„ბრიტანულ-ქართულ აკადემიასთან“ დაკავშირებით სასამართლო დავები ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის ოჯახურმა წყვილმა, რომელიც სკოლის 30%-ს ფლობს, საქართველოშიც წამოიწყო და ბრიტანეთშიც. დავა „საქართველოს კაპიტალთან“, ინვესტორთან, რომელიც ბრიტანულ-ქართული აკადემიის 70 პროცენტს ფლობს ცოლ-ქმარმა 2 წლის წინ მას შემდეგ წამოიწყეს, რაც მენეჯმენტში ყოფნის კონტრაქტით განსაზღვრული 5 წლიანი ვადა და 5 მილიონლარიანი ხელფასი ამოეწურათ და ხელშეკრულება აღარ გაგრძელდა.
საზოგადოებრივი ორგანიზაციის, აფბას – ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე, რომელმაც თებერვლის დასაწყისში დავის საფუძვლიანი შესწავლა და მონიტორინგი დაიწყო, ლონდონის სასმართლოს კეისს ფაქტობრივად პირდაპირ რეჟიმში აკვირდება.
„ჩვენგან გახმაურებული ინფორმაცია და ამონარიდი, ლონდონის სასამართლოში ნათია ჯანაშიას და დავით ცეცხლაძის შეტანილი სარჩელის თაობაზე ექსპერტულმა საზოგადოებამ მიიჩნია საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მტკიცებით ფორმაში გაშავების აშკარა და პირდაპირ მცდელობად. ჩვენ ვაკვირდებით დავებს არამარტო საქართველოში, არამედ ბრიტანეთში.
არავისთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე ლონდონში შეტანილი სარჩელის შინაარსით ღიად და ხაზგასმულად დაუპირისპირდა ბიძინა ივანიშვილს და მის ხელისუფლებას, რომელსაც ადანაშაულებს კორუფციული რეჟიმის შექმნაში, სასამართლო სისტემაზე გავლენასა და ზეწოლაში და რუსეთისკენ გადახვევაში.
დავა „საქართველოს განათლების ჯგუფის“ წინააღმდეგ, არის საბაბი, რომელიც უფრო დიდი პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის ჭირდება ოჯახურ წყვილს. უზენაესი სასამართლოს უვადო წევრზე, არჩილ კოჭლამაზაშვილზე და თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეზე, ლაშა თავართქილაძეზე თავდასხმა და მათი სანქციებისთვის გაწირვა, ამის ნათელი მაგალითია,“ – ამბობს გიორგი კაპანაძე.
აფბას ხელმძღვანელის თქმით, ნათია ჯანაშიას მიერ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს, ბიზნესისა და ქონებრივი საქმეების სასამართლოში, 2025 წლის 2 მაისს შეტანილი სარჩელი, ყველა წესის თანახმად ამა წლის აპრილსა და მაისში უნდა ჩანიშნულიყო. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ სასამართლოს გადატანა მოხდა.
„ლონდონის სასამართლო არ განმარტავს სხდომის გადატანის მიზეზებს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსარჩელეს მხარის არგუმენტებში არის უხერხული მომენტები, რომელიც ბიზნეს დავის პოლიტიკურ ბრძოლაში გამოყენებას ემსახურება. შესაძლებელია, ბრიტანელი მოსამართლე ამის აღკვეთას ცდილობს. ნათია ჯანაშიასა და დავით ცეცხლაძის მიერ ათიათასობით ფუნტი სტერლინგის დახარჯვის მიუხედავად, ლონდონის სასამართლოს ჯერ სხდომის ჩანიშვნა უჩვეულოდ გადავადდა და ახლა თავად სხდომა გადაიტანეს, რაც მოსარჩელის ისედაც დასუსტებულ პოზიციას დიდი დარტყმის ქვეშ აყენებს“, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ.


