„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ხშირად ჩნდება ნათია ჯანაშიას განცხადებები, სადაც იგი ლონდონის ბირჟაზე, ტოპ-100 კომპანიას შორის „დალისტულ“ საქართველოს ბანკს საბოტაჟით ემუქრება. ეს სხვა არაფერია თუ არა პირდაპირი შეტევა ქვეყნის საფინანსო და საბანკო სექტორზე – ამის შესახებ აფბას ხელმძღვანელმა გიორგი კაპანაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, აფბა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ბიზნეს დავის მონიტორინგს ახორციელებს. დავა აკადემიის ყოფილმა დირექტორმა და მინორიტარმა, ნათია ჯანაშიამ წამოიწყო 2024 წელს, როდესაც მის დირექტორობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენა ინვესტორმა და 70%-იანი წილის მფლობელმა – „საქართველოს განათლების ჯგუფმა“.
კაპანაძის შეფასებით ქვეყნის წამყვანი საფინანსო ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ეს კამპანია ეკონომიკური ზეწოლის სახიფათო ფორმას იღებს და სავარაუდო დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავს.
„განსაკუთრებით შემაშფოთებელია ნათია ჯანაშიას მიერ გავრცელებული მოწოდებები: „დახურეთ თქვენი ანგარიშები, გააუქმეთ ყველა პროდუქტი და სერვისი“. ეს ყველაფერი, უპასუხისმგებლობასთან ერთად, პირდაპირი შეტევაა სწორედ ქართული ეკონომიკის სტაბილურობის წინააღმდეგ. მსგავსი სპეკულაციები უპასუხისმგებლოა და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების ნდობაზე, ინვესტორთა განწყობებსა და ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. საბანკო და საფინანსო სექტორი ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი დარგია და მის წინააღმდეგ საჯარო მოწოდებები, მართული საბოტაჟის კამპანია ყოველგვარი ფინანსური საფუძვლის გარეშე, ანტისახელმწიფოებრივია“, – ამბობს კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელი ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს ბანკი“ როგორც Lion Finance Group-ში შემავალი ფინანსური ინსტიტუტი, ახლახანს FTSE 100-ში შევიდა და გახდა პირველი კომპანია საქართველოდან, რომელმაც ლონდონის საფონდო ბირჟის 100 წამყვან კომპანიას შორის დაიკავა ადგილი. შესაბამისად, მის განვითარებასა და სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
„მსგავსი საბოტაჟის მცდელობები, რომელიც მიმართულია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინააღმდეგ, ყოველთვის მყისიერ რეაგირებას საჭიროებს. არაკანონიერი და მართლსაწინააღმდეგო ნებისმიერი ქმედება უნდა იყოს აღკვეთილი, რათა ისედაც რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში ქართული ეკონომიკა დაცული იყოს მსგავსი შიდა რყევებისგან“, – დასძენს კაპანაძე.


