აფბა

რა კავშირშია საქართველოს უმდიდრესი ქალი, ნათია ჯანაშია აზარტულ თამაშებთან და ონლაინ-კაზინოებთან – აფბა დაზუსტებას ავრცელებს

“აფბას მიერ წინა კვირაში გამოქვეყნებული ინფორმაციას, რომელშიც საქართველოს უმდიდრესი ქალის, ნათია ჯანაშიას ქონებისა და აქტივების წარმოშობის შესახებ ვწერდით, ბევრი გამოხმაურება მოყვა. გაჩნდა კითხვებიც, რომელიც ძირითადად ეხებოდა ნათია ჯანაშიას კავშირს კაზინოებთან და კონკრეტულად, აზარტული თამაშების უმსხვილეს კომპანიასთან „ბეთლაივთან“.

აშკაარაა, რომ მკითხველის ინტერესი ცოტა ხნის წინ „ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულმა „საქართველოს 100 უმდიდრესი მეწარმის“ სიამ გამოიწვია. რეიტინგში, 150 მილიონი ლარის ქონებით, წარმოდგენილია აზარტული თამაშების კომპანია “ბეთლაივის” 19%-ის მფლობელი, 44 წლის ნანა ჯანაშია და არა ნათია ჯანაშია, რომლის ქონებაც 60 მილიონია. აქედან გამომდინარე, გვინდა დავაზუსტოთ, რომ „ფორბსის“ წლევანდელ რეიტინგში ვერ მოხვდა ნათია ჯანაშია, რომლის ქონებისა და აქტივების ღირებულება 60 მილიონ ლარს აღემატება”, – ნათქვამია აფბას აუდიტის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აფბას ანალიტიკოსის, ბაჩანა ჯინჭარაძის თქმით, “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” ყოფილი დირექტორი და მინორიტარი ნათია ჯანაშია “ფორბსის” 100 უმდიდრეს მეწარმეს შორის ამ ეტაპზე 60 მილიონიანი ქონებით ვერ მოხვდა, რადგან ასეულს 80 მილიონიანი ქონების მეპატრონე მეწარმე, ასევ სათამაშო ბიზნესით დაკავებული 49 წლის დიმიტრი რამიშვილი კეტავს.

აზარტული თამაშების კომპანია – “ბეთლაივის”, რომელიც ონლაინ-ტოტალიზატორისა და ონლაინ-კაზინოს თამაშების პლატფორმას წარმოადგენს, 19%-ის მფლობელი ნანა ჯანაშია ამ ბიზნესის რეესტრში 2025 წლის 20 თებერვლიდან ჩნდება და ის ანაცვლებს დავით ველიჯანაშვილს. იმავე წლის ნოემბერში ნანა ჯანაშიას წილი „ბეთლაივში“ 26 პროცენტამდე გაიზარდა, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ მისი ქონება და აქტივები შესაბამისად გაიზარდა და „ფორბსის“ შემდგომ რეიტინგში 66-ე ადგილის ნაცვლად უფრო მაღალ ადგილზე ვიხილავთ.

„ჩვენი აუდიტის სამსახურის მიერ ქონებისა და აქტივების დათვლის მეთოდოლოგია „ფორბსის“ მსგავსია. ნათია ჯანაშიას ქონებისა და აქტივების ღირებულება დეტალურად შევისწავლეთ ღია წყაროებზე დაყრდნობით.

პირველ რიგში, გავითვალისწინეთ „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ 70%-ის გაყიდვის შედეგად მიღებული 29.3 მილიონი ლარი და დარჩენილი 30%-იანი წილის ღირებულება, რომლის გამოსყიდვის შეთავაზებაც 2024 წელს „საქართველოს განათლების ჯგუფს“ აქვს გაკეთებული. ეს თანხები არაერთგზის დადასტურებულია თავად ჯანაშიას მიერ.

წილის ღირებულების დადგენისთვის ასევე გამოვიყენეთ მონაცემები, რომელიც სახელმწიფო ანგარიშგების პორტალზეა განთავსებული და მოიცავს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ პროფილს და ანგარიშგებას წლების მიხედვით, 2018-დან 2024 წლის ჩათვლით. ამ ეტაპზე აკადემიის 2025 წლის ფინანსური მონაცემები ანგარიშგების პორტალზე არ არის განთავსებული, რის გამოც ნათია ჯანაშიას აქტივების დათვლაში ამ მაჩვენებლების ჩართვა ვერ მოხერხდა. თუმცა, მონაცემების ატვირთვისთანავე, საზოგადოებას დეტალურ ინფარმაციას მივაწვდით.

აკადემიის ფინანსური მაჩვენებლები და მოგებაც საჯაროა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. 2016 წელს მიღებული საქართველოს კანონით „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისაა და აუდიტის შესახებ“, განსაზღვრულია საწარმოთა კატეგორიები. „ბრიტანულ-ქართული აკადემია“ აქტივებისა და შემოსავლების მიხედვით იმ საწარმოთა კატეგორიაშია მოხვედრილი, რომელთაც კანონით ევალებათ ყოველწლიურად საჯაროდ გამოაქვეყნონ ფინანსური მაჩვენებლები. აკადემიის შემოსავლები სტაბილურად მზარდია და შესაბამისად მოგებაც, აუდიტორული კომპანიის შეფასებით, სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა.
გარდა ამის მონაცემებისა, ნათია ჯანაშიას ქონების დათვლისთვის გამოყენებულია სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის ფინანსური ნაწილიც მიმდინარე წლის თებერვალში გამოქვეყნდა და გასაჯაროვდა „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ღირებულების შეფასების მეთოდოლოგია და მონაცემები.

აქტივების დათვლაში გარკვეულწილად გათვალისწინებულია ნათია ჯანაშიას უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც აფბას მიერ მონიტორინგის პერიოდში ნათია ჯანაშიას განცხადებებში და მის საკუთრებაში არსებულ გამოცემებშია ნახსენები. კონკრეტულად, ამ ჩამონათვალში მოხვდა ნათია ჯანაშიას და მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, ძვირადღირებული, ლაქშერი კლასის ავტომანქანები, იახტები (კატარღები) და იარაღები. თუმცა, ჩამონათვალში ვერ მოხვდა ხელოვნების ნიმუშები, იუველირული ნაწარმი და ძვირფასეულობა, რომელიც დეკლარირებულია არ არის ღია წყაროებში.

აფბას აუდიტორული სამსახური აგრძელებს ამ მიმართულებით მონიტორინგს და ცვლილებების შემთხვევაში, მოახდენს ქონებრივი მაჩვენებლების კორექტირებას“, – ამბობს აფბას ანალიტიკოსი, ბაჩანა ჯინჭარაძე.

Scroll to Top