აფბა თბილისის მერიას ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს

17.07.2011 | ნანახია 711-ჯერ



აფბა თბილისის მერიას ტენდერის შედეგების გაუქმების მოთხოვნით მიმართავს21 ივლისს აფბამ თბილისში, სასტუმრო ,,ძველი მეტეხის” საკონფერენციო დარბაზში ბრიფინგი გამართა. ბრიფინგს ასოციაციის პრეზიდენტი მერაბ ჯანიაშვილი უძღვებოდა. 
აფბა სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს და მას ფარული მონოპოლისტის მიერ ხელისუფლების წაყრუების პირობებში გამოჩენილ თავხედობად მიიჩნევს.
”ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა 1 ლარამდე გაიზრდება.
თბილისის მასშტაბით მოძრავ სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის ღირებულება 60%-ით, 50-დან 80 თეთრამდე გაიზარდა. ამის მიზეზი არავის აუხსნია საზოგადოებისთვის.
მთავარი პრობლემა დღემდე საზოგადოების თვალსაწიერს მიღმა რჩება. საქმე ისაა, რომ მარშრუტკების ტენდერში გამარჯვებული ფარული მონოპოლისტი, ვითომდა 4 სუბიექტისგან შემდგარი, რომელთა სახელით ყოველთვის ერთი მათგანი ”თბილისის მიკროავტობუსი” საუბრობს, ჩვენი სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეების ხარჯზე ცდილობს ბიზნესის კეთებას.
ფარული მონოპოლისტი არ აპირებს ინვესტიციის განხორციელებას. ე.წ. ”ყვითელი მარშრუტკების”, ”ფორდების” ღირებულებას კომპანია მგზავრობის საფასურის გაზრდით მიღებული შემოსავლებიდან თანდათან დაფარავს, თუმცა ეს კლასიკური კონსიგნაციის პრინციპითაც არ ხორციელდება. 10 წლის შემდეგ, როცა ”ინდმეწარმეს”, ანუ მძღოლს, საკუთრებაში გადაეცემა თბილისის არცთუ სახარბიელო გზებზე ნატარები ავტომობილი, ”ინდმეწარმეს”, ანუ მძღოლს 18 ათას ევროდ ღირებულ ”ფორდის” მიკროავტობუსში 50 ათასი ევრო ექნება გადახდილი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ბუნდოვნად საუბრობს ახალი მარშრუტკების შემოყვანაზე, მაგრამ არ საუბრობს ინვესტიციებზე, რასაც მას მისდამი ლოიალური სატენდერო პირობებიც არ ავალდებულებს.
ასეთი მძარცველური და ყაჩაღური სქემა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის დედაქალაქში არ განხორციელებულა.
მით უფრო გაუგებარია მგზავრობის ღირებულების გაზრდა დღეს ამის გაკეთება, როცა მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასი ეცემა.
განსაკუთრებით დიდია სატენდერო კომისიის პასუხისმგებლობა, რომელმაც გამარჯვებულს პირობად არ ჩაუდო ინვესტიციის განხორციელება, ფასების ზრდის დასაბუთების მოთხოვნა და ფაქტობრივად შექმნა წინაპირობები ფარული მონოპოლისტის ჩამოყალიბებისთვის.
აფბა მიიჩნევს, რომ მერია, საკრებულო, საქართველოს მთავრობა, პრემიერი გილაური და ეკონომიკის მინისტრი ქობალია პერსონალურად არიან პასუხისმგებელნი უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი ადამიანების ყოფის კიდევ უფრო გაუარესებაზე.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენები, რომლებმაც სამარშრუტო ტაქსების ტენდერში გაიმარჯვეს, მძღოლებს იძულებულს ხდიან რომ მგზავრობის გადასახადი გაზარდონ, რათა ფასის ზრდით გამოწვეული საზოგადოების მოსალოდნელი პროტესტი არა მათ, არამედ ”მარშრუტკის” მძღოლების ბრალი აღმოჩნდეს. სხვათა შორის, ტენდერში გამარჯვებულმა მონოპოლისტმა ერთხელ უკვე სცადა მგზავრობის ღირებულების გაზრდა. მაშინ აფბას და საზოგადოების პროტესტმა ეს პროცესი შეაჩერა. ახლა ცხელი ივლისი შეარჩიეს, როცა პროტესტი, მათი აზრით, მძაფრი არ იქნება.
”თბილისის მიკროავტობუსის” მიერ მგზავრობის გაძვირების მძღოლებზე გადაბრალება სიცრუეა, რადგან ტენდერის ჩატარების დღიდან თბილისის მასშტაბით მგზავრთა გადაყვანის უფლება ექსკლუზიურად ამ კომპანიას მიენიჭა, შესაბამისად, ყველა ”მარშრუტკა” მათ ექვემდებარება და მათი მხრიდან თვითნებური ნაბიჯის გადადგმა სამსახურის დაკარგვად დაუჯდებათ.
აფბა სამარშრუტო ტენდერის პირობების გამოქვეყნებისთავანე აცხადებდა, რომ ტენდერის მსგავსი პირობებით ჩატარება ამ ბაზარზე კონკურენციას უკიდურესად შეამცირებდა, შექმნიდა მონოპოლისტს, რაც აუცილებლად მგზავრობის ფასის ზრდას გამოიწვევდა. აფბა ჯერ კიდევ ტენდერის ჩატარებამდე მოუწოდებდა მერიას სატენდერო პირობების შეცვლისკენ, სამწუხაროდ, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყურად არ იღო არასამთავრობო ორგანიზაციის რჩევები, ჩაატარა ტენდერი, რომლითაც ეს სექტორი ფაქტობრივად ერთ კომპანიას გადააბარა (იმედია, არავის აქვს იმის ილუზია, რომ ერთი და იგივე ნოტარიუსთან და ერთსა და იმავე ადგილზე, 5 წუთიანი ინტერვალით დარეგისტრირებულ კომპანიებს ერთმანეთთან კავშირი არ აქვთ).
ახლა მერიის მხრიდან ”მარშრუტკით” მგზავრობის გაძვირებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა, სწორედაც უპასუხსიმგებლობაა მისი მხრიდან საკუთარი ამომრჩევლის მიმართ და მეტი არაფერი. თუ არ ჰქონდა მერიას და საკრებულოს მარშრუტკის ფასზე ზეგავლენის მოხდენის ბერკეტები (ფაქტია, რომ ტენდერის პირობებით არ ჰქონდა), ერთი მეორის მიყოლებით მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებს საზოგადოების წინაშე პირობა არ უნდა დაედოთ, რომ მგზავრობა არ გაძვირდებოდა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ სამრშრუტო ბაზარზე შექმნილი დღევანდელ მდგომარეობაში არანაკლები ბრალი მიუძღვით საკრებულოს ზოგიერთ ოპოზიციონერ დეპუტატს და საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებს. სამწუხაროა, რომ საზოგადოება, არასამთავრობო სექტორი და ეკონომისტები, როცა ტენდერის პირობების აბსუდულობას აპროტესტებდნენ, ზოგიერთი ოპოზიციონერი დეპუტატი და პროფკავშირები ამ ტენდერის კომისიაში იყვნენ, რეფორმის აუცილებლობასა და დადებით მხახრეებზე აკეთებდნენ აქცენტს. ხოლო, პროფკავშირები უფრო შორის წავიდა და ახალ მონოპოლისტთან, რომელიც დღეს მძღოლების და საზოგადოების ინტერესებს უგულებელყოფს, ხელშეკრულებაც გააფორმა და კმაყოფილებასაც ვერ მალავდა ამ ”რეფორმის” გამო.
სამწუხაროა, რომ ოპოზიცია და პროფკავშირები მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგანან, რადგან მათი უნიათობით განხორციელდა ეს ტენდერი და ახლა მგზავრობის გაპროტესტება რაც შეიძლება ხმამაღალი ყვირილით საქმეს ვერ უშველის. თუ არ ჰქონდათ შესაბამისი კომპეტენცია, ამ სფეროს სპეციფიკაში გასარკვევად, კარგი იქნებოდა კომპეტენტურ ადამიანებთან კონსულტაცია გაევლოთ.
”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მოუწოდებს თბილისის მერიას და საქართველოს პარლამენტს გააუქმონ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულ პრინციპებზე ჩატარებული ტენდერი. ჩატარდეს ახალი ტენდერი, რათა მიეცეს რეალურ ინვესტორს ამ სეგმენტში შემოსვლის საშუალება, მიეცეს მცირე და საშუალო მეწარმეებს ამ ბაზარზე ოპერირების საშუალება. აფბა იმედს იტოვებს, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობა გამოიჩენენ ჯეროვან პრინციპულობას მონოპოლისტის მიმართ და არ მისცემენ ”თბილისის მიკროავტობუსს” უფლებას მის ხელთ არსებული საბაზრო ძალაუფლება ბოროტად გამოიყენოს”.