აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს

7.05.2020 | ნანახია 1254-ჯერ



აფბა მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკის გახსნის ტემპი დააჩქაროს

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“ ეხმაურება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეკონომიკის გახსნის გეგმას და მთავრობას მოუწოდებს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები უფრო სწრაფი ტემპით მოიხსნას.  

დღეს, კერძო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები გადამეტებულია და ვერ პასუხობს იმ რეალობას, რომელიც ქვეყნის შიგნით არსებობს. ამას ცხადყოფს ვირუსის გავრცელების უკანასკნელი დინამიკაც, რომელიც აშკარად კლებითი დინამიკით ხასიათდება და ის უკვე ჩამოუვარდება  გამოჯანმრთელებულ ადამიანთა რაოდენობას. არსებულ რეალობაში, „აფბა“ შეზღუდვების დიდი ნაწილის საჭიროებას ვერ ხედავს.

კერძოდ, სრულიად გაუგებარია რატომ არ უქმდება ე.წ. კომენდანტის საათი. ასევე, საზოგადოებისა და ბიზნესისთვის არავის განუმარტავს ამ რეგულაციის აუცილებლობა და და ეს მაშინ, როდესაც  აღნიშნული რეგულაცია მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის კერძო სექტორს და კიდევ უფრო ანელებს ფაქტობრივად დაპაუზებულ ეკონომიკას.

საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ ეკონომიკის სწრაფი ტემპით გახსნის შემთხვევაში  მეტ ეკონომიკურ თავისუფლებას მივცემთ იმ თვითდასაქმებულებს, რომელთაც სახელმწიფო ვერ სთავაზობს ღირსეულ კომპენსაციას. რაც თავის მხრივ, ნაწილობრივ დააკომპენსირებს იმ დახმარების სიმწირეს, რომელსაც ერთჯერადად გასცემს სახელმწიფო.

„აფბა“ მთავრობას მოუწოდებს ეკონომიკური სექტორების გახსნა იყოს უფრო მოქნილი და თანმიმდევრული, რათა არ მოხდეს მომიჯნავე სექტორების არათანმიმდევრული გახსნა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად შეანელებს ამ სექტორების მუშაობის ტემპების აღდგენას.

 

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთას ასოციაცია“ მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გახსნას ის სარეალიზაციო ობიექტები და სექტორები, რომლებიც მჭიდრო კავშირში არიან უკვე გახსნილ და ამუშავებულ სექტორებთან. ასევე „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას მოხსნას შეზღუდვა სარეკრეაციო დასასვენებელ სკვერებზე და ღია ტიპის კეფე- რესტორნებზე.  

ასევე „აფბა“ მოუწოდებს მთავრობას, გადახედოს ეკონომიკის გახსნის ექვს ეტაპიან გეგმას, დაგეგმილზე უფრო სწრაფი ტემპით მოხდეს ეკონომიკის გახსნის პროცესი და იგი მოერგოს ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისა და კერძო სექტორისთვის. „აფბა“-ში მიგვაჩნია, რომ ეკონომიკის გახსნის მთავრობისეული გეგმა ვერ პასუხობს არსებულ რეალობას, კიდევ უფრო ართულებს ეკონომიკურ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად ძაბავს ისედაც მძიმე სოციალურ ფონს.