ლარის კურსის რყევაზე მოქმედი ფაქტორები

25.12.2013 | ნანახია 2038-ჯერ



ლარის კურსის რყევაზე მოქმედი ფაქტორები
23 დეკემბერს, \"ჰოლიდეი ინ\"–ში, გაზეთ \"ბანკები და ფინანსების\" ინიციატივით ჩამოყალიბებულ ეკონომიკურ ექსპერტთა კლუბში, ლარის კურსის მერყეობა და მისი გავლენა ფასების ზრდაზე განიხილეს.

სხდომა გახსნა \"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის\" პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ, რომელმაც საზოგადოებას პრობლემის მიმოხილვა შესთავაზა.

მან გამოყო შემდეგი მთავარი ფაქტორები:

1) ექსპორტის ზრდა - მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ 2,306 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 369 მილიონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. შესაბამისად, ექსპორტის კომპონენტში წელს ქვეყანაში 369 მილიონი დოლარით მეტი შემოვიდა, რაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე დადებითად უნდა ასახულიყო;

2) იმპორტის შემცირება - დროის იგივე პერიოდში 2013 წელს 2012-თან შედარებით 261 მილიონი დოლარით ნაკლები იმპორტი შემოვიდა, ანუ შარშანდელთან შედარებით ქვეყნიდან არ მოხდა 261 მილიონის გადინება;

3) პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდა - 2013 წლის იანვარ-ნოემბერში უცხოური უნვისტიციები უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიზარდა, ეს ფაქტორიც ლარის გამყარებაზე უნდა ასახულიყო;

4) მთლიანი საგარეო ვალის ზრდა - როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორის მთლიანი საგარეო ვალი 2013 წლის პირველ 2 კვარტალში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით 1,283 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რამაც უცხოური ვალუტის შემოდინება მკვეთრად გაზარდა და ეს შესაბამისად უნდა ასახულიყო ლარის კურსზე:

5) ფულადი გზავნილების მოცულობის ზრდა - 2013 წლის იანვარ-ნოემბერში 2012 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 80 მილიონი დოლარით მეტი გზავნილი შემოვიდა;

6) დეპოზიტები - 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ეროვნულ ვალუტაში დეპოზიტები 41%-ით არის გაზრდილი, ხოლო უცხოურ ვალუტაში კი 12%-ით. მსგავს ცვლილებას უნდა შეეცვალა მიმოქცევაში არსებული ფულის სტრუქტურა უცხოური ვალუტის სასარგებლოდ.

ამავე დროს ნოდარ ჭიჭინაძემ ის ფაქტორები გამოყო, რომელთაც ეროვნული ვალუტის სიმყარეზე ნეგატიურად უნდა ემოქმედათ:

– სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვა - 11 დეკემბრის მდგომარეობით წლის განმავლობაში გამართული სავალუტო აუქციონების შედეგად ეროვნულმა ბანკმა მოახდინა 575 მილიონი დოლარის უცხოური ვალუტის შესყიდვა, ხოლო 200 მილიონი კი გაყიდა. საბოლოო ჯამში შესყიდული იქნა 375 მილიონი დოლარი;

– მიმოქცევაში ეროვნული ვალუტის ზრდა - 2012 წლის ოქტომბერთან შედარებით მიმდინარე წლის ოქტომბერში მიმოქცევაში არსებული ფულის მასა 255 მილიონი ლარით იყო გაზრდილი;

– ეროვნულ ვალუტაში სესხების წინმსწრები ტემპით ზრდა უცხოურ ვალუტაში სესხებთან შედარებით - 2013 წლის ნოემბრის მდგომარეობით გასული წლის ნოემბერთან შედარებით 25%-ით მეტი სესხი იქნა გაცემული ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 5%-ით მეტი უცხოურ ვალუტაში, ანუ საკრედიტო დაბანდებების შედეგად ეკონომიკაში ჩაეშვა უფრო მეტი ლარი, ვიდრე უცხოური ვალუტა;

– უცხოური ვალუტის რეზერვების ზრდა - 2013 წლის 30 ნოემბრის მდგომარეობით არსებული უცხოური ვალუტის რეზერვი 182 მილიონი დოლარით აჭარბებს გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს.
 
ნოდარ ჭიჭინაძის აზრით, სწორედ აღნიშნული ფაქტორები ახდენენ ზეგავლენას ლარის კურსის მერყეობაზე და მის გაუფასურებაზე.