გიორგი სეთურიძის დეკლარაციის მოკვლევას საჯარო სამსახურის ბიურო დაიწყებს

23.02.2018 | ნანახია 1374-ჯერ



გიორგი სეთურიძის დეკლარაციის მოკვლევას საჯარო სამსახურის ბიურო დაიწყებს

აფბა“-მ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დეკლარაციაში რუსული კომპანიის დირექტორობის დამალვის ფაქტზე  საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“-მ გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი სეთურიძის მიერ დეკლარაციაში რუსული კომპანიის დირექტორად ყოფნის ფაქტის დამალვასთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართა.

საქმე ეხება „აფბა“-ს კვლევას, რომლის მიხედვითაც ორგანიზაციის მიერ შესწავლის საგანია საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივი და ეკონომიკური ასპექტები. მათ შორის ინფრასტრუქტურის სამინისტროში და საგზაო დეპარტამენტში დასაქმებული პირების დეკლარაციები, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა, რომ გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი სეთურიძემ რუსული კომპანიის დირექტორობა დეკლარაციაში დამალა. 

როგორც აღმოჩნდა გიორგი სეთურიძე შპს „საქართველო-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის ცენტრის“ დირექტორი 2012 წლის 22 ნოემბრიდან 2016 წლის 9 მარტამდე იყო. საჯარო რეესტრის ინფორმაციით, თავდაპირველად ამ კომპანიის დასახელება იყო შპს აგრო კონსალტინგ გრუპი (დაფუძნდა 2010 წელს). კომპანია დააფუძნა შპს „საერთაშორისო ინვესტიციების საკოორდინაციო ცენტრმა“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელიც გიორგი სეთურიძეა.

ორგანიზაციისთვის გაუგებარია, თუ რატომ და როგორ არ მოხვდა და რა მიზეზით დამალა გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ რუსული კომპანიის დირექტორობა. მითუმეტეს, როდესაც ამ კომპანიის შექმნისა და საქმიანობის შემდგომი მიმართულებებიც, რომელიც ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ხელშეწყობას გულისხმობდა,  ფრიად მისასალმებელი იყო.

ვფიქრობთ, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჯარო სამსახურის ბიუროს რეაგირება მნიშვნელოვანია, რათა შემდგომში საჯარო სამსახურებში დასაქმებული მაღალი რანგის ჩინოვნიკების საქმიანობა იყოს გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი.