აფბა: „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მოხდა“

11.12.2014 | ნანახია 1594-ჯერ



აფბა: „არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ლარის გაუფასურება ხელოვნურად მოხდა“

შოთა გულბანი: „ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს ლარის გაუფასურების წინაპირობა არ შეუქმნია\"

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – „აფბა\", მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის  გამო, კიდევ ერთხელ ეხმიანება ლარის კურსის გაუფასურებასთან დაკავშირებულ თემას.

11 დეკემბერს, „რეპორტიორის\" პრეს–კლუბში გამართულ ბრიფინგზე „აფბა\"–ს ვიცე პრეზიდენტმა შოთა გულბანმა ისაუბრა იმ გარემოებებზე და მაკროეკონომიკურ მაჩენებლებზე, რასაც შეეძლო  ზეგავლენა მოეხდინათ ლარის კურსის გაუფასურებაზე, ასევე იმ სახელმწიფო უწყებების შესახებ, რომლებიც ვალდებულნი იყვნენ, რომ კურსის დასაჭერად ქმედითი ღონისძიებები გაეტარებინათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო ასე არ მოიქცნენ.

„პირველ რიგში ისმის კითხვა, რა იწვევს კურსის ცვალებადობას? მარტივი პასუხი არის ის, რომ გაცვლითი კურსი დამოკიდებულია უცხოური ვალუტის მოთხოვნა–მიწოდებაზე, სხვაგვარად თუ ვიტყვით სავალუტო ბაზარზე ლარისა და დოლარის მასების თანაფარდობაზე. თუ დოლარის ფასი იზრდება, ერთეულის ფასი გამოხატული ლარში მცირდება, ანუ დოლარი უფასურდება და პირიქით, თუ დოლარის მასა მცირდება, ერთეულის ფასი იზრდება ანუ დოლარი მყარდება. აქედან გამომდინარე, თუ გვინდა გავიგოთ პასუხი თუ რამ გააუფასურა ლარი, უნდა გავაანალიზოთ ის ფაქტორები, რომლებმაც ქვეყანაში ლარისა და დოლარის ურთიერთმიმართება შეცვალა\"– განაცხადა შოთა გულბანმა.

მისი განცხადებით, პოლიტიკურად მოტივირებული ადამიანები, ყოველგვარი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე, ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად ბიუჯეტის არათანაბარ ხარჯვას ასახელებენ, მაგრამ თუ გადავხედავთ 11 თვის ბიუჯეტის შესრულებას, მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა, შესაბამისად ბიუჯეტის როლი ამ პროცესში ნულის ტოლია. 

„დავიწყოთ უცხოური ინვესტიციებით, რაც წესით გავლენას ახდენს ლარის კურსზე, 3 კვარტალში ოფიციალური მონაცემებით შემოსულია 924 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია და 209 მილიონის პორტფელური ინვესტიცია (2 კვარტალში), ეს პირდაპირი ინვესტიციების 30%-იანი მატებაა, პორტფელურის ნაწილში კი შარშან 127 მილიონი დოლარის გადინება იყო, ამდენად ინვესტიციების ნაწილში მნიშვნელოვანი უცხოური რესურსის შემოდინება მოხდა, რასაც ლარი უნდა გაემყარებინა. ინვესტიციების გზით ქვეყანაში წელს შარშანდელთან შედარებით 550 მილიონით მეტი დოლარი შემოვიდა\"– დასძენს გულბანი.

„აფბა\"–ს ვიცე პრეზიდენტმა ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა ფულადი გზავნილები, ექსპორტ-იმპორტის დინამიკა, დეპოზიტების ცვლილება, ტურიზმი, მთლიანი საგარეო ვალის ნამეტი და ფისკალური პოლიტიკა, რომელთა გაანალიზების შედეგად ცხადია, რომ ლარის გაუფასურების არანაირი წინაპირობა არ არსებობდა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ კომპონენტებში ყველგან მატება არის დაფიქსირებული.

შოთა გულბანის აზრით, ეროვნული ბანკის როლი ლარის გაუფასურებაში საკმაოდ მაღალია, ვინაიდან 10 წლის სტატისტიკა მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც მონეტარული პოლიტიკა იყო მკაცრი, ანუ რეფინანსირების განაკვეთი იყო მაღალი, კურსი ყოველთვის იყო მყარი, ხოლო როდესაც განაკვეთი იყო დაბალ დონეზე, ლარი ყოველთვის გაუფასურებული იყო. ბოლო 2 წელია  მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის ისტორიულ მინიმუმზე და ამის ირიბი შედეგი არის დასუსტებული ლარი.

„ამ შემთხვევაში რჩება ორი ფაქტორი, გლობალური და ხელოვნური. დავიწყოთ პირველი ფაქტორით, მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა ვალუტა უფასურდება დოლარის მიმართ, მაგალითად ბოლო ერთ წელიწადში ევრო გაუფასურებულია 13%-ით, იაპონური იენი 19%-ით, თურქული ლირა 10%-ით, ფუნტი 5%-ით, არგენტინული პესო 36%-ით, სომხური დრამი 10%-ით და ა.შ. ბუნებრივია, საქართველო ვერ იქნება გამონაკლისი და გლობალური ტენდენციები ჩვენზეც აისახება. მაგრამ, აქ ერთი საინტერესო დეტალი იკვეთება, რომელიც აჩენს ეჭვს, რომ ხომ არ მოხდა ლარის ხელოვნურად გაუფასურება? როდესაც დოლარი მსოფლიოში მყარდებოდა, საქართველოში ხდებოდა პირიქით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარი უფასურდებოდა და ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა კიდეც დოლარის გარკვეული მასა და ამით შეაჩერა ლარის გამყარება. სწორედ ამის შემდგომ დაიწყო ლარის ნელ-ნელა გაუფასურება, ხოლო ბოლო ერთ თვეში მკვეთრად დაეცა\"– განაცხადა გულბანმა.

შესაბამისად არსებობს ლოგიკური კითხვები, რომლებიც ლარის ხელოვნურად გაუფასურების ეჭვს ბადებს, კერძოდ: რატომ ჩაერია ეროვნული ბანკი ლარის გამყარების დროს, რატომ შეაჩერა მისი გამყარება?

რატომ არ ჩაერია ეროვნული ბანკი, როდესაც ლარმა გაუფასურება დაიწყო?

რატომ მოხდა ბოლო ერთ თვეში ლარის მკვეთრი დაცემა, როდესაც ეკონომიკური პარამეტრები ამის წინაპირობას არ ქმნიდა?

როდესაც დოლარი მსოფლიოში ეტაპობრივად მყარდებოდა, რატომ მოხდა ჩვენთან „შეკავება\" და შემდგომ ერთბაშად გაუფასურება?

ეს არის ის პასუხგაუცემელი კითხვები, რომლებიც ლარის ხელოვნულარდ გაუფასურების ეჭვს აჩენს.