არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია პრემიერ მინისტრს

4.09.2013 | ნანახია 2058-ჯერ



არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია პრემიერ მინისტრსარასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი პრემიერ-მინისტრს სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის სპეციალური ფონდის შექმნას სთავაზობენ. როგორც for.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, არ შეიძლება სამოქალაქო სექტორი გაიგივედებოდეს მხოლოდ ორ ან სამ ორგანიზაციასთან. უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით, არ შეიძლება საქართველოში მოქმედმა ფონდებმა მხოლოდ მათ ფინანსურ გაძლიერებაზე იმუშავონ და არ მისცენ საშუალება სხვებს ამ კუთხით განვითარებისა.

„ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილი ადასტურებდა თავის მხარდაჭერას არასამთავრობო სექტორის მიმართ და ეს პოზიცია დაფიქსირებულია ბოლო განცხადებაშიც. ბატონო პრემიერო, თუკი თქვენ მართლა გსურთ ახალი სახეები ამ სექტორში, მაშინ მოგიწოდებთ კონკრეტული ნაბიჯები გადადგათ ამ მიმართულებით. ჩვენი წინადადებაა, რომ თქვენი დახმარებით შეიქმნას სერიოზული ფონდი, რომელიც გასცემს გრანტებს სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის. ამის გარეშე დღეს საუბარი სამოქალაქო სექტორში ახალ სახეებზე და ახალ იდეებზე პოპულიზმია და სხვა არაფერი\", - აცხადებს მჟავანაძე.

როგორც უფლედამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე აცხადებს, ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას გააჩნია ქვეყნისათვის საინტერესო და საჭირო პროექტები, რომელიც სწორედ ფინანსების არქონის გამო ვერ ხორციელდება.

„სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს არასამთვარობო ორგანიზაციები გრანტიჭამიებად უფრო აღიქმებიან, ვიდრე საქმის მკეთებელ ორგანიზაციებად, რასაც სამწუხაროდ საქართველოში მოქმედი ფონდებიც ხელს უწყობენ, ამიტომ გეთანხმებით იმაში რომ როგორც პოლიტიკაში, ასევე ამ სექტორშიც ახალი ხალხი და ახალი ორგანიზაციები საჭიროა, რათა სექტორი ჩასაფრებულის პოზიციიდან გამოვიდეს და საზოგადოებას მისთვის აუცილებელი საინტერესესო გეგმები შესთავაზოს.

როდესაც შენ გარკვეული პროექტს შეიტან იმ ფონდში და ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, დაუსაბუთებლად გეტყვიან, რომ ეს პროექტი არ აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ეს არის გაუგებარი. სამი ორგანიზაციაა მხოლოდ წარმოდგენილი და მათ გარდა დაფინანსება არსად არ მიდის. ამ დროს პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული სხვა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

ახალი სახეების წარმოჩენაზე, რომელზეც საუბარია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, ჩვენ ვერ ვხედავთ ამას, პოლიტიკური სპექტრი არის ერთი და იგივე, სამოქალაქო სექტორიც 10 წელია იგივეა. რეალურად ახალი სახეებისა და ორგანიზაციების წარმოჩენის შესაძლებლობას ვერ იძლევა ეს ფონდები\", - აცხადებს ნიკოლოზ მჟავანაძე.

ა-ო „აფბას\" პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე კი თვლის, რომ თუ არასამთავრობო სექტორის რეალური მხარდაჭერა არის მოქმედი პრემიერის მართლაც მიზანი და მართლაც სურს ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა, აუცილებელია, რომ შეიქმნას ფონდი რომელსაც ის უხელმძღვანელებს.

„ეს ფონდი იზრუნებს უკვე არა მყარად განვითარებული ორგანიზაციების განვითარებაზე, არამედ არასამთვრობო სექტორის იმ ნაწილის განვითრებაზე, რომელიც, პირველ რიგში, საჭიროებს ფინანსურ ხელშეწყობას, გრანტების სახით. თუ ეს მიმართულება განვითარდება და ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ეს იქნება ძალიან სერიოზული ხელშეწყობა არასამთვრობო სექტორის და სამოქალაქო სექტორის განვითარების კუთხით\", - აღნიშნა ნოდარ ჭიჭინაძემ.

პრემიერის მიდგომას სრულად იზიარებენ ა-ო „ახალგაზრდა ადვოკატები\", როგორც სოფიო ლეჟავა აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის განცხადება, ვინაიდან სამოქალაქო საზოგადოების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო შედგეს.

„ჩვენს მხრიდან, არასამთავრობო ორგანიზაციები ვთავაზობთ პრემიერ მინისტრს, რომ შეიქმნას ფონდები, რომელიც გააძლიერებს არასამთავრობო სექტორს და ეს არ იქნება რაღაცა მოჯადოებული წრე, როდესაც მხოლოდ ერთი და იგივე ორგანიზაციები ფინანსდებიან. არამედ ეს იქნება საკმაოდ მოქნილი. პრემიერ მინისტრის განცხადებაშიც იყო ნათქვამი, რომ ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ადამინების გამოვლენას საზოგადოებაში, ეს ყველაფერი უნდა იყოს მიმართული იქითკენ, რომ მეტი კონტროლი შეიქმნას სახელმწიფოს მიმართ, რათა გამჭვირვალე იქნას მათი საქმიანობა\", - აცხადებს სოფიო ლეჟავა.