„აფბა“: საგზაო დეპარტამენტი ჩინური „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს!

19.02.2018 | ნანახია 937-ჯერ



„აფბა“: საგზაო დეპარტამენტი  ჩინური „სინოჰიდროს“ თაობაზე დასკვნას არ ასაჯაროვებს!

ჩინური სინოჰიდროს დარღვევებზე და გზების უხარისხო მშენებლობაზე საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე საზოგადოებას ამა წლის 29 იანვარს შეპირდა, რომ სინოჰიდროს საქმიანობის თაობაზე დასკვნას 1 კვირაში გამოაქვყნებდა. თუმცა, უკვე 20 დღეზე მეტი გავიდა და საგზაო დეპარტამენტიდან არანაირი გამოხმაურება არ ისმის.

საკითხი ეხება, ჩინური კომპანია სინოჰიდროს მიერ საქართველოში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების მშენებლობის პროცესში არსებულ უხეშ დარღვევებს და უხარისხო მშენებლობას, რის გამოც უკვე აშენებული გზების დიდი ნაწილი თავიდან ითხოვს რემონტს და მშენებარე გზებზე კი ექსპერტიზის არგავლის გამო, ხდება ხიდებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის ჩატეხვა, ჭაობში ჩაძირვა და ადგილობრივი მოსახლეობის მოწყვეტა მათი ყანებიდან და საძოვრებიდან.

საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას შეცდომაში შეყავს საზოგადოება და არ აწვდის საქართველოს მოსახლეობას ინფორმაციას საგზაო ინფრასტრუქტურაში დახარჯული ასობით მილიონი და შეიძლება ითქვას, მილიარდობით ლარის ხარჯვის მიზანშეწონილებაზე.

ამის ნათელი მაგალითია, გიორგი სეთურიძის დაპირების არშესრულება.

„აფბა“-ს მიმართვის მიუხედავად, საგზაო დეპარტამენტის მხრიდან არ ყოფილა მოწოდებული სატენდერო პირობების ცვლილების მიზეზები, პროექტის შეცვლის დასაბუთება ექსერტიზის მხრიდან და დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებდა, რომ ახალი პროექტის მიხედვით მშენებლობაზე არსებობდა ეკონომიკის სამინისტროს სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ნებართვა ან თანხმობა.

საგზაო დეპარტამენტის მხრიდან ჩვენს გამოთხოვილ ინფორმაციაზე მოწოდებულ დოკუმენტაციაში ნათლად ჩანს, რომ ახალი პროექტით გზების მშენებლობა რამდენიმე მილიონი ლარით ნაკლები ჯდება, თუმცა მშენებლობის დაწყებიდან დღემდე ყველა ოფიციალურ წყაროში, ვიდეოსიუჟეტებსა და საინფორმაციო სააგენტოებში საგზაო დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში, არსად არის ნახსენები თანხების დაზოგვის შესახებ და ყველა ოფიციალური პირი (ინფრასტრუქტურის მინისტრიდან დაწყებული, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობით დამთავრებული) ჯიუტად იმეორებენ სატენდერო  ფასს.

ეს და სხვა ინფორმაციები, რომელიც ამ ბოლო დროს მედიის საშუალებით გავრცელდა და საზოგადოებისთვის ღია გახდა, მათ შორის, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის ინტერვიუდან, გვიჩენს გონივრულ ეჭვს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დაგროვილ პრობლემებს, ვერც საგზაო დეპრტამენტი და ვერც ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტრო ვერ უმკლავდება.

ჩვენ რეკომდენდაციითა და რჩევით მივმართავთ მინისტრ ალავიძეს და საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას ღია და გამჭვირვალე გახადოს ყველა პროცესი, რომელიც დაკავშირებულია გზების მშენებლობასთან, საზოგადოებას გააცნოს ყველა პრობლემა და თავისი გასაჭირი, ღიად გამოქვეყნოს ქობულეთისა და ბათუმის შემოვლითი გზების, სამტრედია-გრიგოლეთის ყველა ლოტის ფინანსური ხარჯვის მაჩვენებლები და ტრანზაქციების ადრესატი ბანკები და კომპანიები, გაასაჯაროოს და დაასაბუთოს ავანსების ვერდაბრუნების პრობლემა, მათ შორის უკრაინული ალტკომისთვის 47 მილიონი ლარის გადარიცხვის საკითხი, რის ამოღებასაც ვერ ახდენს კონტრაჰენტი კომპანიის გაკოტრების გამო.

განსაკუთრებით საინტერესოა, ჩინურ კომპანიებთან ანგარიშსწორების საკითხი. საზოგადოებას კარგად მოეხსენება, რომ ჩინურ კომპანიებს ,,სინოჰიდროს" და ჩინეთის „რკინიგზა 23“-ს უზარმაზარი საბიუჯეტო დავალიანება აქვს. როგორ ახდენს მათთან ანგარიშსწორებას საგზაო დეპატარტამენტი? ხომ არ ხდება საქართველოში რეგისტრირებული წარმომადგენლობის (რომელზეც ფიქსირდება საბიუჯეტო დავალიანება - 23 მილიონი ლარი) გვერდის ავლით სათავო ოფისში თანხების გადარიცხვა?

მოვუწოდებთ საგზაო დეპარტამენტს გაასაჯაროოს ჩინური და ყაზახური კომპანიების მიერ შეცვლილი პროექტები და  წარმოადგინოს ცვლილებების ექსპერტული და ფინანსური დასაბუთება.

იმედს ვიტოვებთ, 1 კვირის ვადაში ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი საქართველოს მოსახლეობას წარუდგენენ სრულ და დეტალურ ანგარიშს იმ მილიარდობით ლარის ხარჯვაზე, რომლის გადამხდელებიც სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები არიან.