ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

16.12.2014 | ნანახია 1590-ჯერ



ლარის გაუფასურების შედეგად ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის

16 დეკემბერს „რეპორტიორის\" პრეს კლუბში ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ ბრიფინგი გამართა, თემაზე: ,,ლარის გაუფასურების ასახვა ფასებზე\".

„აფბას\" ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის განცხადებით, ლარის კურსის ბოლოდროინდელმა ცვლილებებმა საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ რამდენად გაზრდის ფასებს ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ შევისწავლეთ ეს თემა და ვეცდებით დასაბუთებული და არგუმენტირებული პასუხი გავცეთ კითხვას - რას ნიშნავს ლარის გაუფასურება მოსახლეობისთვის და რამდენად იწვევს ლარის დევალვაცია ინფლაციას.

გაცვლით კურსსა და ფასების დონეს შორის კავშირი ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, მიშვნელოვანია რამდენად მჭიდროა კავშირი ამ ორ მაკროეკონომიკურ პარამეტრს შორის. პირველ რიგში, ამ დამოკიდებულების შესაფასებლად, გადავხედოთ გასული წლების პრაქტიკას და გავაანალიზოთ როგორ აისახებოდა ლარის გამყარება, ან გაუფასურება ქვეყანაში ფასების დონეზე.

გადავხედოთ ბოლო წლების დინამიკას და დავაკვირდეთ იმ პერიოდებს, როდესაც ლარის კურსის მნიშვნელოვან და მკვეთრ მოძრაობას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2006 წლის მარტში 1 დოლარი ღირდა 1,83 ლარი, 2007 წლის მარტში კი - 1.70, ანუ ლარი გამყარდა 7%-ით, მაგრამ ზუსტად იგივე პერიოდში ინფლაცია იყო 9,7%. ასევე, 2008 წლის მარტში 1 დოლარი უკვე 1.50 ლარი ღირდა, ანუ გამყარებული იყო 12%-ით, მაგრამ ინფლაცია იყო 12.3%. ანუ, მყარდებოდა ლარი, მაგრამ ფასები საკმაოდ დიდი მოცულობით იზრდებოდა.

მაგალითისთვის ასევე გვინდა მოვიყვანოთ 2011 წლის მაისი, როდესაც წინა წელთან შედარებით ლარი 10%-ზე მეტად იყო გამყარებული, მაგრამ ინფლაციამ 14.3% შეადგინა, მათ შორის სურსათზე 30,7%.

ამდენად, ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ გაცვლით კურსს და ინფლაციას შორის საქართველოში მნიშვნელოვანი კავშირი არ არის.\"

ბაირახტარის განცხადებითვე ამ ფაქტს ადასტურებს ფინეთის ბანკის კვლევაც, რომლის მიხედვით, საქართველოში გაცვლითი კურსის 1%-ით ცვლილება, ფასების დონეს ცვლის 0,14%-ით. გავიხსენოთ ლარის შარშანდელი დევალვაცია, ყველაზე მყარი ლარი 2013 წლის მაისში იყო (1.64), შემდგომ წლის ბოლოს მოხდა ლარის გაუფასურება, პიკი იყო 2014 წლის იანვარი, როცა ლარის კურსი 1,76-მდე დაეცა, ანუ ლარი გაუფასურდა 7,3%-ით, თუმცა ამის მოჰყვა ფასების დონის 3%-იანი მატება.\"

ბაირახტარის განცახადებითვე მხოლოდ გაცვლითი კურსის ცვლილებით ფასების დონის ზრდა მოსალოდნელი არ არის. დამაიმედებელია გლობალური ტენდენციებიც, ვინაიდან, მსოფლიო ბაზარზე ძირითადი სასურსათო პროდუქცია იაფდება. FAO- სურსათის ფასების ინდექსი ნოემბრის მდგომარეობით, გასული წლის ნოემბერთან შედარებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული, სურსათი მსოფლიოში საშუალოდ 7%-ით არის გაიაფებული. მათ შორის, რძის პროდუქტები გაიაფებულია 30%-ით, მარცვლეული - 6%-ით, მცენარეული ზეთები  - 17%-ით, შაქარი - 8%-ით. გაძვირებულია მხოლოდ ხორცი, 13%-ით.

 

,,ამდენად, მიმდინარე, როგორც შიდა, ისე გარე ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოში ფასების მნიშვნელოვანი ზრდა მოსალოდნელი არ არის. თუმცა აღსანიშნავია ახალი წლის მოახლოვების ფაქტორი, როდესაც ფასები პროდუქციაზე იზრდება, თუმცა, ეს მოკლევადიანი პროცესია და ფასების გრძელვადიან სტაბილურობას საფრთხე არ უქმნის.\" - განაცხადა პაატა ბაირახტარმა „რეპორტიორის\" პრეს კლუბში სტუმრობის დროს.