ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია – აფბას ანალიტიკოსი ბაჩანა ჯინჭარაძე მედიასთან საუბარში „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ რიგგარეშე კრების შედეგების კონკრეტულ აპსექტს ეხმაურება.
“კრების თაობაზე ინფორმაცია, „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ ყოფილმა დირექტორმა, ნათია ჯანაშიამ გაავრცელა. სამწუხაროდ, მას არ უხსენებია მაჟორიტარი აქციონერის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის აკადემიის კაპიტალში შეტანის საკითხი, რომელიც აკადემიის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. როგორც ცნობილია, “საქართველოს განათლების ჯგუფის“ საკუთრებაშია ოქროყანაში არსებული მიწის ნაკვეთი, რომელზეც შემდგომში ბრიტანულ-ქართული აკადემიის ახალი კამპუსის მშენებლობა იგეგმებოდა.
ბრიტანულ-ქართული აკადემიის განვითარების მიზნით, რიგგარეშე კრებაზე, “საქართველოს განათლების ჯგუფს” სურდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი საწესდებო კაპიტალში შეეტანა, მხარეთა შორის წარსულში შეთანხმებულ ფასად და წესით. თუმცა, ნათია ჯანაშია და მისი მეუღლე დავით ცეცხლაძე ამ საკითხის წინააღმდეგ წავიდნენ“, – აცხადებს ჯინჭარაძე.
აფბას ანალიტიკოსისთვის დავის ამ ეტაპზე განვითარებული მოვლენები, გაკვირვებას იწვევს, რადგან ნათია ჯანაშიას მტკიცებით, მან ინვესტორთან დავა სწორედ „საქართველოს განათლების ჯგუფის“ მფლობელობაში არსებული ოქროყანის მიწის ნაკვეთის კაპიტალში შეტანის მოთხოვნით დაიწყო.
„აფბამ საკითხის სრულყოფილად შესწავლის საფუძველზე დაადგინა, რომ მხარეები თავიდანვე შეთანხმებულები იყვნენ, და ამის არაერთი მტკიცებულება და დოკუმენტი არსებობს, რომ ნებისმიერი ინვესტიცია 70/30-ზე ანუ აქციონერების წილობრივი მონაწილეობის შესაბამისი პრინციპით უნდა მომხდარიყო. მათ შორის, უძრავი ქონება “აკადემიის” კაპიტალში უნდა ასახულიყო მხარეთა წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად. ანუ, ჯანაშია-ცეცხლაძის მხარეს ფიზიკურად უნდა გადაეხადა მიწის ღირებულების 30%. რასაც არაერთხელ ადასტურებენ ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე და თხოვდნენ ინვესტორს, რომ მათი ფულადი ტრანზაქციები განხორციელებულიყო რამდენიმე წლის განმავლობაში რამდენიმე ტრანშის შენატანით.
შესაბამისად, როდესაც მხარეთა შორის წარსულში შეთანხმებული წესითა და ფასით, ოქროყანის მიწის სკოლის კაპიტალში ასახვის საკითხი დღის წესრიგში დადგა, ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ამ საკითხის წინააღმდეგ წავიდნენ. ეს უმწვავესი სიგნალია და მკაფიოდ აჩენს ნათია ჯანაშიას პირადი გამორჩენის სურვილს და მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ორიენტაციას „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“განვითარების უგულებელყოფის ხარჯზე“, – აცხადებს ბაჩანა ჯინჭარაძე.


