აფბა გოგირდის აბანოებისა და GWP-ის დაპირისპირების მიზეზებს შეისწავლის

18.06.2016 | ნანახია 1296-ჯერ



აფბა გოგირდის აბანოებისა და GWP-ის დაპირისპირების მიზეზებს შეისწავლის
თბილისში მდებარე გოგირდის აბანოებსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“  შორის დავა უკვე 4 თვეზე მეტია რაც გრძელდება. გოგირდის აბანოები სადავოს ხდიან მათთვის დარიცხული წყალარინების (საკანალიზაციო) მომსახურების გადასახადის მოცულობას და ზოგადად, ამ მომსახურებისთვის სემეკის მიერ დაწესებულ ტარიფს.

მიუხედავად იმისა, რომ ცალსახად, ეს არის დავა კერძო ბიზნეს სუბიექტებს შორის, საკითხმა გამოიწვია საკმაო საზოგადოებრივი ინტერესი და შეიძინა გარკვეული რეზონანსულობაც.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინიციატივით დავა სასამართლო სივრცეში გრძელდება. გოგირდის აბანოების წარმომადგენლები საზოგადოების ყურადღების მიპყრობას საჯარო აქციებით ცდილობენ. არსებული ტარიფი მათ გააპროტესტეს  GWP-ის, სემეკის და დედაქალაქის მერიის ოფისებთან. პროტესტის მიზნით, ანონსდება გოგირდის აბანოების მუშაობის შეჩერებაც.

გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“, გოგირდის აბანოებსა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“  შორის არსებული დავის შესახებ კვლევას აწარმოებს, რომლის შედეგებსაც უახლოეს მომავალში გაასაჯაროებს.

აფბაში აცხადებენ, რომ ორგანიზაცია სწავლობს საკითხს და უახლოეს მომავალში გეგმავს წარმოადგინოს კვლევის შედეგები და გარკვეული რეკომენდაციებით მიმართოს დაპირისპირებულ მხარეებს.

„კომპანია„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არასამთავრობო სექტორსა და ეკონომიკის ექსპერტებს მიმართა, დავინტერესებულიყავით აღნიშნული საკითხით. საკითხი მართლაც არ არის რიგითი. მისი რეზონანსულობიდან გამომდინარე, ჩვენ შევეცდებით ამ თემაში გარკვევას და საკუთარ პოზიციას დავაფიქსირებთ. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აფბა არასამთავრობო ორგანიზაციაა და საკუთარი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში საკითხს შეხედავს საკანონმდებლო და ნორმატიული კუთხით. თუ რამდენად ჯდება ამა თუ იმ მხარის ქმედებები კანონმდებლობის ფარგლებსა თუ იმ ნორმატიულ აქტებში, რაც დღეს საქართველოში მოქმედებს. საკითხის შესწავლის შემდგომ ვგეგმავთ გავცეთ გარკვეული რეკომენდაციები, როგორც დაპირისპირებულ მხარეების ისე სახელმწიფო სტურუქტურების მისამართით“, – აღნიშნა „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტმა მერაბ ჯანიაშვილმა.