აფბა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას მოითხოვს

17.06.2011 | ნანახია 671-ჯერ



აფბა ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას მოითხოვს17 ივნისს აფბამ თბილისში, სასტუმრო ,,ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი უძღვებოდა. 
ახალგაზრდა ფინანსისტები მიიჩნევენ, რომ მთავრობა მიუტევებელ უმოქმედობას იჩენს და არ შედის ინიციატივით პარლამენტის წინაშე, რათა შესრულდეს ევროკავშირის მოთხოვნა სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური რეგულირების კანონმდებლობის რეანიმაციისა და დამოუკიდებელი, შესაბამისი ფუნქციებით აღჭურვილი ანტიმონოპოლიური სტრუქტურის შექმნის თაობაზე.
,,ევროკავშირმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ პერიოდში მასშტაბური დახმარება აღმოუჩინა უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილ საქართველოს. რამდენიმე მილიარდიანი ფინანსური დახმარების წყალობით, საქართველომ პოლიტიკური კრიზისი, ფინანსურ-ეკონომიკური კრახი და სახელმწიფოებრიობის მოშლა აიცილა თავიდან. ამ მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირმა საქართველოს მთავრობისგან მკაფიოდ მოითხოვა 4 უმიშვნელოვანესი პრობლემის მოგვარება, რასაც ხელი უნდა შეეწყო ჩვენი ქვეყნის ევროკავშირთან დაახლოებისთვის და გადადგმულიყო კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით. ამ 4 ამოცანიდან არცერთი სადღეისოდ გადაწყვეტილი არ არის: 1) არ აღდგენილა ანტიმონოპოლიური სამსახური და ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა; 2) არ იქნა მიღებული ცივილიზებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი შრომის კოდექსი; 3) დღემდე არ არის უზრუნველყოფილი სურსათის უვნებლობის პრობლემა და 4) არ განხორციელდა სტატისტიკის უწყების იმდაგვარი რეფორმირება, რომ ამ სფეროში, დამოუკიდებელ სტრუქტურას უზრუნველეყო საზოგადოებისთვის უტყუარი ინფორმაციის მიწოდება, რომელთა ნამდვილობა ეჭვს არ გამოიწვევდა,\" – აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა. 
აფბას პოზიცია ცალსახაა - ანტიმონოპოლიური რეგულირების უარყოფა თანდათან გვაშორებს ჩვენს სტრატეგიულ მიზანს – გავხდეთ ევროკავშირის, ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ანტიმონოპოლიური რეგულირების არარსებობა ხელს უწყობს ფარული მონოპოლიების წარმოშობას და შემოსავლიანი ბიზნესების ხელში ჩაგდებას ხელისუფლებასთან შეზრდილი კლანების მიერ, ფასების უკონტროლო ზრდას და მთელი ჩვენი ეროვნული სიმდიდრის გადაქაჩვას ოფშორულ ზონებში, - მიაჩნიათ ახალგაზრდა ფინანსისტებს.
პარლამენტის ერთ-ერთ ბოლო სხდომაზე, პარლამენტარმა პეტრე ცისკარიშვილმა საქონლის ხორცზე ბოლო პერიოდში დაფიქსირებული მნიშვნელოვანი ზრდა სურსათის უვნებლობის მიზნით გატარებული ღონისძიებებით ახსნა. აფბა მკაფიოდ აცხადებს, რომ სურსათის უვნებლობის პრინციპებისა და მეთოდების დანერგვა არასგზით არ აისახება ფასების მატებაზე. საქონლის ხორცზე ფასის მატება გამოწვეულია ამ სფეროში მონოპოლისტის ჩამოყალიბებით და ხორცის იმპორტიორების შორსმიმავალი ზრახვებით, რომელთა არსიც იაფფასიანი ინდური და სხვა ამდაგვარი ქვეყნებიდან შემოტანილი ხორცით ჩანაცვლებას და ზემოგების მიღებას გულისხმობს, - მიაჩნიათ აფბაში. 
თუ საქართველოს მთავრობა და პარლამენტი დაუყოვნებლივ არ იზრუნებენ შესაბამისი მოთხოვნების შესრულებაზე, შეუძლებელი გახდება ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება, რასაც თავისი პოზიციით და ქმედებებით ჯიუტად ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლება. ეს კი აშკარა წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის მიერ დეკლარირებულ რეფორმატორულ და პროევროპულ კურსთან.
,,უკვე 1 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ”თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს” სახელი შეეცვალა და ანტიმონოპოლიური სამსახური ეწოდა. მას შემდეგ მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან (კონკრეტულად მთავრობის საპარლამენტო მდივანი გია ხუროშვილი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლები ვახტანგ ლეჟავა და თამარ კოვზირიძე) არაერთხელ გაკეთდა განცხადებები, რომ ეს უწყება შესაბამისი კანონმდებლობითაც აღიჭურვებოდა, მაგრამ დღემდე კანონპროექტი პარლამენტში განსახილველადაც არაა შესული. ჩინოვნიკების მიერ არაერთხელ იქნა დაანონსებული ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის აღდგენა, ჯერ 2010 წლის ივნისში, შემდეგ ნოემბერში, ხოლო შემდეგ ამა წლის აპრილში. ხელისუფლება ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არ აღდგენით აჭიანურებს საქართველოს დასავლეთთან დაახლოების პროცესს, მეორეს მხრივ, ის საშუალებას აძლევს ქვეყანაში არსებულ ფარულ მონოპოლიებსა და ოლიგოპოლიებს გააგრძელონ ხალხის ძარცვა”, - აცხადებს ჯანიაშვილი.
არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი ღიად ეწევა ანტიევროპულ პროპაგანდას და საზოგადოებას არწმუნებს, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა და ევროპასთან დაახოლოება ვითომცდა ეკონომიკური თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე მოხდება, რაც ნონსენსია. ამის ნათელ მაგალითებს გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ტაივანი და ა.შ. (მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს) წარმოადგენენ, სადაც მკაცრი ანტიმონოპოლიური რეგულირება არსებობს, მაგრამ ეს ქვეყნები ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით ჩვენზე ბევრად წინ არიან (აშშ - მე-6, დიდი ბრიტანეთი - მე-10, ესტონეთი - მე-12 …). რატომღაც საზოგადოებაში ხდება იმ აზრის პროპაგანდირება, რომ ანტიმონოპოლიური უწყება კერძო ბიზნესის შეზღუდვით იქნება დაკავებული, რაც ასევე არასწორი მიდგომაა. განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ანტიმონოპოლიური ორგანოების მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს ბიზნესში ჩაურევლობის უზრუნველყოფაა, რადგან სწორედ სახელმწიფო აპარატია ის ძალა, რომელიც ამა თუ იმ მეწარმეს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს კონკურენტთან შედარებით, რაც იწვევს კიდეც ამ ფირმის მიერ ბაზრის მონოპოლიზებას და მოსახლეობისათვის არაადეკვატურად მაღალი ფასის შეთავაზებას მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე, მიიჩნევს აფბა.
ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის არარსებობის პირობებში საქართველოში ხშირია ხელისუფლების წარმომადგენელთა ან ყოფილ წარმომადგენელთა თუ მათთან დაახლოებულ პირთა მიერ ფარული მონოპოლიების შექმნა.
სახელმწიფოს მიერ შექმნილი მონოპოლიების თვალსაჩინო მაგალითებია ”საქართველოს ლატარიის კომპანია” (რომელსაც რატომღაც ქვეყნის მასშტაბით გათამაშებების ჩატარებაზე ექსკლუზივი მისცეს); თბილისის სამარშრუტო ტაქსების ტენდერი და მომავალში მოსალოდნელი თბილისი-რუსთვის სამგზავრო ხაზის მონოპოლიზება, ამას ემატება სულ ახლახანს ხორცის ბაზარზე დაფიქსირებული მოვლენებიც, როდესაც სოფლის მეურნების სამინისტრომ გარკვეულ ჯგუფს მისცა პირუტყვის დაკვლის ექსკლუზიური უფლება. ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ შექნილი მონოპოლიების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, რადგან დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად, აღარ არსებობს სფერო, სადაც ჯანსაღი კონკურენციის შედეგად ხდება ფასწარმოქმნა და არა კარტელური გარიგებების ან მონოპოლისტის მადის შესაბამისად, - ამბობს მერაბ ჯანიაშვილი.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია მიმართავს ხელისუფლებას, დროულად შეასრულოს მის მიერ ევროკავშირისთვის და საქართევლოს საზოგადოებისადმი მიცემული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ანტიმონოპოლიური უწყება, იმ ფორმით, როგორც ეს ევროკავშირის და არა მარტო მის წევრ ქვეყნებშია მიღებული. მთავრობის უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შეუქმნელობით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ფარული მონოპოლიების ლობირებას ეწევა.