შოთა გულბანი: „საქართველოს ბანკი“ კონკურენტი დარგის განვითარებას აფერხებს

28.06.2016 | ნანახია 1404-ჯერ



შოთა გულბანი: „საქართველოს ბანკი“ კონკურენტი დარგის განვითარებას აფერხებს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის – აფბას“ პრეზიდენტი, შოთა გულბანი, ეხმიანება სს „კავკას რეესტრის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და მიიჩნევს, რომ ადგილი აქვს მსხვილი, მონოპოლისტური ჯგუფის, კერძოდ ,,საქართველოს ბანკის” მიერ, დამოუკიდებელ, ფასიანი ქაღალდების რეაგისტრატორ კომპანია, „კავკას რეესტრზე“ აშკარა ზეწოლას მმართველობის ჩამოსაშორებლად, რასაც საფუძვლად უდევს მცდელობა, რომ საფონდო ბირჟის მთლიანი ინფრასტრუქტურა, მხოლოდ ერთი ჯგუფის, „საქართველოს ბანკის“ ქოლგის ქვეშ აღმოჩნდეს:

„საქართველოში ბიზნესის განვითარებისთვის კაპიტალის მოძიების ერთადერთ და უალტერნატივო წყაროს ბანკები წარმოადგენენ მათ, რა თქმა უნდა, არ აწყობთ ისეთი კონკურენტი დარგის განვითარება ქვეყანაში, როგორიც არის ფასიანი ქაღალდების ბაზარი, რადგან ეს მათ როგორც დეპოზიტარების, ისე კრედიტორების მნიშვნელოვან ნაწილს დააკარგვინებს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მეწარმე გადაწყვეტს, რომ საკუთარი წარმოება გააფართოვოს და ამისთვის თანხები ჭირდება, გამართულად ფუნქციონირებადი საფონდო ბირჟის არსებობის შემთხვევაში, ის წავა და ფასიან ქაღალდებს გამოუშვებს და ამ გზით მოიზიდავს ფინანებს, ანუ არ წავა ბანკში კრედიტის ასაღებად, არამედ უფრო მომგებიან გზას მიმართავს. ამას კი, რა თქმა უნდა, მსხვილი ბანკები კარგად ათვითცნობიერებენ და ყველა ხერხს მიმართავენ იმისთვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. ნათელი მაგალითი „საქართველოს ბანკია“, რომელმაც წინა ხელისუფლებასთან თანამშრომლობით, ასევე საკუთარი ფინანსური შესაძლებლობებით, „საქართველოს საფონდო ბირჟის“ აქტივების 46%-ის დაუფლება შეძლო, ჯამში კი საბანკო სექტორზე, საფონდო ბირჟის 58% მოდის. სწორედ „საქართველოს ბანკის“ 100%-იანი შვილობილი კომპანიის მხრიდან, მუდმივი ზეწოლა მიმდინარეობს სს „კავკას რეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს ჩამოსაშორებლად და საკუთარი მმართველობის დასანიშნად.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი მიზანმიმართულად მოქმედებს იმისთვის, რომ მთელი საფინანსო სექტორი, მისი კომპანიის ქვეშ გაერთიანდეს, ეს კი ნათელი მაგალითია უკვე არსებული მონოპოლისტის, კიდევ უფრო გამსხვილებისა, რაზეც, ოფიციალური სტრუქტურები სამწუხაროდ დუმან.

საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარება, ამ რეალობიდან გამომდინარე უპერსპექტივოა, რადგან ის ძირითადი მახასიათებლები, რაც წარმატებულ კაპიტალის ბაზრებს აქვთ, ჩვენთან არ არსებობს. მაგალითად გამჭვირვალობა, რაც ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ინვესტორს ეცოდინება, რომ ყველა კომპანია, რომლებიც საჭიროა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისთვის, იქნება ერთი ბანკის შვილობილი კომპანიები, რა თქმა უნდა. მისი ნდობა იქნება დაბალი. არანაკლებ მნიშვნელოვანი, ცენტრალურობა, რაც როგორც წესი, საფუძველია, კაპიტალის ბაზრის გამართულად ფუნქციონირებისა, ვინაიდან როდესაც ფასიანი ქაღალდების პოტენციური მყიდველები და გამყიდველები ხვდებიან ერთმანეთს ერთ ადგილზე, ეს ქმნის ფასწარმოქმნისთვის ეფექტურ გარემოს და უზრუნველყოფს ყველა მონაწილის წვდომის თანაბარ უფლებას, რაც მოცემულ ეტაპზე ასე არ არის, რადგან წინა ხელისუფლებამ, „საქართველოს ბანკის“ ლობირებით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად საფონდო ბირჟაზე ტნაზაქციების განხორციელების ვალდებულება გააუქმა, რამაც ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის გაუმჭვირვალე გარემოში გადანაცვლება განაპირობა და საფონდო ბირჟის ფუნქციონირების პრაქტიკულად გაჩერება.

მოცემულ ეტაპზე კი რეალობა ასეთია, „საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი, ოპტიმისტური ეკონომიკური პროგნოზების გაკეთებით, ცდილობს მოქმედი ხელისუფლების, ასევე ბიძინა ივანიშილის გულის მოგებას, საუბრობს არ არსებული ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარებაზე, რეალურად კი ცდილობს, საკუთარი ბიზნესის ლობირებას იმგავარდ, რომ სხვას არ მიეცეს განვითარების შესაძლებლობა“ – აცხადებს შოთა გულბანი.