აფბა

რატომ გახდნენ ქართველი მოსამართლეები ნათია ჯანაშიას სამიზნე

“ნათია ჯანაშიას მიერ ლონდონის სასამართლოში ინიცირებული დავა სულ უფრო მკაფიოდ ავლენს სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი მართლმსაჯულების დისკრედიტაციას. საქმის მასალები აჩვენებს, რომ მოსარჩელე მხარემ საკუთარი სამართლებრივი პოზიციების გასამყარებლად მიზანმიმართულ იერიშის ობიექტად აირჩია ქართველი მოსამართლეები, რომლებსაც საერთაშორისო სანქციებთან არანაირი კავშირი არ აქვთ“, – აცხადებენ აფბას მონიტორინგის სამსახურში. შეგახსენებთ, აფბა “ბრიტანულ-ქართული აკადემიის” მინორიტარი აქციონერის (30%) მიერ პროვოცირებული გახმაურებული ბიზნესდავის საზოგადოებრივ მონიტორინგს აწარმოებს.

ნათია ჯანაშიას მიერ ინგლისისა და უელსის იუსტიციის უმაღლეს სასამართლოში წარდგენილ სარჩელში პერსონალური თავდასხმის მთავარ ობიექტებად დასახელებულნი არიან: არჩილ კოჭლამაზაშვილი – საქართველოს უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ლაშა თავართქილაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე.

როგორც აფბაში აცხადებენ ოფიციალური ინფორმაციით, არცერთი აღნიშნული მოსამართლე არ იმყოფება ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთის ან სხვა რომელიმე სახელმწიფოს სასანქციო სიებში. მიუხედავად ამისა, ჯანაშიას სარჩელში მათი სახელები პირდაპირ და მიზანმიმართულად არის დაკავშირებული დასანქცირებულ ფიგურებთან. ლონდონის სარჩელიდან მოპოვებული ამონარიდები ნათლად აღწერს იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც მოსარჩელე მხარე საერთაშორისო ასპარეზზე ქართველი მოსამართლეების რეპუტაციულ დაზიანებას ცდილობს.

ამონარიდი ნათია ჯანაშას მიერ ლონდონის სასმართლოში შეტანილი სარჩელიდან: “მოსარჩელეს (ნათია ჯანაშიას) სჯერა, რომ იგი საქართველოში ეფექტიან სასამართლო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გარეშე დარჩა, ვინაიდან საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებობს სერიოზული პრობლემები სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით, განსაკუთრებით იმ მოსამართლეებთან დაკავშირებით, რომლებმაც განიხილეს მოსარჩელეს სარჩელები, კერძოდ ბ-ნი არჩილ კოჭლამაზაშვილი და ბ-ნი ლაშა თავართქილაძე. მოსამართლეები მუშაობენ იმ სისტემაში, რომლის მთავარი მოქმედი პირები დასანქცირებულები არიან აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის ხელისუფლებების მიერ. 2025 წლის 2 აპრილს, დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების სამინისტრომ სანქციები დაუწესა ორ სასამართლო ფიგურას, მიხეილ ჩინჩალაძეს და ლევან მურუსიძეს.
მოსარჩელეს სჯერა, რომ სასამართლო სისტემაში არსებული ზეგავლენებისა და გავლენების ჯაჭვის გათვალისწინებით, ასევე სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საერთაშორისო შეშფოთების ცნობაში მიღებით, საქართველოში მისი საქმეების სამართლებრივი საფუძვლების მიხედვით განხილვას არანაირი გონივრული პერსპექტივა არ აქვს”. – ციტატის დასასრული.

როგორც აფბას მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, მოსამართლეების დადანაშაულება არაკეთილსინდისიერებაში მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი საქართველოს სასამართლო სისტემაში მუშაობენ, სამართლებრივად აბსურდული და ცილისმწამებლურია. ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ დამოუკიდებელი მოსამართლეები მოექცნენ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პოტენციური სანქცირების შიშის ქვეშ, რაც ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ინსტიტუციური შანტაჟის კლასიკური ნიშანია.

„ჩვენთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რაში დასჭირდა ქართველი მოსამართლეების პროფესიონალიზმისა და დამოუკიდებლობის დაკნინება ნათია ჯანაშიას და რა კავშირი აქვს “საქართველოს განათლების ჯგუფთან” დავას ბრიტანეთისა და უკრაინის მიერ გარკვეული პირების სანქცირებასთან? თუ ეს “თაღლითური ხრიკი” მხოლოდ იმიტომ გამოიყენეს, რომ როგორმე ლონდონის სასამართლო საქმის მიღებასა და შემდგომში განხილვაზე დაეყოლებინათ, შეგვიძლია გარანტირებულად განვაცხადოთ, რომ ასეთი სიყალბე მყისიერად გამომჟღავნდება და ნათია ჯანაშიას მოუწევს თავის მართლება ლონდონელი მომსამართლეების შეცდომაში შეყვანის მცდელობისთვის.

უპრეცედენტოა, რომ ნათია ჯანაშიამ ლონდონის სარჩელში კორუფციაში, არაპროფესიონალიზმსა და დამოუკიდებლობის არარსებობაში დაადანაშაულა არამარტო კონკრეტული მოსამართლეები, არამედ მთლიანად საქართველოს სასამართლო სისტემა და საქართველოს ყველა მოსამართლე, იმიტომ რომ ისინი სასამართლო სისტემაში მუშაობენ“, – დასძენენ აფბას მონიტორინგის სამსახურში.

Scroll to Top