ფაქტორების ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე არ არის წონადი, უფრო აშკარა გახდა ის პრობლემები, რაც ეკონომიკის წინსვლას აფერხებს და ახალგაზრდა ფინანსისტების აზრით, მთავარი პრობლემა არის ეკონომიკის მონეტარიზაციის დაბალი დონე.

აფბას ვიცე პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, სასურველია ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილების გაზიარება, სადაც აშშ–ს მთავრობამ მიმართა ე.წ. „რაოდენობრივი შერბილების\" პოლიტიკას, რაც გულისხმობს ცენტრალური ბანკის მიერ ფინანსური აქტივების შეძენასა ან უზრუნველყოფის სახით მიღებაში ეკონომიკაში ფულის გარკვეული მოცულობის გაშვების მიზნით, ცენტრალური ბანკი კომერციული ბანკებისაგან და სხვა კერძო ორგანიზაციებისგან შეიძენს ფინანსურ აქტივებს და მათ სანაცვლოდ ახორციელებს ახალი ფულის ელექტრონულ ემისიას. შედეგად საბანკო რეზერვები იზრდება, ფინანსურ აქტივებზე ფასები კლებულობს და მცირდება მათი შემოსავლიანობა – აცხადებს შოთა გულბანი. მისივე თქმით რაოდენობრივი შერბილების პოლიტიკის ეფექტიანობა უკვე დადასტურებულია პრაქტიკით და მისი გამოყენება საქართველოს საფინანსო ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით არამარტო გაზრდიდა ინფლაციას სასურველ მაჩვენებლამდე, არამედ ხელს შეუწყობდა საბანკო დაკრედიტების გაფართოებასა და ეკონომიკური აქტივობის ამაღლებას.

ამდენად, „აფბა\" მიიჩნევს, რომ შექმნილ ეკონომიკურ პროცესებში ეროვნული ბანკის როლი და პასუხისმგებლობა არის მნიშვნელოვანი და ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორების მთავარ, ოპტიმალურ და ეფექტიან გზას ეროვნული ბანკის პოლიტიკის გაუმჯობესებაში ხედავს. ვინაიდან, ეფექტიანი ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მხარდაჭერის გარეშე მხოლოდ სამთავრობო პროექტები და რეფორმები ვერ იქნება შედეგის მომტანი სასურველი ეკონომიკური ზრდისა (წელს 5–6%–ის ფარგლებში) და სოოციალური ვითარების დასტაბილურების ფაქტორი. აფბა ეროვნულ ბანკსა და მის პრეზიდენტს პოლიტიკური განცხადებებისაგან თავის შეკავებას, შესაბამისი პასუხისმგებლობის თავზე აღებას და კონკრეტული ნაბიჯების დროულად გადადგმას მოუწოდებს. 

[attachment=4]