აფბა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებს

10.05.2011 | ნანახია 768-ჯერ



აფბა საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში ცვლილებებს აპროტესტებსპარლამენტი ტრანსპორტის კანონში ცვლილებების შეტანით მონოპოლიებს სამარშრუტო ტაქსებზე ქვეყნის მასშტაბით აფიქსირებს

აფბა სთავაზობს პარლამენტს სიტუაციის რეგულირებას ჯანსაღი კონკურენციის წახალისებით და \"მარშრუტკების\" სისტემის მოსაწესრიგებლად სტანდარტების შემოღებით

რატომ აფიქსირებს ტრანსპორტის პროფკავშირები სახელისუფლებო პოზიციას
 
\"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” (აფბა) `საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ\" კანონში ცვლილებებს აპროტესტებს. ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარლამენტი ტრანსპორტის კანონში ცვლილებების შეტანით „მარშრუტკებზე\" მონოპოლიებს ქვეყნის მასშტაბით აფიქსირებს.
\"ხელისუფლება სამარშრუტო ტაქსების ბიზნესის მონოპოლიზებას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ თბილისის მერიამ დედაქალაქის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიური უფლება, აბსურდული ტენდერის საფუძველზე, 4 (ფაქტობრივად ერთ) კომპანიას გადასცა. აფბამ მერიასა თუ საკრებულოს რეკომენდაციებითაც მიმართა, სამწუხაროდ, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ აფბას რეკომენდაციები არ გაითვალისწინა და ახლა თბილისის მოსახლეობისთვის მგზავრობის გაძვირება ერთი კომპანიის ნება-სურვილზეა დამოკიდებული. 
ხელისუფლება აგრძელებს მეწარმეთათვის ბიზნესების ჩამორთმევას და მასთან დაახლოებულ პირთათვის გადაცემას. `საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ~ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმადაც თბილისის მსგავსი სამარშრუტო ტენდერების ჩატარება უკვე საქალაქთაშორისო მარშრუტებზეც (50 კმ–ზე ნაკლები) განხორციელდება, რომელშიც, პირველ რიგში, თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზი ხვდება. თუ გავითვალისწინებთ დედაქალაქში ჩატარებული ტენდერის პირობებსა და ობიექტურობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ კანონის ამოქმედების შემდეგ თბილისი-რუსთავის სამარშრუტო ხაზის მფლობელებსა და მძღოლებს იგივე მოელის, რაც თბილისში მოხდა. ანუ, სამარშრუტო ხაზის მფლობელებს ჩამოერთმევათ კერძო საკუთრება, ხოლო `მარშრუტკის~ მძღოლები საკუთარ ტრანსპორტში რომელიმე კონკრეტული ხელისუფლებასთან დაახლოებული ფირმის დაქირავებულები აღმოჩნდებიან. 
კანონის მიღების მიზეზს ავტორები ასე განსაზღვრავენ: - `კანონის მიღება განპირობებულია იმით, რომ ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის (50 კმ–ზე ნაკლები) ახლო მიმოსვლის მგზავრთა გადაყვანის პროცესის უფლებამოსილების მოპოვების, მართვისა და რეგულირების პროცედურები არაა მოქცეული არც საქალაქთაშორისო და არც ადგილობრივი საქალაქო სამგზავრო გადაყვანების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის ქვეშ, ამიტომ სამგზავრო გადაყვანების პროცესი და საფინანსო საქმიანობა მიმდინარეობს თვითნებურად ე.წ. „ხაზის პატრონისა\" და მძღოლების მიერ „დადგენილი\" წესებით, რაც დაუშვებელია როგორც კანონმდებლობით, ასევე მგზავრთა მომსახურების ხარისხის და უსაფრთხოების, მძღოლთა შრომის პირობების დაცვისა და საბიუჯეტო ანგარიშსწორების თვალსაზრისით”.
კანონის ავტორებს ამის საპასუხოდ შეგვიძლია ვუთხრათ, - საქართველოს ნავთობრპოდუქტების იმპორტიორი, ფარმაცევტული კომპანიები და ა.შ. შორს აღარ წავალთ არარეგულირებადი ბაზრების ჩამოთვლისგან - მათი საქმიანობა მიმდინარეობს თვითნებურად, მათივე დადგენილი წესებით და ფასებით, თუ ამათთვის ნებადართულია `თვითნებობა~, \"მარშრუტკის” მძღოლებმა რა დააშავეს? 
გაუგებარია, კანონის არსი, რატომ უნდა ხდებოდეს სამარშრუტო ბიზნესში მგზავრების გადაყვანის რეგულირება, თუ ქვეყანაში არ ხდება ნავთობპროდუქტების, ფარმაცევტიკის, სამშენებლო სფეროების რეგულირება, რატომ უნდა დარეგულირდეს სამარშრუტო ბიზნესი? თუ კანონმდებელი ზრუნავს მგზავრთა მომსახურების ხარისხსა და უსაფრთხოების შესახებ, მაშინ რატომ არ ზრუნვას მძღოლების (რომლებიც ნავთობკომპაიებისგან იჩაგრებიან), პაციენტების (ფარმაცევტული კომპანიები) ან ბინის მყიდველი მოსახლეობის მომსახურებასა და უსაფრთხოებაზე?
გარდა იმისა, რომ ამ კანონის დამტკიცებით ირღვევა ადამიანთა თანასწორობის და ამ ბიზნესში დასაქმებული მოსახლეობის უფლებები, ამასთან, აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება ყოველგვარი ლიბერალური ეკონომიკის პრინციპებს, რომელთა მიმდევრობითაც ჩვენი ხელისუფალნი ესოდენ ამაყობენ. არ შეიძლება ლიბერალური ეკონომიკის მაშენებელ ქვეყანაში სახელმწიფო განსაზღვრავდეს რომელიმე სფეროში, ეს იქნება მგზავრების გადაყვანა, ვაშლის გაყიდვა, თუ ფინანსური საქმიანობის წარმოება, - თუ რამდენი ბიზნეს-სუბიექტი განახორციელებს ოპერირებას.
ერთია, ხელისუფლების და კერძოდ კანონპროექტის ავტორთა გაუგებარი პოზიცია, ხოლო მეორე, თუ რას აფიქსირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით ტრანსპორტის პროფკავშირები და მისი თავმჯდომარე. `საერთოდ ამ კანონპროექტის მიღება მხოლოდ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა განხორციელდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რეფორმა გასატარებელია, მაგრამ არა ისე, რომ ეს მხოლოდ ორ ქალაქს შეეხოს. ეს ინიციატივა რომ მზადდებოდა, ვიცოდით, მაგრამ ჩვენ, პროფკავშირები, არ მივესალმებით იმას, რომ მხოლოდ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე განხორციელდეს.
მაგალითად, რომ განისაზღვრება მარშრუტი სადგურიდან სადგურამდე, ეს მარშრუტი დაცული უნდა იყოს. ეს არის ჩვენი მოთხოვნა და ჩვენ ყოველთვის გავაპროტესტებთ ისეთ კანონპროექტებს, რომლებიც მხოლოდ კონკრეტულ სუბიექტებზეა მიმართული. როგორც რუსთავი უკავშირდება თბილისის ტერიტორიას, ასევე უკავშირდება ქუთაისიც, სიღნაღიც, ამბროლაურიც და ა.შ. ამიტომ მხოლოდ თბილისი-რუსთავისთვის არ უნდა მოხდეს კანონის დაწერა”, - აცხადებს ლავრენტი ალანია.
გაუგებარია, პირი, რომელმაც მძღოლების და ტრანსპორტის სექტორში დასაქმებული ადამიანების ინტერესები უნდა დაიცვას, რატომ ითხოვს რეგულაციების შემოღებას მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ სამარშრუტო ხაზებზე, ამით ხომ ის ადამიანები, ვინც დღესდღეობით ამ საქმიანობით ლუკმა-პურს შოულობენ ფინანსური სარგებლის გარეშე დარჩებიან, უკეთეს შემთხვევაში კი შემოსავალი ბევრად შეუმცირდებათ.
სწორედ ასეთი პროფკავშირების ბრალია, რომ ქვეყანაში ამ ინსტიტუტის მიმართ ნდობა ძალიან დაბალია. სწორედ ასეთი განცხადებებისა და მოთხოვნების შედეგია, რომ საქართველოში დასაქმებულის უფლებები პერმანენტულად ირღვევა და ის ორგანოები, რომლებიც საკუთარ თავს პროფკავშირებს უწოდებენ და დასაქმებულის უფლებების დაცვა ევალებათ, რატომღაც ხელისუფლების ინტერესების გამტარებლები არიან.
`ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა~ მიმართავს საქართველოს პარლამენტს და მოუწოდებს, რომ დაანებოს ქვეყნის მთავარმა კანონმდებელმა თავი მცირე და საშუალო ბიზნესის ჩაგვრას და ბიზნსესსექტორების მონოპოლიზებას, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, ეს ლიბერალიზმი არაა. და საერთოდ, არც სოციალიზმია და არც საღ აზრს ექვემდებარება. თუ ქვეყნის ხელისუფლებას, პარლამენტს, ტრანსპორტის პროფკავშირებს ან სხვა ან სექტორით დაინტერესებულ ორგანოს, მართლაც სურს მგზავრობის ხარისხის გაუმჯობესება და მგზავრთა უსაფრთხოების დონის ამაღლება ეს ძალიან მარტივად შეიძლება განხორციელდეს არსებული სამარშრუტო ტაქსებისთვის გარკვეული სტანდარტების შემოღებით, როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია აპრობირებული”, - აღნიშნულია სპეციალურ განცხადებაში, რომელიც არასამთავრობომ გაავრცელა.