ექსპერტებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს

28.07.2011 | ნანახია 727-ჯერ



ექსპერტებმა ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შესახებ იმსჯელეს”თავისუფალი დემოკრატები” და ახალგაზრდა ფინანსისტები ხელისუფლებისგან ევროკავშირისთვის დანაპირების შესრულებას მოითხოვენ 
 
 26 მაისს, სასტუმრო \"ბეტსიში” პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატებისა” და ა/ო ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ბრიფინგი გაიმართა. ხელისუფლებისადმი მათი მიმართვის თაობაზე `მრგვალ მაგიდასთან~ ეკონომიკის ექსპერტებმა იმსჯელეს.
”თავისუფალმა დემოკრატებმა” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ” მიმართეს ხელისუფლებას, რომ შესარულოს ევროკავშირის წინაშე აღებული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ჩამოაყალიბოს სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური მარეგულირებელი ორგანო.
`ევროკავშირი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების წინაპირობად საქართველოსგან გარკვეული რეკომენდაციების შესრულებას ითხოვს, რომელთაგან მთავარი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შექმნა და ამოქმედებაა~, - აღინიშნა შეკრებაზე.
ექსპერტების შეფასებით, საქართველოში თითქმის ყველა სფეროში არსებობს ფარული მონოპოლიები და ოლიგოპოლიები. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით 2010 წელს საქართველოს მთლიანი ბიზნესის ბრუნვაში, მცირე და საშუალო ბიზნესს 15%-იანი წილი უჭირავს. ეს მაშინ, როცა 2000 წელს მხოლოდ მცირე ბიზნესზე 33%-ი მოდიოდა. აღნიშნული მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ბაზრებზე კონკურენციის დონე საგრძნობლად - თითქმის 2,5-ჯერ შემცირდა, რაც პირველ რიგში მომხმარებლისთვის პროდუქტებზე მაღალ ფასებსა და პროდუქციის დაბალი ხარისხით გამოიხატება. რაც შეეხება განვითარებულ ქვეყნებს გერმანიაში მცირე და საშუალო ბიზნესის ბრუნვა მთლიანად ბიზნესის 40%-ს აღემატება, ხოლო დიდ ბრიტანეთში 60%-ს შეადგენს.
საზოგადოებაში ხდება იმ აზრის პროპაგანდირება, რომ ანტიმონოპოლიური უწყება კერძო ბიზნესის შეზღუდვით იქნება დაკავებული, რაც არასწორი მიდგომაა. განვითარებული ეკონომიკის მქონე დიდ თუ პატარა ქვეყნებში ანტიმონოპოლიური ორგანოების მთავარი ფუნქცია სახელმწიფოს ბიზნესში ჩაურევლობის უზრუნველყოფაა, რადგან სწორედ სახელმწიფო აპარატია ის ძალა, რომელიც ამა თუ იმ მეწარმეს უპირატეს მდგომარეობაში აყენებს კონკურენტთან შედარებით, რაც იწვევს კიდეც ამ ფირმის მიერ ბაზრის მონოპოლიზებას და მოსახლეობისთვის არაადეკვატურად მაღალი ფასის შეთავაზებას მის მიერ წარმოებულ პროდუქციაზე.
`თავისუფალი დემოკრატები” და ”ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია” მივმართავთ ხელისუფლებას, რათა მან დროულად შეასრულოს ევროკავშირისთვის და საქართევლოს საზოგადოებისთვის მიცემული დაპირება, აღადგინოს ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და ანტიმონოპოლიური უწყება, იმ ფორმით, როგორც ეს ევროკავშირისა და ცივილიზებული სამყაროს მოწინავე ქვეყნებშია მიღებული. მთავრობის უმოქმედობა გვაფიქრებინებს, რომ სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შეუქმნელობით, ხელისუფლება ქვეყანაში არსებული მონოპოლიების ფარულ მხარაჭერას ეწევა. ასევე, ცდილობს შეცვალოს საქართველოს ევროპული განვითარების ვექტორი და ქვეყანაში აზიური (სინგაპურული) მართვის მოდელი დაამკვიდროს, რაც არ შეესაბამება საქართველოს და ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებს”, - აღნიშნულია `თავისუფალი დემოკრატებისა~ და აფბას ერთობლივ მიმართვაში.

დავით ონოფრიშვილი - `თავისუფალი დემოკრატების~ ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელი, - `საინტერესოა, როგორ უყურებენ ხელისუფლებაში დღევანდელ ეკონომიკას, იმ კუთხით, რასაც თავისუფალი ბაზარი, კონკურენტუნარიანი გარემო ჰქვია, როცა ფუნქციონირების თანაბარი პირობები აქვთ მცირე და საშუალო ბიზნესს. ხშირად გვესმის მთავრობისგან ლიბერალური და ლიბერტარიანული, რაც კიდევ უფრო მაღალ თავისუფლებას ნიშნავს ბაზარზე, რამდენად რეალურია ეს მდგომარეობა, არიან თუ არა ქვეყანაში მონოპოლისტები და რა ფორმით არიან. რა ფორმით შეიძლება მთავრობას მოვთხოვოთ მთელი რიგი ნაბიჯები, რომ ეს მდგომარეობა გარკვეულწილად გამოსწორდეს, რადგან დროთა განმავლობაში ეკონომიკას მეტი პრობლემები შეექმნება. 
ანტომონოპოლიური კანონმდებლობა ჯერ კიდევ 1996 წელს იქნა მიღებული და ჩვენი კანონმდებლობის ევროკავშირთან ჰარმონიზაციის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. ევროპელი და ამერიკელი ექსპერტები თვლიდნენ, რომ როდესაც ქვეყანაში ჩამოუყალიბებელი ბაზარი არსებობს ამ კანონმდებლობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. კანონში გაწერილი იყო ბაზრის ანალიზი, არსებული მდგომარეობის შეფასება, პირდაპირ არ ყოფილა მითითებული, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური რამეს ხელს შეუშლიდა და ჩაერეოდა ბიზნესის საქმიანობაში. კანონიც და ანტომონოპოლიური სამსახურიც 2005 წელს გააუქმეს და აქედან დაიწყო ამ პროცესის მიშვება. ამ ნაბიჯმა ეკონომიკას დიდი ზიანი მიაყენა და დღეს ამის შედეგს ვიმკით. დღეს საქართველოში თავისუფალ საბაზრო კონკურენციაზე საუბარი არაა, მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ძალიან შეზღუდულია, თუ რამდენიმე წლის წინ მშპ-ს წარმოებაში 30% ეკავა, დღეს 15%-ს ფარგლებშია. ნებისმიერ ქვეყანაში სადაც არსებობს ანტომონოპოლიური სამსახური ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად მაღალია”.

მერაბ ჯანიაშვილი - აფბას პრეზიდენტი, - `ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წაყენებული ოთხი მოთხოვნიდან ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თუ ჩვენი ქვეყანა არ შეასრულებს ამ მოთხოვნას, ევროკავშირი უარს იტყვის საქართველოსთან თავუსუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე. არადა ქართული ეკონომიკის განვითარებისთვის ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია. თავი, რომ დავანებოთ ევროგაერთიანების მოთხოვნებს, საქართველოს ბაზრებზე არსებული დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანაში მწვავედ დგას კონკურენციის ნაკლებობა. საკმაოდ ბევრია, კომპანიების მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების ფაქტები. ყველაფერ ამას კი დამოუკიდებელი ანტიმონოპოლიური სამსახური ჭირდება. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენას აპირებს, მაგრამ ამგვარი ნაბიჯები ჯერჯერობით არ გადაუდგამს”. 

ქეთი ლაფაჩი - ანტიმონოპოლიური სამსახურის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, - `საქართველოში ხშირად წარმოდგენა აქვთ, რომ კონკურენციული კანონმდებლობა ბიზნესის დამაბრკოლებელი მოვლენა იქნება. არადა, ნებისმიერი განვითარებული ქვეყნის პრიორიტეტს წარმოადგენს გააჯანსაღოს ასეთი კანონმდებლობაც და სტრუქტურებიც. კონკურენციული კანონმდებლობის არსი, ნებისმიერ ქვეყანაში კონკურენციულ პოლიტიკას გულისხმობს, ნებისმიერი ანტიკონკურენტული ქმედების დაუშვებლობას. შეიძლება ეს ხდებოდეს როგორც მთავრობების, ასევე კერძო ბიზნესების მხრიდან, მაგალითად როგორიცაა კარტელური გარიგებები. კონკურენციული კანონის მიზანია კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობა მიუხედავად იმისა, ვისი მხრიდან იქნება ეს განხორციელებული. არც ერთი ნორმალური კანონმდებლობა მონოპოლიურ მდგომარეობას არ კრძალავს, რომელიც შეიძლება თქვენი წარმატებული სტრატეგიით მოიპოვოთ. უბრალოდ არის გარკვეულ ქმედებათა ჩამონათვალი, რომელიც გარკვეული მონიტორინგის ქვეშ ექცევა. სჭირდება თუ არა საქართველოს ასეთი პოლიტიკა? მიდგომა ასეთია, ერთია მიზანშეწონილობა, გვჭირდება თუ არა ასეთი პოლიტიკა და მეორე, როგორ განვახორციელოთ ეს პოლიტიკა, მაგრამ მის განხორციელებაში თუ რამე ხარვეზებია უნდა მოხდეს სრულყოფა. არის სფეროები, სადაც კონკურენცია საკმაოდ დასაბუთებულადაა შეზღუდული, ამ შემთხვევაში ბუნებრივი მონოპოლიებისკენ მივდივართ. კონკურენციული კანონმდებლობა თამაშის წესებს ადგენს, იმ წესების მოთამაშე ბიზნესებისთვის ეს არის თავისუფლების გარანტი და მიზანია ის, რომ არ დაუშვას კონკურენციის დაუსაბუთებელი შეზღუდვა, დისკრიმინაცია და დომინირებული მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება. მთავარი პრობლემა კი არის აღსრულების პრობლემა~.

დემურ გიორხელიძე - ეკონომიკის ექსპერტი, - `კონკურენცია დასავლური ცივილიზაციის ძალიან მნიშვნელოვანი მიგნებაა. მეორე, საკუთრების უფლებაა, რომელიც საქართველოში სრულიად იგნორირებულია. შესაბამისად, დასავლური ცივილიზაციის ფუნდამენტი, რომლისკენაც ჩვენ მივდივართ იგნორირებულია. ქვეყანაში, სადაც ინსტიტუტები არაა და საბაზრო ეკონომიკას და დემოკრატიას მხოლოდ ინსტიტუტები უზრუნველყოფენ, ხდება ის, რაც ხდება საქართველოში, მყარდება ძლიერის კანონი, ძლიერი ხელისუფლების მხრიდან დანიშნული ჯგუფები ამყარებენ თავიანთ კანონებს, საქართველო კი არის კლასიკური მაგალითი კარტერული გარიგებების. ჩვენ ლეგალურ სფეროში, თავისუფალი საქმიანობაში თანაბარი და კანონით დაშვებული უნდა ვიყოთ, ჩვენ არ შეიძლება უკმაყოფილო ვიყოთ იმით, რომ დღეს ბიზნესი დავიწყეთ და ვერ ვუგებთ `ნატახტარს~ ან `ყაზბეგს~. 
საბანკო სისტემა საქართველოში ფაქტობრივად არ არსებობს, ამიტომ შეუძლებელია ასეთ საბანკო პირობებში ფუნქციონირებდეს ეკონომიკა, რადგან ბიზნესისთვის ბიზნესკრედიტი მიუწვდომელია, რაიმე წარმატებული საქმიანობის განხორციელება კი საშიში. 
ასევე, ქვეყანაში სასამართლო სისტემა თუ არ არსებობს საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირებაზე საუბარი წყლის ნაყვაა. მე მინდა გითხრათ, რომ მომავალ წელს საქართველო ეკონომიკურად გაცილებით ცუდ მდგომარეობაში იქნება, ვიდრე დღეს არის. ხელისუფლების მიერ გატარებულმა რეფორმებმა ჩადო განუკითხაობა, ამას კი მხოლოდ ხელისუფლების მიერ პრივილეგირებული ჯგუფი იმკის. ხელისუფლებას ჰყავს საქართველოში უდიდესი მტერი, ეს არის საქართველოს ეკონომიკისა და ფინანსების მდგომარეობა~.

ვაჟა ბერიძე - ფბას დამფუძნებელი, - `ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა უნდა აღდგეს და შეიქმნას სრულფასოვანი ანტიმონოპოლიური უწყება. ასეთია ევროკავშირის მოთხოვნა და იგი უნდა შესრულდეს. მხოლოდ ვერა ქობალიას განცხადებები, რომ ევროკავშირისკენ მივდივართ, არ არის დამაჯერებელი არგუმენტი არც ჩემთვის და ვფიქრობ, ქ-ნ ვერას მხოლოდ სიტყვაზე არც ევროკავშირი ენდობა. რაც შეეხება მანიპულაციებს, რომ ხელისუფლება შექმნის რაღაც სამკაციან უფუნქციო სამმართველოს და მას `თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს~ დაარქმევს, ამას უკვე არავინ დაგვიჯერებს. იქაც `დასავლეთშიც~ მიეჩვიენ, რომ ჩვენი მთავრობის სიტყვა ერთია, საქმე სხვა. მაშასადმე, არის მოთხოვნა და იგი ჩვენმა მთავრობამ უნდა შეასრულოს. სხვა საკითხია ბიზნესის თავისუფლების, ფარული მონოპოლიების თემა. ამ თემასთან დაკავშირებით საკამათო არაფერია. ხელისუფლება ქმნის `სახელმწიფო კაპიტალიზმის~ საკმაოდ ორიგინალურ ნაირსახეობას და არჩევანი პოლიტიკურ ისტებლიშმენტზეა. რახან ხალხს არავინ ეკითხება, ვინც თავს ხელისუფლებას და ოპოზიციას უწოდებს, უნდა გააკეთოს პოლიტიკური არჩევანი – სინგაპურის მოდელსა და ევროკავშირის მოდელს შორის. როგორც წყალი და ზეთი ერთმანეთს არ ერევა, ისე ეს ორი მოდელია აბსოლუტურად არათავსებადია, თუმცა ერთმა შეიძლება მეორისგან რაღაც ელემენტები აიღოს. ამიტომ, მივდიოდეთ ევროპისკენ და არ გვქონდეს ანტიმონოპოლიური რეგულირება, რეფორმირებული სტატისტიკური უწყება, ცივილიზებული შრომის კოდექსი და სურსათის უვნებლობის შესაბამისი ნორმები, წარმოუდგენელია.~

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ეკონომიკის ექსპერტი, - `ძალიან კარგია თუ ჩვენ აღვადგენთ ანტიმონოპოლიურ სამსახურს. მე მიკვირს, თქვენ რომ გიკვირთ, რომ ანტიმონოპოლიური სამსახურის აღდგენა არ უნდათ. ცხადია, არსებობს რამდენიმე მონოპოლიური ჯგუფი, რომლებიც ლიბერტარიანულ ბიზნესს ახორციელებენ საქართველოში და ეს ანტიმონოპოლიური სამსახური გამდიდრებაში შეუშლით ხელს. მთელი საშუალო და მცირე ბიზნესი მიმართულია იმისკენ, რომ შემოიტანონ თურქეთიდან იაფი პროდუქცია და გაყიდონ აქ ძალიან ძვირად, ეს იმიტომ რომ საქართველოში არაფერი არ იწარმოება.
ანტიმონოპოლიურ სამსახურთან გვერდით თქვენ თუ არ დააყენეთ ლიცენზირების კანონი, არაფერი არ გამოვა. მეორე, რაც საქართველოში ნებისმიერი ბიზნესის განვითარებას ხელს უშლის, არის ხელოვნურად შენარჩუნებული მაღალი ფასები. იმის მაგივრად, რომ ლიბერალიზმისკენ მივდიოდეთ, ჩვენ მივდივართ ბიზნესის შეზღუდვისკენ. 
მართალია ჩვენ დღეს ვამაყობთ, რომ პოლიცია ქრთამს არ იღებს, მაგრამ ინსტიტუციონალური კორუფცია არანახულ სიმაღლეზე ავიდა, შენ ვერავითარ საქმეს ვერ გააკეთებ, თუ მთავრობასთან რაღაც დონეზე არ ხარ შეკრული. აი, ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს.~

ნოდარ კაპანაძე - ეკონომიკის ექსპერტი, - `ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ანტიმონოპოლიური პროცესის გამჭვირვალობის პორბლემაა და ჩვენ საზოგადოებაში ანალიტიკური მუშაობის ძალიან დიდი დეფიციტია. ანტიმონოპოლიურ სამსახურთან ერთად, პარალელური საკითხი ინფორმაციის გამჭვირვალობა და ინფორმაციაზე მისაწვდომობაა~. 

ლევან კალანდაძე - ეკონომიკის ექსპრეტი, - `საქართველოში ეკონომიკა, როგორც ასეთი საბოლოო ჯამში არ არის ჩამოყალიბებული, აქ არის გარკვეული პრეფერენცირებულ მდგომარეობაში მყოფი ბიზნეს ელიტების ბიზნეს-აქტივობა, ეს, საბოლოო ჯამში, არ არის ეკონომიკა და არის ბიზნეს საქმიანობა. მოლოდინი, რომ ხელისუფლება ჩამოაყალიბებს გარკვეულ ანტიმონოპოლიურ რეგულაციას ამასთან დაკავშირებით არ მაქვს. ის, რომ კანონი შეიცვალოს და მოლოდინი საზოგადოებისა ამას დაეფუძნოს, ცოტა ზედმეტად ოპტიმისტურია~. 

სოსო არჩვაძე - ეკონომიკის ექსპერტი - `საქართველოში მონოპოლიზმს თითქმის ყველა სფეროში ვაწყდებით. მონოპოლიზმს აქვს თავისი ფასი, რომელსაც იხდის საზოგადოება. ჩვენი მოსახლეობა დაახლოებით მილიარდ ნახევარზე, ორ მილიარდ ლარზე ზედმეტ თანხას იხდის, იმასთან შედარებით ქვეყანაში რომ დარეგულირებული იყოს მდგომარეობა და მონოპოლიზმს არ ჰქონდეს ადგილი. ჩვენ უკვე მონოპოლიზმის წყალობით გავუსწარით აშშ-ს ბევრი სამომხმარებლო საქონლის ფასით. ჩვენ იმისათვის გვინდა ვებრძოლოთ მონოპოლიზმს, რომ იყოს სამართლიანობა, იყოს მოთხოვნა-მიწოდების სამართლებრივი ფასწარმოქმნა და არა რომელიმე მონოპოლისტური გაერთიანების ან ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე~. 

მიხეილ დუნდუა - კონომიკის ექსპერტი -`კონკურენციასთან და ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობასთან ერთად უნდა განვიხილოთ ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სტანდარტიზაცია, ეროვნული სტანდარტი. პრობლემაა, ასევე კორპორაციული მართვა, ძალიან მარტივად ხდება მონოპოლიური მდგომარეობის `გადამალვა~ კორპორაციულ მართვაში. 

ირაკლი ლექვინაძე - ეონომიკის ექსპერტი - `საქართველოში მონოპოლიები თითქმის ყველა სფეროში არსებობს, ეს ყველამ კარგად ვიცით. არის ერთი გენერალური ხაზი, რომელიც არის ხელისუფლების პოლიტიკა, რომლის ირგვლივაც არის ეს ბიზნესები და თუ იქ გენერალურ ხაზში და პოლიტიკურ მიდგომაში არ მოხდა გარკვეული ცვლილება, ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნაზე საუბარი ზედმეტია. მთავარია ნება, თორემ როგორი უნდა იყოს შემდეგ ანტიმონოპოლიური ორგანო, ეს უკვე ტექნიკის საკითხია. ეკონომიკა კი ამ მონოპოლიების შედეგად იკუმშება და იფიტება.