„აფბა“: სააფთიაქო ნარკომანია, კიდევ უფრო ძლიერად იკიდებს ფეხს
ფსიქოტროპული პრეპარატები საცალო ქსელში საშუალოდ 800%-იანი ფასნამატით იყიდება
31 ივლისს, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ\" \"პირველ პრეს-კლუბში\" ბრიფინგი გამართა, რომელიც ბოლო პერიოდში ქვეყანაში ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის გაძლიერებულ ტენდენციას ეხებოდა. როგორც ბრიფინგზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, ეს პრობლემა მართალია არსებობის დიდ პერიოდს ითვლის და ძვირადღირებული ნარკოტიკული საშუალებების იაფი მედიკამენტებით ჩანაცვლების პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ბოლო წლებში პრობლემა კიდევ უფრო რთულდება და საგანგაშოა ის სტატისტიკაც, რომელიც ამ პრობლემას თან ახლავს.
მოგეხსენებათ, სააფთიაქო ნარკომანიის პრობლემის სიმწვავეზე გასული წლის მიწურულს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც საუბრობდა, მან არსებულ მდგომარეობას უკიდურესად შემაშფოთებელი და კატასტროფული უწოდა. ქვეყანაში ფსიქოტროპული პრეპარატებით ნარკოტიკული თრობის მიღწევა იაფი და მასობრივად ხელმისაწვდომი გახდა. ამ რეალობის საპასუხოდ შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტროებმა, ერთობლივი კანონპროექტი შეიმუშავეს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიასთან ბრძოლას ისახავდა მიზნად.
კანონპროექტი 2014 წლის 24 იანვრიდან შევიდა ძალაში და მისი მიხედვით აფთიაქებში ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების რეცეპტის წარდგენის გარეშე გაყიდვა აიკრძალა. ასევე გაფართოვდა ხსენებული ტიპის მედიკამენტების ნუსხა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ზოგიერთი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველ სამკურნალო საშუალებების ნუსხას „დაემატა რამდენიმე ფარმაცევტული საშუალება, კერძოდ, ბაკლოფენი, გაბაპენტინი, დექსტრომეტორფანის შემცველი კომბინირებული პრეპარატები (გარდასიროფებისა), ზოპიკლონი, ზალეპლონი და ტროპიკამიდი.
თუმცა, როგორც ახალგაზრდა ფინანსისტები აცხადებენ, მიუხედავად საკანონმდებლო ცვლილებებისა, სააფთიაქო ნარკომანია კვლავ სწრაფი ტემპით განაგრძობს ზრდას. ფსიქოტროპული მედიკამენტები, მიუხედავად მათი ურეცეპტოდ გაყიდვის აკრძალვისა, კვლავ თავისუფლად და ყოველგვარი ბარიერების გარეშე იყიდება. ამას მოწმობს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის\" მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი, რომელიც ფსიქოტროპული მედიკამენტების უკონტროლო რეალიზაციის ფაქტს ადასტურებს. ორგანიზაციის წარმომადგენლებმა თბილისის მასშტაბით15-მდე სააფთიაქო დაწესებულებაში სცადეს იაფი ნარკოტიკული თრობისთვის ყველაზე პოპულარული 6 დასახელების ფსიქოტროპული პრეპარატის (გაბაპენტინი, ბაკლოფენი, ზოლომაქსი, ქსანაქსი, დიაზეპამი, ტროპიკამიდი) შეძენა, რაც ყოველგვარი რეცეპტის მოთხოვნის და ბარიერის გარეშე თავისუფლად მოხერხდა. ორგანიზაციის წევრებმა, კიდევ ერთხელ გადაამოწმეს ხსენებული პრეპარატების რეცეპტს დაქვემდებარების საკითხი და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დაუდასტურეს, რომ თითოეული მოცემული პრეპარატის რეცეპტის გარეშე რეალიზაცია წარმოადგენს კანონდარღვევას. აღნიშნულის გადამოწმება შეუძლია თითოეულ ჟურნალისტს ან დაინტერესებულ პირს.
ორგანიზაციას აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალა გააჩნია და სურვილის შემთხვევაში გადასცემს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს.
\"გვინდა ყურადრება გავამახვილოთ კიდევ ერთ ფაქტზე, რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სააფთიაქო დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე ხდებოდა არა დაუდევრობით, არამედ აბსოლუტურად შეგნებულად და გამყიდველი გარკვეულ „რეკომენდაციებსაც\" იძლეოდა სხვადასხვა პრეპარატების მახასიათებლებზე ნარკოტიკული თრობის თვალსაზრისით. როგორც ჩანს, იაფ ნარკოტიკულ თრობაზე მაღალი მოთხოვნა და სახელმწიფოს მხრიდან ამ სფეროს სუსტი და უმოქმედი კონტროლი გარკვეული ბიზნეს დაჯგუფებებისთვის მომგებიან ბიზნესად იქცა და ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი ყოველწლიურად სწრაფი ტემპებით იზრდება, მათ შორის მას შემდეგ, რაც რეცეპტის გარეშე რეალიზაცია აიკრძალა. მაღალ მოთხოვნას იმპორტიორები, როგორც ჩანს, მაღალ ფასით პასუხობენ და სხვადასხვა ფსიქოტროპულ პრეპარატებზე 400%-დან 1500%-მდე ფასნამატებს აწესებენ. 2010 წლიდან 2014 წლის (პირველი 7 თვის) ჩათვლით 24ტონა 6 დასახელების 98 მილიონი აბი და ფლაკონი ფსიქოტროპული პრეპარატი შემოვიდა”, - განაცხადა ბრიფინგზე \"აფბას” პრეზიდენტმა ნოდარ ჭიჭინაძემ.
\"ამდენად, საერთო ჯამში, დასახელებული 6 მედიკამენტის საბაზრო ღირებულებამ 50 მილიონ ლარამდე შეადგინა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიკამენტების განბაჟება წონით ხდება და რიგ შემთხვევაში კონკრეტული მედიკამენტი არ არის დაფიქსირებული, ასევე აღსანიშნავია, რომ იგივე სასაქონლო კოდით, რომლითაც ფსიქოტროპული მედიკამენტების განბაჟება ხდება, შემოტანილია 2 მილიარდი ლარის ღირებულების არაკლასიფიცირებული მედიკამენტები, რაშიც, სავარაუდოდ, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს მნიშვნელოვანი წვლილი უჭირავს.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ 2014 წლის 24 იანვრის შემდეგ, რაც ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ გაყიდვა აიკრძალა, აღნიშნული ტიპის მედიკამენტების იმპორტი და სავარაუდოდ ადგილზე რეალიზაცია და შესაბამისად მათი მოხმარება კიდევ უფრო გაიზარდა. ახალგაზრდა ფინანსისტები მივიჩნევთ, რომ არსებული ტენდენცია საგანგაშოა და მთავრობის პასუხისმგებლობა ამ პროცესებში ცალსახაა, ვინაიდან თუ შესაბამისმა ორგანოებმა ფსიქოტროპული მედიკამენტების ურეცეპტოდ რეალიზაციის შესახებ არაფერი იციან, ეს აშკარა უუნარობაა და თუ იციან და შესაბამის რეაგირებას არ ახდენენ, ეს კიდევ უარესი – დანაშაული”, - განაცხადა ორგანიზაციის ანალიტიკოსმა გიორგი ხაბურზანიამ.
ორგანიზაციისწარმომადგენლებმა აღნიშნული უკონტროლო პროცესების ნეგატიურ შედეგებზეც ისაუბრეს:
\"ამ ყველაფრის შედეგი კი მკვეთრად ნეგატიურია, არაოფიციალური მონაცემებით ნარკოტიკული თრობის ამ იაფი წყაროთი ბევრი მოქალაქე სარგებლობს, მათ შორის არასრულწლოვნებიც, არადა ამ მედიკამენტებს საკმაოდ მწვავე უკუჩვენებები გააჩნია და ადამიანის ყველა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოზე ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს. თუმცა, აქვე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი პრობლემა, კერძოდ, ფსიქოტროპული მედიკამენტები იწვევს ძლიერ დამოკიდებულებას და დაუშვებელია სპეციალური სარეაბილიტაციო კურსის გარეშე პრეპარატების მიღების შეწყვეტა. სამწუხაროდ, ეს არის არაეფექტიანი პოლიტიკის შედეგი და სახელმწიფოს ამ მიმართულებით დამატებით მოუწევს ხარჯების გაწევა”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
არსებული პრობლემის მოსაგვარებლად, „აფბა\" მიიჩნევს, რომ პირველ რიგში და რაც შეიძლება დროულად, გაძლიერდეს სააფთიაქო დაწესებულებების შემოწმება, თუ რამდენად იცავენ კანონის მოთხოვნებს და აგრეთვე მნიშვნელოვან და აუცილებელ ნაბიჯად მიგვაჩნია სანქციების და ჯარიმების გამკაცრება აფთიაქებისთვის, რომლებიც ურეცეპტოდ ყიდიან ფსიქოტროპულ მედიკამენტებს.